ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში "ქართული ოცნების" 100-მდე დეპუტატი შევა. ამის შესახებ განცხადება ექსპრემიერმა ხუთშაბათს აჭარის რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა.
"თუ ადრე ვთქვი, რომ საქართველოს პარლამენტში 95 დეპუტატი იქნებოდა, დღეს დავამატებდი და ვიტყოდი, რომ 100 კაცი იქნება საშუალოდ. ვერ წარმომიდგენია, 90-ზე ნაკლები შევიდეს პარლამენტში. უფრო ნაკლებად წარმომიდგენია 90, ვიდრე 115. საშუალოდ 100 დეპუტატი ეყოლება "ქართულ ოცნებას", რადგან საზოგადოება არის აზრიანი," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილის პროგნოზი პარლამენტში 100 მანდატის მოპოვებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად რეალურია და რომ შესაძლოა, "ოცნების" დეპუტატთა რაოდენობამ ასსაც კი გადააჭარბოს.
"არ მგონია, ივანიშვილი ამ სიტყვებს ჰაერზე ისროდეს. მას ყველანაირი ინფორმაცია აქვს, კვლევები. ზოგი რამ პრესისათვის არ ქვეყნდება, მაგრამ შიდა კვლევები ხომ ტარდება. ასე რომ, ალბათ ამ ყველაფერზე დაყრდნობით ვარაუდობს ის ამ ყველაფერს და არ ვფიქრობ, რომ ეს ვარაუდი ჰაერიდანაა მოტანილი," - აცხადებს კვესელავა.
ახდება თუ არა ივანიშვილის პროგნოზი 100 დეპუტატის გაყვანაზე? - ამ კითხვით, "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექორ-უბრანისტი): მე ვფიქრობ, რომ ეს გადაჭარბებული ოპტიმიზმია და საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს მისი პროგნოზია, თუმცა მაინც ზედმეტად ოპტიმისტური ნათქვამია. არ მგონია, ასე მოხდეს, მოკლედ ამას გეტყვით. დანარჩენი უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული. სიმართლეს არჩევნების შემდეგ გავიგებთ.
ქეთი ბექაური (იურისტი): პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები ალბათ უფრო სწორ პროგნოზს წარმოადგენენ. დეპუტატების რაოდენობა ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ვინც პოლიტიკაშია, ყველას აქვს უფლება, თავისი მოსაზრება გამოთქვას. არჩევნები პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და ყველა თავის ძალებსა და შანსებს აფასებს. აზრის გამოთქმას ვერავის ავუკრძალავთ. ეს სიმართლესთან ახლოსაა თუ შორს, ამას არჩევნები გვიჩვენებს. ვფიქრობ, ამ განცხადების გაკეთება ნაადრევია.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი): არ მგონია, რომ პარლამენტში "ქართული ოცნების" 100-მდე დეპუტატი შევიდეს, ვინაიდან დღეს ისეთი პოლიტიკური სიტუაციაა, რომ პარლამენტში მრავალპარტიულობა იქნება და ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პორცესის განვითარებას დიდად წაადგება. ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ვფიქრობ, რომ 100 დეპუტატი რეალური იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ამ სიებს მიზანმიმართულად არ დაამახინჯებდნენ. ანუ, რას ვგულისხმობ: თქვენ იცით, რომ "ქართული ოცნების" ამომრჩევლები ანტინაციონალები არიან. როდესაც დღეს მაჟორიტარების სიაში თითქმის 20%-მდე მოქმედი "ნაციონალია", ეს "ოცნებას" მათ ხმებს აკარგვინებს, ვინც "ნაციონალური მოძრაობა" 2012 წელს პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა.
ამ ადამიანების დიდ ნაწილს ალბათ "ქართული ოცნება" დაკარგავს. ეს ვარაუდი უფრო რეალურად მაშინ გაჟღერდებოდა, თუ ამ სიაში "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნებოდა.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ალბათ რადგან ამბობს, აქვს ამ ეჭვის მიზეზი. შესაძლოა, იცის ამ კაცმა რაღაც, ტყუიულად არ ილაპარაკებს. იმის გარანტიას მე ნამდვილად ვერ მოგცემთ, რომ ამ რაოდენობით შევლენ. ვიტყვი იმას, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და უმრავლესობა იქნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე