საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს უფლება-მოვალეობების გადაჭარბებასა და "როყიო განცხადების" გაკეთებაში ადანაშაულებს. დოლიძე დეპუტატს არ პასუხობს. მისი დაცვა კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა იკისრა, რომელმაც ხაზი მის კვალიფიკაციას გაუსვა და დეპუტატებს საკუთარი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა.
ეს ყველაფერი კი ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ განცახდებას მოჰყვა, რა დროსაც მან პარლამენტი საკუთარი ფუნქციისადმი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მიერ უზენაესის მოსამართლეობაზე წარდგენილ კანდიდატებზე 6 სექტემბერს, სავარაუდოდ მხოლოდ ფორმალურად იმსჯელებს და კანდიდატურების კენჭისყრას საკანონმდებლო ორგანო არჩევნებამდე ვერ მოასწრებს. სწორედ ამიტომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტს მოუწოდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დროულად დაამტკიცოს.
"სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი საქართველოს პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციისადმი, რომ უზრუნველყოს ქართველი ხალხისთვის მართლმსაჯულების უფლება და დროულად დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისაგან დაზარალებული არის საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც ეზღუდება ეფექტური მართლმსაჯულების უფლება," - განაცხადა ანა დოლიძემ.
გაიმართება თუ არა 6 სექტემბერს პლენარული სხდომა, სადაც პრეზიდენტის მიერ დასახელებულ კანდიდატებს კენჭი ეყრებათ, ჯერჯერობით უცნობია. იურდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, პლენარული სხდომის გამართვა კვორუმზე იქნება დამოკიდებული.
"ოთხშაბათს კომიტეტის სხდომა გაიმართება. პლენარული სხდომა გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ იქნება კვორუმი, ამას კი წინასწარ ვერ გეტყვით. პირადად მე წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარს ვუჭერ," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ხმალაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ანა დოლიძე თავის უფლება-მოვალეობებს აჭარბებს, თუმცა არ უარყოფს, რომ არსებულ ვითარებაში საკმაოდ სათუოა მოსამართლეთა ასარჩევად აუცილებელი 76 ხმის შეგროვება.
ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ანა დოლიძე პრეზიდენტის სახელით არ ლაპარაკობს.
"არადა, მას მოეთხოვება, რომ ზედმიწევნით შეასრულოს ის ამოცანა, რაც მას სამსახურეობრივად აკისრია. ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ის თავის უფლება-მოვალეობებს აჭარბებს და ასეთი როყიო განცხადება არც მის თანამდებობას შეესაბამება და ამავე დროს, არც რეალობას ასახავს. გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა, მოითხოვს არა მარტო ტექნიკური საკითხის მოგვარებას (რასაც მაღალი კვორუმის უზრუნველყოფა ჰქვია), არამედ შეთანხმებას სხვადასხვა ფრაქციასა და პოლიტიკურ სუბიექტს შორის. დღეს ჩვენ წინასაარჩევნო ოპონირების რეჟიმში ვართ ბევრ პოლიტიკურ სუბიექტთან, რომლებიც გუშინ ერთ კოალიციაში მოიაზრებოდნენ და რასაკვირველია, ამ მხრივ შეთანხმების მიღწევაც სათუოა, რადგან პარლამენტში აღარ არის თანამოაზრეთა გუნდი. საკმაოდ ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე, ტექნიკური საკითხი, რომც იყოს გადაწყვეტილი, ვფიქრობ, შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული. ასე რომ, ამ განცხადებას ვერანაირად ვერ შევაფასებ, როგორც ობიექტურ საფუძველზე დამყარებულს. ვფიქრობ, ეს ფაქტორები ძალიან კარგად ესმის საზოგადოებას და ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ესმის პრეზიდენტის მრჩეველს," - განუცხადა ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსს" და დასძინა, რომ არსებულ ვითარებაში საკმაოდ სათუოა მოსამართლეთა ასარჩევად აუცილებელი 76 ხმის შეგროვება.
"სჯობს, 1-2 თვე მოვიცადოთ და ხალხის მანდატით აღჭურვილმა პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება ხმების საჭირო რაოდენობით," - აღნიშნა ვოლსკიმ.
"ანა დოლიძე არის უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი და მას აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფია საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით. იმ დროს, როდესაც დღევანდელი მაღალი თანამდებობების პირებს ეშინოდათ ხმის ამოღება, ანა დოლიძის ხმა საკმაოდ მკაფიოდ ისმოდა. შესაბამისად, მე ყველას გავუმეორებ ანა დოლიძის მოწოდებას, რომ სჯობს, დეპუტატებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული პირდაპირი მოვალეობები," - განუცხადა "რეზონანსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში სახელმწიფოს მეთაურმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პირველად თებერვალში წარადგინა. მაშინ ქვეყნის მეთაურმა დეპუტატებს ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა შესთავაზა. თუმცა, მათ პარლამენტის მხარდაჭერა ვერ მიიღეს. პრეზიდენტი კანონმდებლების გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და ვაკანტურ თანამდებობაზე ისევ თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა წარადგინა. ანა დოლიძის ნაცვლად კი 15 ივლისს ირინა იმერლიშვილის მოადგილე, ლევან ბოძაშვილი, დაასახელა.