ბოლო ექვს წელიწადში ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა. დედაქალაქის მერიის მონაცემებით, 2010 წელთან შედარებით, მანქანების რიცხვი გაორმაგებულია და ამჟამად 400 000-მდეა. საიტერესოა, რამდენ ავტომობილს დაიტევს დედაქალაქი? სპეციალისტების აზრით, დღეს თბილისი სატრანსპორტო კოლაფსის ზღვარზეა და არ არის გამორიცხული, მზარდი ტენდენციის შენარჩუნების პირობებში, უკვე 2017 წელს ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი გახდეს.
"თუ თბილისში 2010 წელს, საშუალოდ, 200 000 მანქანა მოძრაობდა, 2016 წლისთვის ეს რიცხვი გაორმაგებულია. დღეისთვის მათი რიცხვი 400 000-სს აღწევს", - ეს განცხადება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს ეხებოდა.
დავით ნარმანიას მონაცემები დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევითაც. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კვლევის მიხედვით ნათელია, რომ, 2010 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მზარდია.
მაგალითად, 2014 წელს ავტომობილების რიცხვი 9.7%-ით გაიზარდა, 2015 წელს კი 8.23%-იანი ზრდა იყო. ყველაზე მეტი მანქანა თბილისში რეგისტრირდება. შარშანწინ დედაქალაქში ავტომობილების საერთო რაოდენობის 36.6% დარეგისტრირდა, ხოლო შარშან - 36.8%.
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში წლიდან წლამდე დამატებით 65-80 ათასი მანქანა რეგისტრირდება. ასეთი ტენდენციის შენარჩუნება ნიშნავს იმას, რომ უკვე 1-2 წელიწადში თბილისში ავტომობილების რაოდენობა ზედა ზღვარს მიაღწევს და ქალაქი ამ ოდენობის სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვას ვეღარ გაუძლებს. ამ დროისათვის თბილისს კიდევ 70-80 ათასი მანქანა შეემატება და მათი რაოდენობა თითქმის ნახევარ მილიონს გაუტოლდება.
"ავტომობილების გაუაზრებელი ზრდა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ქალაქში კოლაფსს და ჩვენ ამის ნიშნები უკვე გვაქვს. რაც შეეხება ტევადობას, აქ მარტო მანქანების ქუჩაში გადაადგილება არ მოიაზრება, ეს არის პარკინგი, ავტოსადგომები, ფარეხები, მომსახურების სერვისი, ავტოგასამართი სადგურები და ა.შ. ზუსტად ახლა მუშავდება თბილისის გენერალური გეგმის განახლების პროექტი, რომელიც გასცემს ზუსტ პასუხს კითხვაზე, თუ როდის ამოიწურება დედაქალაქში მანქანების ტევადობის რესურსი", - განუცხადა "რეზონანსს" ურბანისტმა ვლადიმერ ვარდოსანიძემ.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმაც იმ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც დედაქალაქში ტრანსპორტის კუთხით არსებობს. მისი თქმით, გზების გადაჭედვა გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ქვეყანაში სატრანსპორტო განვითარების პოლიტიკა არ არსებობს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა თბილისის მერიას მოუწევს არა მიზეზებთან, არამედ შედეგებთან ბრძოლა, რადგან ტენდენცია ძალზე შემაშფოთებელია.
"ბუნებრივია, ჩვენ მივდივართ საგზაო მოძრაობის კოლაფსისკენ. სასწრაფო, სახანძრო, სამაშველო ავტომობილები დანიშნულების ადგილზე მისვლას, პრაქტიკულად, ვეღარ ახერხებენ. დღეს ჩვენ თუ ვამბობთ, რომ არის საცობები, ვფიქრობ, მომავალ წელს საერთოდ გადააგილება ვეღარ მოხერხდება. თბილისში ძალიან გადატვირთულია საგზაო მოძრაობა.
თუ ქვეყანა დარჩა იმავე ზრდის ტრენდზე, როგორც ახლაა, უფრო მეტი ადამიანი ეცდება, დაიწყოს "ტაქსაობა", ანუ მოიმატებს მანქანების რაოდენობაც, ოღონდ - 20 წელზე უფრო ასაკოვანი ავტომობილების ხარჯზე.
2013-15 წლებში ავტომობილების რაოდენობა 65-80 ათასით იზრდებოდა, ანუ ძალიან დიდი მატებაა. ასევე არის ასეთი კვლევაც, სადაც ჩანს, რომ მანქნის შეძენის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად 8%-ით იზრდება", - განაცხდა დავით მესხიშვილმა.
ტრასპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა იმ პროექტებზეც გააკეთა აქცენტი, რაც მერიამ თავის დროზე დაიწყო. მისი თქმით, შემოვლითი რკინიგზა, მოძრაობას შედარებით განმუხტავდა.
"რკინიგზის გადატანა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე ტრანზიტულ მოძრაობას შეამცირებდა 37%-ით. 30-კილომეტრიანი მონაკვეთი უზრუნველყოფდა ამ ნაკადის შემცირებას.
4 წელია, პროექტი არის დაკონსერვებული. დავით ნარმანიას ეს კითხვა დავუსვი და პასუხად მივიღე, რომ ამჟამად მუშაობენ დასკვნებზე", - აღნიშნა მესხიშვილმა.
მისი აზრით, გამოსავალი არის სწორი პოლიტიკის შემუშავება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
"ავტომობილების რაოდენობის ზრდა საგრძნობი გახდა მას შემდეგ, როდესაც პარალელურ რეჟიმში არ განვითარდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო.
ასევე საზოგადოებრივ ტრასპორტში სამგზავრო ადგილები არ არის საკმარისი. წარმოიდგინეთ, რომ არის 700 000 მგზავრი დაახლოებით და 500 ავტობუსი. გამოდის, რომ ადგილების რაოდენობა არასაკმარისია. გარდა ამისა, ტრანსპორტი ტექნიკურად მოძველებულია", - აღნიშნა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა.
განსხვავებულია ურბანისტ ვლადიმერ ვარდოსანიძის შეფასება. მისი თქმით, მერია თბილისის გენერალური გეგმის განახლებაზე სერიოზულად მუშაობს.
თბილისის მერიის ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ინფორმაცია განახლებული გეგმის შესახებ, სადაც ყურადღება გამახვილებულია სატრანსპორტო სქემის განვითარებაზეც.
"სამოქმედო გეგმაში დიდი ყურადღება ეთმობა მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მათ შორის - ავტობუსებს, მეტროსა და საბაგიროს. სექტემბრიდან თბილისში ეტაპობრივად 143 ახალი, ევროსტანდარტებზე მორგებული და ადაპტირებული ავტობუსები შემოვა, უკვე დასრულდა კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაცია და მეტროს 4 ვაგონის მოდერნიზაცია, 8 ვაგონის კაპიტალური შეკეთება. სტრატეგიაზე მუშაობა დაწყებულია, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება 2015-30 წლებში", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.