ნია შადური
05.09.2016

2 სექტემბერს, კოოპერატივ "დარჩელის" ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა გაიმართა. გამოფენას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუმრობდა, რომელმაც კოოპერატივის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი პროდუქცია - თაფლი, თხილი, ჩურჩხელა, სათბურში მოყვანილი ბოსტნეული, ხილი და ღვინო დააგემოვნა და შემდეგ დამსწრეებს მიმართა.  

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ამდენი სხვადასხვაგვარი ინსტრუმენტი იმ საქმიანი, ინიციატივიანი ადამიანის დასახმარებლად, რომელსაც სურს, წამოიწყოს თუ გააფართოოს თავისი ბიზნესი",-განაცხადა პრემიერმა.  

 "დღეს აქ წარმოდგენილი არიან დიდი და შედარებით მცირე საწარმოები. დიდი საწარმოებისშემთხვევაში გვქონდა სპეციალური დახმარების პაკეტები, რომლებიც მორგებული იყო უფრო დიდ ინიციატივებზე.  

მცირე საწარმოების შემთხვევაში სახელმწიფომ შეიმუშავა სპეციალური ინსტრუმენტები, რომლებთაც ისინი წახალისდნენ. დღეს, საწარმოს სიდიდეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა, ხაზი გავუსვათ, რამხელა შესაძლებლობები არსებობს დღეს საქართველოში ინიციატივიანი, გამრჯე ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, თვითონ გახდეს ბიზნესის მფლობელი, თვითონ უზრუნველყოს საკუთარი ცხოვრება, არ ეძებოს სამუშაო ადგილი სხვაგან, არ მიადგეს დასაქმების სათხოვნელად მთავრობას, არამედ თვითონ იფიქროს იმაზე, რომ სხვები დაასაქმოს. 

ეს არის ის ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია, რევოლუცია, რომელიც მთელი ჩვენი ერის აზროვნებაშია მოსახდენი და ეს არის ყველაზე სასიხარულო", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.  

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფო ამ მხარდაჭერის პროგრამებს აუცილებლად განაგრძობს და პირადად ყველაფერს გააკეთებს, რომ უკვე შექმნილი კომპანიებისთვის ხელისუფლების თანადგომა კიდევ უფრო გაფართოვდეს, შემუშავდეს საინტერესო ინსტრუმენტები, რათა მათ მუშაობა და პროდუქციის რეალიზაცია გაუმარტივდეთ, მიიღონ მეტი შემოსავალი, განახორციელონ ექსპორტი და აითვისონ ახალი ბაზრები.  

"მთავარი მიზანი იმისა, რასაც ერთად ვაკეთებთ, არის ის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნოს ეს შესაძლებლობები, რომელიც დღეს არის. დღეს ჩვენ ვიმყოფებით დარჩელში და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც 600 მცირე გლეხური მეურნეობისგან შეიქმნა კოოპერატივი, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტიანად აწარმოებს ნაწარმს, დანერგა ახალი ტექნოლოგიები, შეამცირა თითოეული მონაწილის დანახარჯები და ეფექტური გახადა წარმოება მთლიანობაში. ეს კოოპერატივი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ჩვენ საქართველოს გაძლიერებას სწორედ ამგვარი მოდელის მეშვეობით ვხედავთ", - განაცხადა პრემიერმა.  

სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობა სტრატეგიული დარგია; დღეს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჩაბმულია სოფლის მეურნეობაში და იმისთვის, რომ დარგი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, აწარმოოს იმ სტანდარტების, იმ ხარისხის პროდუქცია, რომელიც მოთხოვნადი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, საჭიროა გადაიარაღება და ახალი ტექნოლოგიები.  

"საგარეო ბაზარი გვჭირდება იმიტომ, რომ 3,7 მილიონი მოსახლეობის ბაზარზე გათვლილი წარმოება ძალიან რთულია, იყოს კონკურენტუნარიანი იმ წარმოებებთან მიმართებაში, რომლებიც გათვლილია 50 ან 100-მილიონიანი მომხმარებლის ბაზარზე.  ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული წარმოება, რომელიც საქართველოში შეიქმნება, გათვლილი იყოს ექსპორტზე, რათა უფრო კონკურენტუნარიანი და წარმატებული იყოს", - განაცხადა პრემიერმა.  

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, მნიშვნელოვანია გადაიარაღება, რომლის ორი აპრობირებული გზა არსებობს - მსხვილი ინვესტორების შემოყვანა, ამ გზით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების გაერთიანება და მასშტაბური, ეფექტიანი საწარმოს შექმნა, რომელიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ხოლო მეორეა კოოპერაცია.  

 როგორც პრემიერმა აღნიშნა, კოოპერაცია, დარჩელის შემთხვევაში, ნიშნავს 600 მცირე მეწარმის და მფლობელის გაერთიანებას ერთიან საწარმოში ისე, რომ კოოპერატივის არც ერთი მონაწილე არ კარგავს საკუთრებას მიწასა და ქონებაზე, მაგრამ კოოპერაციისა და სპეციალური სახელმწიფო დახმარების მეშვეობით ისინი ახდენენ ისეთ გადაიარაღებას, რომლის მეშვეობით აღწევენ საერთაშორისო სტანდარტს და ხდებიან კონკურენტუნარიანნი.  

"ანუ, როგორც ეკონომისტები ამბობენ, ისინი აღწევენ მასშტაბის ეკონომიას. რა თქმა უნდა, საქართველოს რეალობაში გაცილებით უფრო მომგებიანად მიგვაჩნია კოოპერაციის გზით გამსხვილება, ანუ ისე, რომ წვრილი მეწარმე, გლეხი არ კარგავს საკუთრებას საკუთარ მიწაზე, არ ხდება დაქირავებული მსხვილ საწარმოში, ანუ ერთი ინვესტორის ქვეშ, არამედ ინარჩუნებს საკუთარ მიწას, საკუთარ ნაკვეთს თუ ქონებას, მაგრამ კოოპერაციის მეშვეობით ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს, იყენებს სახელმწიფოს მიერ შექმნილ სპეციალურ მექანიზმებს და სწორედ ამ გზით იქმნება მასშტაბური საწარმო, რომელიც კონკურენტუნარიანი ხდება საერთაშორისო მასშტაბით და, რათქმაუნდა, ადგილობრივ ბაზარზეც.  სწორედ ამის მაგალითია დარჩელის კოოპერატივი და გვიხარია, რომ უკვე 1638 კოოპერატივია დარეგისტრირებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრ ოთარ დანელიას, მისი გუნდის ყველა წევრს, რომლებმაც, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.  

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს გზა უნდა გაგრძელდეს და სახელმწიფომ ამგვარი კოოპერაციის წახალისება უნდა განაგრძოს. მთავრობის მეთაურმა შვეიცარიელი ინვესტორის დახმარებით შექმნილი "ბლაუენშტაინ საქართველოს", წარმატებულ მაგალითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  

კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ კოოპერაცია არის ყველაზე სწორი მოდელი, რომელიც საქართველოს სინამდვილეს ესადაგება.  

"ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ვხედავთ ამდენ ადამიანს, რომლებიც ახალი საწარმოს მფლობელი არიან და ამ მფლობელობას არაფერი ემუქრება. ისინი გაცილებით ეფექტურ წარმოებაში არიან ჩართული, იყენებენ უახლეს ტექნოლოგიებს. ვნახეთ პროდუქცია, რომელიც უმაღლესი გემოვნური თვისებებისაა, ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი ყველანაირ ბაზარზე. 

რაცშეეხება ევროპული სტანდარტების დანერგვას, ამასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, ისე, რომ არც ერთი ადგილობრივი ფერმერის ინტერესი არ დავაზიანოთ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ამ გადასვლის თანდათანობითი ხასიათი და დაგეხმაროთ ყველა თქვენგანს ამ პროცესში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში ვიმყოფებით. 150 ახალი საწარმოს გარდა, სახელმწიფოს დახმარებით, 700-ზე მეტი საწარმო გაფართოვდა, განავითარა წარმოება. 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების პროცესი და ეს მიმდინარეობს ისე, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალდატანებითი გამსხვილება, გვაქვს წახალისების მექანიზმებით, ნებაყოფლობითი კოოპერაცია, რომელიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეოწარმოებას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს", - განაცხადა პრემიერმა.  

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენს ქართულ პროდუქციას დღეს გახსნილი აქვს ევროპული ბაზარი, ბევრი მეზობელი ქვეყნის ბაზარი და მთავრობა ჩინეთის ბაზრის გახსნის მიმართულებითაც მუშაობს.  "ეს არის ძალიან პერსპექტიული ბაზარი და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ორ მილლიონ ბოთლზე მეტი ღვინო ჩინეთის ბაზარზე იყიდება. 

ეს არის ძალიან დიდი დივერსიფიკაციის, ანუ რისკების გადანაწილების პროცესი, რომელიც საქართველოს სავაჭრო პოტენციალს ერთიორად, ერთისამად გაზრდის და დაგვირგვინდება იმით, რომ მეტი მოთხოვნა იქნება ჩვენს ადგილობრივ პროდუქციაზე, ბევრი ადამიანის ოჯახში მივა კეთილდღეობა და ბევრი ადამიანის ოჯახი გაიხარებს ამ შესაძლებლობებით, რომელიც შექმნილია თქვენთან ერთად, მთავრობის ინიციატივით. 

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილეები ვართ, თითოეულ ჩვენგანს დადებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი აგური ამ ცვლილების პროცესში და ეს უნდა გავაგრძელოთ. თქვენ იქნებით პიონერები ამ დიდი ცვლილებისა საქართველოში. 

თქვენ იქნებით მასწავლებლები ყველა დანარჩენისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ და დიდი სიხარულით მინდა ვთქვა, რომ თეთრი შურით მშურს თქვენი, რადგან თქვენ ხართ პირველები ამ დიდი ცვლილებების პროცესში. სწორედ ამიტომ, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ დიდ პროცესს. 

ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენს მრავალრიცხოვან არმიას დაემატონ ახალი ინიციატივიანი, გამრჯე ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელით შექმნიან საკუთარ ცხოვრებას. გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა, მოგვმართეთ და სახელმწიფო აუცილებლად მხარში დაგიდგებათ იმიტომ, რომ ძლიერი სოფელი არის ძლიერი საქართველო. ძლიერი კოოპერატივი არის კეთილდღეობა ყველა თქვენგანის ოჯახში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.  

პრემიერის თქმით, ადგილობრივი მეურნეობების წახალისება, ქართული საწარმოო პოტენციალის შექმნა და საერთაშორისო მასშტაბის კონკურენტუნარიანობა მთავრობის პრიორიტეტად დარჩება, რათა სრულად წარმოჩინდეს ქვეყნის პოტენციალი და ამით გაბედნიერდეს თითოეული ოჯახი.  

"დიდი მადლობა თქვენი ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის, ამ საქმეზე დგას საქართველოს ძლიერება", - მიმართა პრემიერმა მეწარმეებს.  სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, უკვე შეიქმნა 150 ახალი და გაფართოვდა 700-ზე მეტი საწარმო; დარეგისტრირებულია 1638 კოოპერატივი; ხოლო დაზღვეულმა მიწის ფართობმა 37,587 ჰა შეადგინა.

ნია შადური

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×