ლიკა გურაბანიძე
02.09.2016

2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, უკიდურეს სიღარიბეს თავი 500 ათასმა ადამიანმა დააღწია - ამტკიცებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მან გუშინ მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის - "სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში" - შედეგები გაასაჯაროვა.

"ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მთავრობის პოლიტიკა," - განაცხადა ქუმსიშვილმა.

გჯერათ, რომ სიღარიბე შემცირდა? - ამ კითხვით, "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ხალხს რომ ჰკითხო, სიღარიბის შემცირებას არანაირად არ გრძნობენ. იძახონ ამათ და იყვნენ. შესაძლოა, ვიღაცამ კვლევებით თქვას, რომ ხალხში უკეთესობაა, მაგრამ ამას თვითონ ხალხი ვერ გრძნობს? საიდან მოაქვთ ეს კვლევები?! აჭარასა და გურიაში ვიყავი და ვნახე, რომ ხალხი ძალიან გაწვალებულია. ელემენტარულად, ქუჩაში გახვალთ და მიხვდებით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. საზოგადოება ასეთ განცხადებებზე ღიზიანდება იმიტომ, რომ აბსოლუტურად დინების საწინააღმდეგო განცხადებაა.

 

თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ახლა გურიის ერთ-ერთ პატარა სოფელში ვარ და, სიმართლე გითხრათ, ყველა ოჯახს ჰყავს მანქანა, თანაც ორ-ორი. აქ ყველა დასაქმებულია. იმისი თქმა რთულია, რომ სიღარიბე მთელ საქართველოში შემცირდა. შესაძლოა, შემცირდა სიღარიბე, მაგრამ სრულიად აღმოფხვრილი არ არის.

 

 

ნუცა ჯანელიძე (მომღერალი): შემცირებით ნამდვილად შემცირდა. შესაძლოა გაგეცინოთ, მაგრამ ჩემს ოჯახში არავინ მუშაობდა, ახლა კი ოთხი ადამიანი პროფესიის მიხედვით მუშაობს. ქვეყანაში რომ სიღარიბეა, ეს ფაქტია. მე მივიჩნევ, რომ ამ მხრივ წინსვლაა, მაგრამ სიღარიბის სრულიად აღმოფხვრამდე ძალიან დიდი გზაა გასავლელი.

 

 

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი):  ზოგადად სტატისტიკას არასდროს არ ვუჯერებ იმიტომ, რომ ჩემთვის სტატისტიკას მარკეტები წარმოადგენს. როდესაც მარკეტში შევდივარ და იქ ვალების რვეულებს ვხედავ, ზოგან კი წარწრეაა "ნისიად არ გაიცემა", მე ამით ვასკვნი, გვყავს თუ არა ღარიბები. არ მგონია, რომ სიღარიბეს თავი 500 ათასმა ადამიანმა დააღწია.

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): ძალიან მინდა, რომ ასე იყოს, მაგრამ მე არანაირი მონაცემი არ მაქვს და არ ვიცი. მინდა დავუჯერო მინისტრს, ოპტიმისტი ვარ და რადგან ის ამბობს, ალბათ ასეა. ჩემ გარშემო ვერ ვამჩნევ იმას, რომ სიტუაცია გაუარესდა. ვამჩნევ იმას, რომ ხალხი უკეთესად არის, ვიდრე წინა წლებში იყო, შესაძლოა, მეჩვენება. რაღაც პროცენტი თავს უკეთესად გრძნობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×