თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა საგანგებო მდგომარეობის გამო ზარალდება. აჭარელი მეწარმეები ამბობენ, რომ სასტუმროებსა და რესტორნებში მოთხოვნა შეუმცირდათ. პრობლემა კვლავ რჩება ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც მოქალაქეებს მკაცრი კონტროლის გავლა უწევთ. ქართველი ეკონომისტების აზრით, არსებული დაბრკოლება ეკონომიკურ ურთიერთობებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს და სიტუაცია მალევე ჩადგება კალაპოტში.
ერთ-ერთი სფერო, სადაც სტაბილურობა მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა, ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ტურიზმია, განსაკუთრებით, აჭარის რეგიონში. შეიძლება, სხვა სახის ეკონომიკურმა აქტივობამ იკლოს, მაგრამ ტურისტულ სექტორს პრობლემა არ შეექმნება, პირიქით, სასიკეთოდაც შეიძლება წაადგეს.
"პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც თურქეთს სერიოზული პრობლემა აქვს. ცხადია, გარკვეულ გავლენას იგი ქართულ-თურქულ სავაჭრო ურთიერთობებზეც მოახდენს, მაგრამ არა ეკონომიკის მთლიან სექტორზე. ჩემი აზრით, აჭარას ტურისტული აქტივობისთვის სტიმული მიეცა. ამიტომ მიკვირს, აჭარლები რატომ შეიძლება იყვნენ ამით უკმაყოფილო. თურქული დაძაბულობიდან გამომდინარე, ბევრი დასვენებას აჭარაში არჩევდა.
სხვა ტიპის ეკონომიკური აქტივობა შეიძლება შენელდეს, ექსპორტ-იმპორტის მოცულობა, ინდივიდუალურ თუ კომერციულ დონეზე, შემცირდება. საგანგებო მდგომარეობის დროს გარკვეული სირთულეებია, მათ შორის - საზღვრებზე, მაგრამ მას სისტემური ხასიათი არ აქვს. რაც ხდება, უფრო ტექნიკური ტიპის შეფერხებაა და არა ბლოკირება", - აცხადებს ხუხაშვილი და დასძენს, რომ არსებული შეზღუდვა დიდხანს არ გაგრძელდება და უახლოეს პერიოდშიც სავაორაუდოდ მოგვარდება.
"დღესდღეობით ბევრი დამსვენებელი იმიტომ მოხვდა აჭარაში, რომ თურქეთში დასვენების შეეშინდა. რაც შეეხება მეწარმეებს, ზოგი ერიდება პრობლემას, რაც შეიძლება სასაზღვრო რეჟიმის გამკაცრებას მოჰყვეს. ამიტომაა, რომ სავაჭრო აქტივობა შემცირდა. ასე გაგრძელდება რაღაც დრო და მერე ყველაფერი დალაგდება. ეს არ არის სისტემური პრობლემა", - ამბობს გია ხუხაშვილი.
ამ ეტაპზეც საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები (სარფი, ვალე, კარწახი) სპეციალურ რეჟიმში მუშაობენ. საგანგებო მდგომარეობა თურქეთში ქვეყნის დატოვებას პირდაპირ არ კრძალავს, თუმცა ის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. თურქეთში მყოფ პირებს შეიძლება აეკრძალოთ გარკვეული პერიოდით ქვეყნიდან გასვლა ან უკან დაბრუნება, ქუჩაში გასვლა და გადაადგილება. სამართალდამცველებს კი უფლება აქვთ, ისინი პირადად შეამოწმონ, სატრანსპორტო საშუალებები და მათი ნივთები გაჩხრიკონ, ჩამოართვან და მტკიცებულების სახით კონფისკაცია მოახდინონ.
ამიტომ სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საფრთხეზე საუბარი გადაჭარბებულია, თუმცა პრობლემა ექმნებათ იმ თურქ ბიზნესმენებს, ვისაც ბიზნესი საქართველოში აქვთ.
თურქეთში მიმდინარე პროცესი ეკონომიკურად ბათუმში, ძირითადად, თურქულ რესტორნებზე, ღამის კლუბებსა და სასტუმროებზე აისახა. კომერციული ობიექტების თურქი მესაკუთრეები კლიენტების ნაკლებობაზე ჩივიან. თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ კრიზისი მაქსიმუმ ერთ თვეს შეიძლება გაგრძელდეს.
"ბათუმელებთან" საუბრისას ერთ-ერთმა მათგანმა, იაშა ერჯენიმ აღნიშნა კიდეც, რომ მისი ბიზნესი დაზარალდა. "სასტუმრო დატოვა რამდენიმე კაცმა და აღარავინ მიმიღია. სულ ხუთი ნომერი მაქვს, ყველა ცარიელია. თურქეთში გადასვლა არ მიცდია, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და როგორც ვიცი, ჩემთვის არ იქნება პრობლემა საზღვრის გადაკვეთა. მაქსიმუმ ერთ თვეში დასრულდება შეზღუდვები", - აღნიშნა მან.
ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ არსებული ვითარება სავაჭრო ურთიერთობებს მნიშვნელოვნად ვერ დააზარალებს.
"ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ამ მიმართულებით, არა მგონია, არსებითი პრობლემები წარმოეშვა. რომელიმე მეწარმეს ტვირთის გადატანის ან სხვა სახის ტექნიკური პრობლემა საზღვარზე არ შექმნია, ყოველ შემთხვევაში, არ მსმენია ამაზე. მართალია, იქითა მიმართულებიდან საზღვრის გადაკვეთაზე კონტროლი გამკაცრებულია, მაგრამ ამ პროცესს შედარებით მეტი დრო სჭირდება. არ მგონია, სხვა სახის სირთულე წარმოეშვა, რაც ლოგისტიკურ მომსახურებას დააზარალებდა.
ქართველი ტურისტები ვერ ჩავლენ თურქეთში და ეს ისედაც გასაგებია. არა მარტო ქარეთველი, მთელი მსოფლიოს ტურისტები თავს იკავებენ იქ დასვენებაზე, ხოლო თურქი ტურისტები არც მანამდე ჩამოდიოდნენ ჩვენთან დასასვენებლად. ამდენად, ტურისტულ სექტორში დანაკარგს ნაკლებად ველოდები", - განმარტავს ბაირახტარი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 29 პროცენტით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2015 წელს ბათუმში ჩამოსული ტურისტების ყველაზე დიდ ნაწილს თურქი ტურისტები შეადგენდნენ - 265 492 უცხოელი 78 633 მეზობელი ქვეყნიდან იყო.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მარტო მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის საერთო ბრუნვის მონაცემებით, თურქეთის წილი ექსპორტში შეადგენს 11 პროცენტს, ხოლო იმპორტში, დაახლოებით, 14 პროცენტს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
ექსპერტების შეფასებებით, "დემოკრატიის დაცვის" სახელით, შეიძლება თურქეთის პოლიტიკური პრიორიტეტები შეიცვალოს.
"ერდოღანის პირველი რიგის ამოცანა იქნება, ვაჭრობა არ ჩავარდეს. ეს საკუთარი თავის გადარჩენისთვის სჭირდება. საგანგებო რეჟიმი ყოველთვის აზარალებს თავისუფალ ვაჭრობას, მაგრამ არ მგონია, რომ ამან კატასტროფული ხასიათი მიიღოს. ერდოღანის პოლიტიკური სტაბილურობა თურქეთში, პირველ რიგში, ეკონომიკაზე დგას", - ამბობს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია.