თაკო მათეშვილი
02.09.2016

მიუხედავად იმისა, რომ, ბოლო თვეების კვლევების მიხედვით, პარტია "ქართული ოცნების" რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, პოლიტოლოგებისა და სოციოლოგების ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილის თამამ პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად "ოცნება" პარლამენტში 100 დეპუტატით შევა.

 ამბობენ, რომ რეიტინგი, რომელსაც ესა თუ ის პარტია წინასაარჩევნო კვლევებში აჩვენებს, მხოლოდ პროპორციულ სიას ეხება და არა - მაჟორიტარებს, რადგან, მაჟორიტარების შემთხვევაში ხალხი არჩევანს სხვაგვარი, გათვლებით აკეთებს. ანუ, შეიძლება ადამიანს არ მოსწონდეს ესა თუ ის პარტია და მას მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ მის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარს ხმა მაინც მისცეს.

ამგვარი უცნაურობა, სპეციალისტების თქმით, იმის გამო ხდება, რომ პარტიები მაჟორიტარებად ისეთ ადამიანებს არჩევენ, რომლებიც კონკრეტული რაიონის მოსახლეობაში ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობენ, ცნობილები არიან და ა.შ.

შედეგად, ვარაუდობენ, რომ "ოცნების" მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარებიდან გამარჯვებას უმეტესობა მოიპოვებს, მათ პროპორციული სიით გასული კანდიდატების მინიმუმ 35%-იც დაემატება და საბოლოო ჯამში, შესაძლებლად მიიჩნევენ, რომ "ოცნებამ" მომავალ პარლამენტში მართლაც შეძლოს 100 და შესაძლოა, უფრო მეტი მანდატის მოპოვებაც კი.

პოლიტოლოგების მეორე ნაწილი კი მომავალ პარლამენტში "ოცნების" ამდენი წარმომადგენლის ყოფნას შეუძლებლად მიიჩნევს, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა სახელისუფლებო პარტიის მთავარი კოზირია და მის გარეშე უმრავლესობის მოპოვებაც კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე.

100 დეპუტატი პარლამენტში

ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 3 თვის წინანდელ შეხვედრაზე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ "ოცნებიდან" პარლამენტში 95 დეპუტატის შეყვანას ვარაუდობდა. გუშინდელ შეხვედრაზე მან ეს რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა და 100 მანდატის მოპოვება ივარაუდა.

როგორც ივანიშვილმა ბათუმში, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ვერ წარმოუდგენია, პარლამენტში "ქართული ოცნებიდან" 90-ზე ნაკლები დეპუტატი შევიდეს.

"ოდესღაც მე ვთქვი, რომ 95 დეპუტატი იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ საშუალოდ 100 დეპუტატი იქნება "ქართული ოცნებიდან". უფრო ნაკლებად წარმომიდგენია, პარლამენტში "ქართული ოცნებიდან" იყოს 90 დეპუტატი, ვიდრე - 115," - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილს პროგნოზს "ოცნებაშიც" დაეთანხმნენ და ისიც დასძინეს, რომ 100 იმ მანდატების მინიმალური რაოდენობაა, რის აღებასაც პარტია ოქტომბრის არჩევნებში გეგმავს.

"საპარტნიორო ფონდის" თავმჯდომარე დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ მანდატების რაოდენობასთან დაკავშირებით იგივე მოლოდინი აქვს, რაც ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს.

"მე ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ბატონი ბიძინას და ჩემი აზრები აქაც ემთხვევა ერთმანეთს. მე, შეიძლება ცოტა უფრო ოპტიმისტი ვარ, თუმცა ჩემს გათვლებში 100-ის ქვემოთ ჩამოსვლას არ ვაპირებ. საპარლამენტო ცხოვრებისა და არჩევნების ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. შესანიშნავად ვგრძნობ იმ სიტუაციას, რაც არის ქვეყანაში, ვინ არის ლიდერი პოლიტიკური ძალა, ვინ ჰყავს ოპონენტები, როგორ შეიძლება გადათამაშდეს ძალები, როგორია განწყობა საზოგადოებაში. ასე, რომ მიმაჩნია, 100 არის მინიმალური ოდენობა მანდატების, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" უნდა აიღოს," - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ამ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ კოალიციიდან ახლად გამოყოფილ რესპუბლიკურ პარტიაში, სადაც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილისადმი ნდობა დაწეულია და ამიტომ "ქართული ოცნების" ავტორიტეტს მისი გააქტიურებაც კი ვერ აამაღლებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ რეალურად "ქართვეული ოცნება" პარლამენტში 100-ზე ბევრად ნაკლები მანდატით იქნება წარმოდგენილი. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება ამასთან დაკავშირებით სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ.

"ბატონ ბიძინას თავისი მოსაზრებები აქვს. ის ამ პარტიის დამფუძნებელი და გულშემატკივარია და ამიტომ მისი ნათქვამი არ ითვლება, ამ შემთხვევაში თავის გუნდზე ლაპარაკობს და არ არის ექსპერტი. ამიტომ, ეს ნაწილი სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. ეს, როგორც ჩანს, სურვილებს უფრო ჰგავს, ვიდრე შეფასებას," - განაცხადა ბერძენიშვილმა.

35% = 100 მანდატს?

დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 150-კაციან პარლამენტში 77 მანდატი პროპორციული წესით მიიღება, ხოლო 73 - მაჟორიტარული წესით. ბოლო თვეებში ჩატარებული კვლევებით და მათ შორის შიდა კვლევებითაც კი, მმართველი პარტიის რეიტინგი საშუალოდ 35%-ს შეადგენს. უხეში გათვლითაც კი ჩანს, რომ 35%-იანი რეიტინგი პროპორციული წესით, 77-დან მხოლოდ 27 მანდატის მიღებას გულისხმობს.

მოგეხსენებათ, მაჟორიტარული წესით არჩევნები მუდმივად ოპოზიციასა და არასამთავრობოების კრიტიკის საგანია. სისტემის გაუქმებას ოპოზიცია წელსაც აქტიურად ითხოვდა, თუმცა მიუხედავად მათი მონდომებისა, ეს მაინც 2020 წლისთვის გადაიდო.

მათი განცხადებით, არც ერთ ხელისუფლებას არ ეთმობა მაჟორიტარული სისტემა სწორედ იმიტომ, რომ ასე ხმებით მანიპულირება ადვილია. შესაძლოა, პარტიას ამომრჩეველი ნაკლებად უჭერდეს მხარს, მაგრამ რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატებიდან თითქმის ყოველთვის სახელისუფლებო იმარჯვებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა თუ სხვა ფაქტორების გამო.   ამ მოსაზრებას პოლიტოლოგებიც ეთანხმებიან.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავა, რომელიც "ოცნების" შიდა კვლევებს ატარებს ხოლმე, ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მას კვლევა აღარ ჩაუტარებია და ამიტომ არ იცის, შეიცვალა თუ არა ოცნების 35%-იანი რეიტინგი.

ვარაუდობს, რომ გაიზრდებოდა, რადგან წინასაარჩევნოდ ჩატარებული სამუშაოს შედეგად ყოველთვის ასე ხდება და არც იმას გამორიცხავს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 1 თვეში იგი კიდევ უფრო გაიზარდოს. ამიტომ ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" პროპორციულ არჩევნებში 50%-მდე აიღებს და მაჟორიტარულ ოლქებშიც საკმაოდ ბევრ მანდატს მოაგროვებს.

"რთული სათქმელია რაოდენობა საბოლოო ჯამში 115 იქნება თუ 110, მაგრამ მისთვის (ივანიშვილს გულისხმობს) შეიძლება იმაზე მეტია ცნობილი, ვიდრე ჩემთვის. ისე, ჟურნალისტები უნდა ჩაეკითხოთ ხოლმე, რა გათვლებს ეფუძვნება მისი ასეთი პროგნოზები," - ამბობს ბიგვავა.

"ოცნების" რეიტინგი რომც არ გაზრდილიყო და კვლავ 35%-ს რომ შეადგენდეს, ბიგვავა ამბობს, რომ ცოტა არც ესაა, რადგან აღნიშნული რეიტინგი მხოლოდ პროპორციულ სიას ეხება და არა მაჟორიტარებს.

თანაც, მისი თქმით, მხედველობაში ისიც უნდა მივიღოთ თუ როგორი რეიტინგი აქვთ სხვა პარტიებს, რა არის მათი მიღწევის მაქსიმუმი და ა.შ.

"ოცნების" მაჟორიტარული სიის შეფასებისას კი იგი ამბობს, რომ მათ ძალიან სერიოზული შანსები აქვთ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ვერ ასახელებს ზუსტ რაოდენობას, თუ რამდენი მათგანი შეძლებს გამარჯვებას, მაგრამ ზოგად ტენდენციაზე გვესაუბრება.

"ტენდენცია კი ისაა, რომ  ივანიშვილმა პარტიული მაჟორიტარული პრინციპით არ იმოქმედა. მან ცოტა სხვა პრინციპით იხელმძღვანელა - თუ ვინაა ამა თუ იმ რეგიონში ლიდერი. ეს ადამიანები ივანიშვილთან წამოვიდნენ და მისი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარები გახდნენ. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და დიდი ალბათობით, გაიმარჯვებენ კიდეც.

"რეგიონებში არჩევნებს ძალიან თავისებური სახე აქვს. ბევრ სიტუაციაში ეს თავისებურება შედეგს განსაზღვრავს. რეგიონის ლიდერები "ქართული ოცნების" წარმომადგენლები რომ არიან, ეს მათი გამარჯვების ალბათობას ძალიან ზრდის," - დასძენს ბიგვავა.

მიუხედავად ამისა, იგი ფიქრობს, რომ მეორე ტური ბევრგან გახდება საჭირო, რადგან ახალი კანონის მიხედვით მაჟორიტარმა პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. თუმცა, მეორე ტურში, მისი თქმით, გაცილებით მეტი ალბათობაა იმის, რომ სახელისეფლებო პარტიის კანდიდატმა მოიგოს.

"ქართული ოცნებიდან" პარლამენტში 100 დეპუტატის შესვლა შეუძლებლად არც პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია. იზიარებს მოსაზრებას, რომ სოციოლოგიური კვლევების მიხედვით ნაჩვენები 35%-იანი რეიტინგი მხოლოდ პროპორციულ სიას ეხება და არა მაჟორიტარულს და თუ მაჟორიტარების უმეტესობა გამარჯვებას შეძლებს, არც იმას გამორიცხავს, რომ "ოცნების" მანდატების რაოდენობამ ასსაც კი გადააჭარბოს.

"მაჟორიტარული არჩევნები ამ კუთხითაცააა სპეციფიკური - პარტია გარკვეულ როლს კი თამაშობს, მაგრამ იმ რეგიონისათვის მაჟორიტარად დასახელებული პიროვნება შეიძლება ცნობილი იყოს, მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ჰქონდეთ და მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, პიროვნებამ ხმების უდიდესი ნაწილი მიიღოს.

"არ ვიცი რამდენი მაჟორიტარი შეიძლება გაიყვანოს. თუ ნახევარი გაიყვანა და პროპორციულითაც 35%-ს მიიღებს, მაშინ არ შეგროვდება იმდენი მანდატი, რამდენსაც ივანიშვილი ვარაუდობს, მაგრამ თუკი მაჟორიტარების უმრავლესობა გაიმარჯვებს, მაშინ ივანიშვილის სიტყვა ნამდვილად შესრულდება.

"ასე რომ, ივანიშვილის მიერ დასახელებული პროგნოზი შეუძლებელი ნამდვილად არაა. ჯერ ერთი, ბრძოლის წინ პროგნოზი ყოველთვის მაქსიმალისტურია, ყველა მაქსიმუმისთვის იბრძვის და არც ამ შემთხვევაშია გასაკვირი, რომ "ქართულ ოცნებას" და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილსაც მაქსიმუმი ჰქონდეს ჩაფიქრებული," - აცხადებს საყვარელიძე.

იმ შემთხვევაში თუკი არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება, თუკი ხელისუფლება მის გაყალბებას არ შეეცდება, თუკი ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებს, ივანიშვილის ვარაუდის ასრულებას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გამორიცხულად მიიჩნევს.

იგი დამღუპველს უწოდებს ივანიშვილის სურვილს პარლამენტში სახელისუფლებო პარტიიდან 100-115 კანდიდატის გაყვანის თაობაზე და ამბობს, რომ ადამიანს, რომელსაც ქვეყანაზე გული შესტკივა და დემოკრატიის განვითარებით დაინტერესებულია, მსგავსი სურვილები არ უნდა ჰქონდეს.

"შეიძლება, "ოცნებას" პარლამენტში უმრავლესობა ჰყავდეს, მაგრამ ოპოზიციაც ღირსეულად უნდა იყოს წარმოდგენილი. ამ სურვილითაც ჩანს, რომ ივანიშვილს ქვეყანაში დე ფაქტო ლიდერის როლის შენარჩუნება უნდა და თავის პიროვნულ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს," - აცხადებს ჩიტაძე.

ის დარწმუნებულია, რომ "ოცნება" მანდატების უმეტესობის მოპოვებას სწორედ მაჟორიტარული სისტემის ხარჯზე შეძლებს და რომ არა ეს წესი, მას ძალიან გაუჭირდებოდა.

ჩიტაძე არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას გამორიცხავს, განაკუთრებით რეგიონებში და ამბობს, რომ "ოცნებაში" ამის მეშვეობითაც შეეცდებიან ხმების მოგროვებას.

"არც ისაა გასაკვირი რეგიონებში სოფლის თავკაცებს გაურიგდნენ და ამ ადამიანებმა ამომრჩეველზე ზემოქმედება მოახდინონ. აი ამ გზით შეიძლება გაიმარჯვონ არჩევნებში, მაჟორიტარულ ოლქებში და უმრავლესობა ამ გზით მოიპოვონ," - დასძენს იგი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×