ეჭვმიტანილის სახელს "ნაცმოძრაობას" უკავშირებენ
ელზა პაპოშვილი
03.09.2016

ვაკეში, რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ცივსისხლიანი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილისა და მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია. 

2 სექტემბერს, შუადღის საათებში, წითელზე გაჩერებულ ავტომობილს, ძვირად ღირებულ "რეინჯ როვერს", თავზე მაისურ-გადაფარებული ახალგაზრდა უახლოვდება, რომელიც ავტომობილის წინა მინას ჯერ მარჯვნიდან, შემდეგ კი მარცხნიდან ცეცხლს უხსნის, რამდენიმე გასროლის შემდეგ კი ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით გარბის. 

შეიარაღებული დაპირისპირებისას გარდაიცვალა სოსო ჯოხაძე, რომელზეც ვრცელდება ცნობები, რომ იყო ნასამართლები და გავლენით სარგებლობდა კრიმინალურ წრეებში, ხოლო მის გვერდით მჯდომი თანმხლები პირი, რომელიც თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა, ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია. ის სავარაუდოდ, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

 ის შემთხვევის ადგილიდან მაშინვე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა, მაგრამ სტაბილური. როგორც ექიმები ამბობენ, მას ტყვია მკერდში მოხვდა, გულთან ახლოს, მაგრამ არც გული, არც აორტა და სხვა სასიცოცხლო ორგანოები არ დაუზიანებია.

სამართალდამცველებმა შემთხვევიდან მალევე მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანლი ბადრი (ბადუკა) ნათობაძე დააკავეს.  

ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ სამართალდამცველებმა ბადრი ნათობაძე ნამდვილად დააკავეს, თუმცა ოჯახის წევრები მომხდარის გამო შოკირებულები არიან და ამბობენ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რა გახდა მიზეზი, რის გამოც ეჭვმიტანილმა დანაშაული ჩაიდინა.  

დაკავებული არის მოდელ მარიშა მაისურაძის ყოფილი მეუღლე, რომლიც გიგი უგულავას მერობის დროს მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა.

ასევე ვრცელდება ცნობები იმაზეც, რომ დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო. 

ამ საკითხთან დაკავშირებით "რეზონანსი" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა პერსონალური ინფორმაციის გაცემისგან ადმინისტრაციაში თავი შეიკავეს.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აკეთებენ.

ფაქტის თვითმხილველები                  ჰყვებიან, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, მანქანას ჯერ ავტომობილით მიჰყვებოდა, ხოლო წითელზე გაჩერების შემდეგ, ის მანქანიდან გადმოვიდა და ცეცხლი გახსნა. მათი თქმით, შეიარაღებული მამაკაცი ტყვიებს აქეთ-იქით დაუნდობლად ისროდა და შეეძლო, ნებისმერი შემხვედრი მოეკლა.

 "დავინახე, როგორ გადმოუხვია შუქნიშანზე შავმა ავტომობილმა, რომელსაც უცბად მივარდა ფეხით მოსიარულე ადამიანი, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული. მან ჯერ ერთი მხრიდან მოუარა ავტომობილს და იქ მჯდომ მამაკაცს ესროლა, შემდეგ კი მეორე მხრიდან მიუახლოვდა და ასევე სროლა განახორციელა.

"ამის შემდეგ ის გაიქცა ჭავჭავაძის ქუჩისკენ, ხოლო ავტომანქანიდან გასისხლიანებული ადამიანი გადმოვიდა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა, მიშველეთ, სისხლად ვიცლები, მგონი, ვკვდებიო. დავინახე, ყვავილების გამყიდველი ქალი გარბოდა და იძახდა, პოლიციას გამოუძახეთ, ხალხი ჩახოცეს, მკვლელი ჭავაჭავაძისკენ გარბისო.

"ასევე მაღაზიიდან გამოვიდნენ ქალები და მანქანიდან მეორე დასისხლიანებული ადამიანი გადმოიყვანეს, რომლიც უკვე გარდაცვლილი იყო. რაც დავინახე, მას ტყვია პირდაპირ თავში ჰქონდა მოხვედრილი," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

რაც შეეხება გარდაცვლილ სოსო ჯოხაძეს, არსებული ინფორმაციით, მის სახელს თბილისში არაერთი გახმაურებული კრიმინალური საქმე უკავშირდება. იგი არის გარკვეულ წრეებში ცნობილი "კრიმინალური ავტორიტეტის", გიორგი ჯოხაძის ძმა.

სოსო ჯოხაძის სახელი რამდენიმე წლის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სახელს დაუკავშირდა. 2013 წელს "თავისუფალმა ზონამ" გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც წულუკიანი ჯოხაძესთან ერთად არის გადაღებული. "ზონა", რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული ახალგაზრდული ორგანიზაციაა, ამტკიცებდა, თითქოს იუსტიციის მინისტრი და ჯოხაძე ახლო მეგობრები იყვნენ. თუმცა წულუკიანმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ფოტო კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და ის ჯოახაძეს არც კი იცნობდა.

"ნაციონალური მოძრაობა" ძმებ ჯოხაძეებს, 2001 წელს სასტუმრო "საქართველოსთან" მომხდარ კრიმინალურ გარჩევაში მონაწილეობას აბრალებს, სადაც ორმხრივი სროლისას სამი ახალგაზრდა დაიჭრა.

"ნაციონალების" ინფორმაციითვე, ჯოხაძე 2006 წელს, "ციხის ბუნტის" დროს, ე.წ. კრიტის "მაყურებელი" და "ციხის ბუნტის" ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

 ძმები ჯოხაძეების სახელი 2004 წელს ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ ტრაგედიაშიც ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, პლეხანოველ და საბურთალოს საძმოებს შორის დაპირისპირების გამო საცურაო აუზთან ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს. სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ მკვლელობა ჯოხაძეებზე შურისძიების მიზნით მოხდა.

რაც შეეხება სოსო ჯოხაძის ძმას, ის ე.წ "კრიმინალური ავტორიტეტი" გიორგი ჯოხაძეა, რომელიც ოთხჯერაა ნასამართლევი. ის შსს-მ 2013 წლის 13 აგვისტოს დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×