არაღიარებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დელეგაცია მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაცია სეპარატისტული რეჟიმის პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას ოფიციალურ ვებ-ვერდზე გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ხელმძღვანელობს. მათ მთიანი ყარაბაღის "პრეზიდენტ" ბაკო სააკიანს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო დამოუკიდებლობის 25 წელი მიულოცეს.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ "ფეისბუქში" ფოტოები გაავრცელა, სადაც არაღიარებული სახელმწიფოების დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანიც ფიგურირებს. ფოტოზე აღბეჭდილია მომენტი, როდესაც ისინი ერთად, მეგობრულ გარემოში საუბრობენ.
"მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ ურთულესი გზა გაიარა მთავარ მიზნამდე - რესპუბლიკის დამოუკიდებლობამდე მისაღწევად. აფხაზებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ დღეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გვერდით ყოფნა," - წერს ტანია "ფეისბუქში".
აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის "პრეზიდენტს" თავის ოს და აფხაზ კოლეგებთან ტრადიციულად ახლო მეგობრული ურთიერთობები აქვს და ერთმანეთს ღირსშესანიშნავ თარიღებს სისტემატურად ულოცავენ.
ამ ფაქტმა ქართული საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა გიგიაძის თქმით, უწყებამ განმარტებისათვის მიმართა როგორც ოფიციალურ ერევანს, აგრეთვე სომხეთის საელჩოს საქართველოში.
"ჩვენი ელჩი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრა მინისტრის მოადგილეს. გვქონდა პირადი საუბარი საქართველოში აკრედიტებულ სომხეთის ელჩთან. სომხური მხარის განმარტებით, არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია," - თქვა გიგა გიგიაძემ.
მისი თქმით, ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ.
"სომხეთი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა. ის ცალსახად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას მასთან," - დასძინა გიგი გიგიაძემ.
შეგახსენებთ, რომ შარშან სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარე, გალუსტ სააკიანი "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე, ანატოლი ბიბილოვს ხვდებოდა. მაშინაც, სომხური მხარის განმარტებით, ეს იყო უბრალოდ ერთად გადაღებული ფოტო და არანაირ ოფიციალურ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია.
საგულისხმოა ისიც, რომ ერევანში გასული წლის ოქტომბერში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამართულ ტურნირში აფხაზ სპორტსმენთა ჯგუფი არ იქნა დაშვებული. აფხაზური გუნდის მწვრთნელის, იგორ ბერაიას თქმით, ამაში თავისი წვლილი სომხეთში საქართველოს საელჩომ შეიტანა.
"ერევანში ჩვენს დელეგაციას გადასარევად დახვდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, "სბორებზე" გვითხრეს, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა" ტურნირიდან მოხსნილია. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ამას ხელი საქართველომ შეუწყო. მათ ტურნირის ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად, სომხეთში თავიანთი საელჩოს დახმარებით ისე გააკეთეს, რომ ტურნირიდან მოგვხსნეს. გული მწყდება ჩვენს სპორტსმენებზე. ისინი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იყვნენ და ვიცოდით, რომ საპრიზო ადგილების გარეშე სამშობლოში არ დავბრუნდებოდით," - განაცხადა აფხაზეთის თავისუფალი ჭიდაობის სექციის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ბერაიამ. მისივე თქმით, ერევანში აფხაზეთისა და სომხეთის სპორტსმენებს შორის ამხანაგური ტურნირი მაინც გაიმართა.
ამავე დღეებში საზღვარგარეთ აფხაზეთის არაღიარებული ხელისუფლების კიდევ ერთი დელეგაცია გაემართა. ისინი ასევე არაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის 25-ე წლის-თავის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად ტირასპოლში მიდიოდნენ.
მოლდოველმა მესაზღვრეებმა კიშინიოვში ჩაფრენილი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ოლეგ არშბა ქვეყანაში არ შეუშვეს და დელეგაციის წევრებთან ერთად დაადეპორტეს.
ვინაიდან სომხეთი თავად არის არაღიარებული მთიანი ყარაბაღის პატრონი ქვეყანა, ის სტეპანაკერტთან მჭიდრო ურთიერთობაშია. ცნობისთვის, თავად სერჟ სარგსიანიც ყარაბაღიდან არის წარმოშობით. შესაბამისად, იქ გამართულ ღონისძიებებზე ის და სხვა სომეხი მაღალჩინოსნები ხშირად ჩადიან. მათთან ერთად იქ არიან სხვა არაღიარებული ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლები.