ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო წელი ქართული ენის სწავლის შეზღუდვით დაიწყო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრის, დიმა ჯაიანის თქმით, ქართული ენა-ლიტერატურის სწავლება, როგორც დაბალ, ასევე მაღალ კლასებშიც შეიზღუდება. საქართველოს ხელისუფლება კი გამოსავალს მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურებაში ხედავს.
ჯაიანის განცხადებით, გალში ფაქტობრივად, ყველა ქართული სკოლა რუსულად გადაკეთდა. რაიონში, სადაც მოსახლეობის 99% ქართველია, ქართულ სწავლებას კრძალავენ და მოსწავლეები გეოგრაფიას, მათემატიკას, ფიზიკას, ბიოლოგიას - ყველაფერს რუსულ ენაზე სწავლობენ.
ჯაიანი ამბობს, რომ გალის რაიონში 1994-95 წლის ომამდე 31 ქართული სკოლა იყო, დღეს კი ყველა ამ სკოლაში სწავლება რუსულად მიმდინარეობს. ქართველ მოსწავლეებს მშობლიური ენის სწავლებისთვის კვირაში მხოლოდ 2 საათი აქვთ დათმობილი.
"საქმე იმაშია, რომ არც ერთ სკოლაში, რომლშიც სწავლა მხოლოდ რუსულ ენაზე მიდის, არ წერია, რომ რუსულია. თუმცა აქ ქართულად დიდი ხანია, რომ ბავშვები განათლებას აღარ იღებენ. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ქართული ენა მე-5 კლასშიც აღარ ისწავლება. ქართული ენა-ლიტერატურის შესწავლას მე-6 კლასიდან დაიწყებენ, ისიც - ძალიან შემცირებული დოზით.
"სკოლებს წარწერებიც რუსულად და აფხაზურად აქვთ. ამას უნდა ვუშველოთ. ხმამაღლა უნდა ვიყვიროთ. მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ. ვიცი, ჟენევის დისკუსიებზე ყოველთვის ამაზე მიდის საუბარი, მაგრამ, ეტყობა, ეს არ შველის.
"არის დაშინება - მასწავლებლებსა და მოსწავლეებს აშინებენ, დირექტორები სკოლებიდანაც გაათავისუფლეს იმის გამო, რომ უცხოელებს, ვინც სკოლებში შესამოწმებლად მიდიოდნენ, სიმართლეს დაუფარავად ეუბნებოდნენ.
"ასეთი დირექტორები სხვა, უფრო დამყოლი ქართველებით ჩაანაცვლეს. შეიძლება 21-ე საუკუნეში ასეთი რამ ხდებოდეს?! საერთოდ, გალელი მასწავლებლები გმირები არიან. მათ ვეუბნები კიდეც, დრო მოვა და ჩვენი ქვეყანა მათ სათანადოდ დააფასებს.
"ისინი მაინც ახერხებენ და მოსწავლეებს ღამის საათებში დამატებით ქართულად ასწავლიან. იქაური ბავშვები რომ გადმოდიან, ქართულად საუკეთესოდ ლაპარაკობენ. ძალიან ბევრი აბიტურიენტია გალიდან, ვინც 100%-იანი გრანტი მოიპოვა," - აღნიშნავს ჯაიანი "რეზონანსთან" საუბრისას.
გალის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ნონა შონია ამბობს, რომ 2015 წლის სექტემბრიდან, აფხაზურმა ადმინისტრაციამ გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონის 11-ვე ქართულენოვანი სკოლის დაწყებით კლასებში ქართული სწავლება რუსულით შეიცვალა.
ამავე გეგმით, ყოველი მომდევნო კლასი რუსულ ენაზე გააგრძელებს სწავლებას (1-დან 5-ს ჩათვლით), ქართული ენისთვის დათმობილი საკვირაო საათები კიდევ უფრო შემცირდა.
შონიას განცხადებით, თუ ვითარება არ შეიცვალა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო ქართულენოვანი გამოშვება სწავლას 2022 წელს დაამთავრებს. მისივე თქმით, ცალსახაა, რომ აფხაზური ადმინისტრაციის განათლების პოლიტიკა გალის რაიონის ტერიტორიაზე ქართული ენის განდევნასა და მის რუსულით სრულ ჩანაცვლებას ემსახურება.
"აფხაზური და რუსული მხარეები იმედოვნებენ, რომ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვით, ადგილობრივი ქართველების დანარჩენ საქართველოსთან კულტურულ და პოლიტიკურ კავშირებს შეასუსტებენ და ამით, გალის რაიონში პოზიციებს გაიმყარებენ.
"ქართული ენის, როგორც გალის მოსახლეობის მშობლიური ენის და ეთნიკური ქართველების იდენტობის უმნიშვნელოვანესი ელემენტის შეზღუდვა, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია.
"არანაკლებ საგანგაშოა ისიც, რომ სწავლების რუსულ ენაზე დაუგეგმავად და იძულებით გადაყვანა, უარყოფითად აისახება გალის რაიონში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხზე. იქაურ მასწავლებელთა და მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, რუსული ენა უცხოა და მასზე სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვა პრაქტიკულად შეუძლებელია," - აცხადებს შონია.
მისივე თქმით, სხვადასხვა წლის შემთხვევები გვაქვს, როდესაც ქართული ღონისძიებების ჩატარების გამო, ქართულ მხარესთან, როგორც სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის გამო, პედაგოგებს ბრალი ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში დასდეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. შონიას განცხადებით, იყო შემთხვევები, მათ გალის რაიონიც კი დაატოვებინეს.