"ხელისუფლება ოპონენტებს ისევ მოღალატეებად და მტრებად განიხილავს"
თაკო მათეშვილი
06.09.2016

ბიძინა ივანიშვილის მორიგი შეხვედრა გურიაში, რეგიონულ ჟურნალისტებთან თანაგუნდელების კრიტიკით გამოირჩეოდა. ყოფილმა პრემიერმა მწვავედ გააკრიტიკა თავის მიერ შექმნილი კოალიციის ერთ დროს წამყვანი ორი ძალა - "რესპუბლიკური პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები."

თავის მხრივ, ყოფილი გამაერთიანებელი არც ამ პარტიების ლიდერებმა - ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა დაინდეს. საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთეს და ისიც დასძინეს, რომ ივანიშვილის მოსაზრებები მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.

აღნიშნულის გათვალისწინებით კი, პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ, როგორც ჩანს, საქართველოში ჯერ არ დასრულებულა დრო, როცა ხელისუფლება ოპოზიციას მტრად და მოღალატეებად აღიქვამდა. მიიჩნევენ, რომ ამგვარ ნეგატივზე აგებული საარჩევნო კამპანიები არც პარტიებისათვის იქნება სასარგებლო, არც ამომრჩევლისათვის და არც ქვეყნისათვის.

ივანიშვილის თვალით დანახული ირაკლი ალასანია 

ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა "თავისუფალ დემოკრატებსა" და მის ლიდერ ირაკლი ალასანიაზე, რომლებიც კოალიციას პირველები გამოეყვნენ.

 "თავისუფალმა დემოკრატებმა" ბევრი სიცრუის ტირაჟირება მოახერხეს და ირაკლი ალასანიას განცხადებები, ხშირად თანხვედრაშია გიგა ბოკერიას განცხადებებთან", - ამგვარად შეაფასა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" საქმიანობა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პარტიამ ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი სახე აჩვენა და თან - არცთუ ისე კარგად.

"ისინი იყვნენ კოალიციის წევრები. გავიხსენოთ, როგორ გადადგნენ, როგორი რიხით წავიდნენ, ამბობდნენ, რომ პროდასავლური მიმართულება შეცვალა "ქართულმა ოცნებამ", რამდენიმე კვირის შემდგომ კი ლამის ბოდიშების მოხდა მოუწია, არ გვქონდა ეს მხედველობაშიო - აშკარად ვერ ჰქონდათ დალაგებული და გააზრებული ყველაფერი.

"მათი ლიდერი მუდამ ამბობდა და ამბობს იმას, რომ ე.წ. "კაბელების საქმეზე" დაკავებული ადამიანები ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან. მინდა გავიხსენო, რომ მისი მინისტრობის დროს, თავდაცვაზე უამრავი განცხადება იყო, იქ ხალხი იწამლებოდა, ტენდერები არ ჩატარდა. ყველანაირად ვცდილობდი, რომ მას ეს პრობლემები მოეგვარებინა, მაგრამ ისე წამოვედი, რომ დალაგებული კიდევ არ ჰქონდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება "თავისუფალი დემოკრატების" გუნდს, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, გუნდმა უნდა შეძლოს და ნათესაობა გადალახოს.

"ლიდერი ამდენ სიცრუეს საუბრობდეს, კიდევ რამე დაეჯერება? ბოდიშიც არ მოუხდია, გუნდი მიჰყვება ლიდერის დინებას. სხვა დანარჩენი წევრები ერთ კაცზე მორგებული არიან და ცდილობენ, არ უღალატონ ალასანიას. ასეთი პარტია არ სჭირდება სახელმწიფოს მართვისთვის. ასეთ გუნდს მოსახლეობამ ხმა არ უნდა მისცეს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებები ჭორებად და ენის მიტან-მოტანად შეაფასა თავად ადრესატმა - ირაკლი ალასანიამ და დასძინა, რომ ყოფილი პრემიერი "ამაზე მეტად ვერ ამაღლდა". მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" ივანიშვილის ნათქვამზე არ ღელავენ.

"რაც მომხვდა თვალში მის განცხადებებში, არის ის, რომ ამ ადამიანმა ვერ გაიაზრა, რა სამუშაოს ასრულებდა მთავრობაში "თავისუფალი დემოკრატები", რამხელა წარმატება მოუტანა თავდაცვის სამინისტროს და საგარეო პოლიტიკას ჩვენმა იქ ყოფნამ. ივანიშვილი ვერ ამაღლდა ჭორებსა და ენის მიტან-მოტანაზე მეტად, რაზეც მან ეს ურთიერთობები პრაქტიკულად სასწორზე შეაგდო.

"ჩვენ ნაკლებად ვღელავთ მის შეფასებებზე. ჩემთვის მთავარია, "თავისუფალი დემოკრატები" ხალხში და საზოგადოებაში ვსარგებლობთ მხარდაჭერით, რადგან ვართ შეკრული გუნდი და ერთმანეთს არ ვტოვებთ გაჭირვების დროს, გამოცდილება გვაქვს ხელისუფლებაში ყოფნის და მესამე, რაც მნიშვნელოვანია: პრინციპების გამო ჩვენ ვთმობთ თანამდებობებს, რაც, როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ჩვენთვის ჩვენი ცხოვრების ნორმაა. 

"აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი სწორედ "თავისუფალ დემოკრატებში" დაინახავს იმ ძალას, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს", - აღნიშნა ალასანიამ.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, რომ ალასანიასა და ბოკერიას განცხადებები ერთმანეთს ჰგავს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის შეფასებით, ასეთი მცდელობები ივანიშვილს ყოველთვის ჰქონდა, თუმცა თუნდაც სასამართლო სისტემაში არსებული რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს. კერძოდ იმაზე, რომ ივანიშვილმა არ შეცვალა ის უსამართლო სისტემა, რაც 2012 წლამდე არსებობდა.

ივანიშვილის თვალით დანახული დავით უსუფაშვილი 

ჟურნალისტებთან შეხვედრისას ივანიშვილი კიდევ ერთ ყოფილ თანაგუნდელსა და პარტიას შეეხო - "რესპუბლიკურ პარტიასა" და დავით უსუფაშვილზე მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. მისი შეფასებით, "რესპუბლიკურ პარტიას" გამოკითხვებით 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს და ეს ძალიანაც სწორია.

"ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს "რესპუბლიკურ პარტიას". 1%-იც არ უჭერს მხარს გამოკითხვებში. ამას აქვს თავისი მიზეზი. სწორედ აფასებს საზოგადოება "რესპუბლიკური პარტიის" რეიტინგს და რატომ - "რესპუბლიკური პარტიისთვის" სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება "რესპუბლიკური პარტია" და სრულდება იქ, სადაც მთავრდება "რესპუბლიკური პარტია". დანარჩენი სახელმწიფო, რაც "რესპუბლიკურ პარტიაში" არ შედის, მათი ყურადღების მიღმა რჩება", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "რესპუბლიკურ პარტიას" გარკვეული დადებითი თვისებებიც აქვს. მაგალითად ის, რომ იგი ერთადერთია, რომელიც მის დახმარებას არ საჭიროებს, ძველი პარტიაა, თანმიმდევრულობით გამოირჩევა, "ელემენტარულ წესებს" იცავენ, რაც პოლიტიკური პარტიების არსებობისთვის აუცილებელია და ძალიან უყვართ პროცედურული დემოკრატია.

ივანიშვილმა არც პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიმართ დაიშურა შეფასებები. მისი თქმით, უსუფაშვილს გიორგი კვირიკაშვილის მსგავსი არც ერთი თვისება არ აქვს.

"კვირიკაშვილის ძირითადი მოწოდება არ არის საკუთარი სავარძლის შენარჩუნება. კვირიკაშვილი არის ძალიან დიდი პატრიოტი საკუთარი ქვეყნის, აქვს უამრავი გამოცდილება მართვის. ის არის კარგი ფინანსისტი, კარგი მენეჯერი. მან ძალიან მოკლე დროში აჩვენა, რომ არის ძალიან მაგარი დიპლომატი და მთელ ევროპასა და ამერიკას თავი შეაყვარა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

"უპატიოსნესი კაცია. ერთი მანქანით გადაადგილდება ეს კაცი რეგიონებში. საოცრად განიცდის საერთო ფულიდან თითოეული თეთრის დახარჯვას, საოცრად მოწესრიგებული კაცია. უსუფაშვილს არც ერთი მსგავსი თვისება არ აქვს, რაც კვირიკაშვილს აქვს. "ქართულ ოცნებაში", კოალიციაში ყოფნისას მოახერხა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ისევ ჩვენივე დახმარებით და ამას გვამადლის მუდამ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის განცხადებებს მალევე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილიც. მისი თქმით, სახელმწიფოსთან დაკავშირებული საკითხებისადმი "რესპუბლიკელების" მიდგომაზე უახლოეს მომავალში წერილში ისაუბრებს, ჭორების ნაწილში კი ივანიშვილთან კამათში აყოლას არ აპირებს.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი დღეს ჩართულია ერთი კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიაში და მე არ მიკვირს, რომ იგი აღმატებულ ხარისხში საუბრობს მხოლოდ ერთ პარტიაზე და აკრიტიკებს ყველა დანარჩენს, ვინც მისი კონკურენტია. ბიძინა ივანიშვილს ისეთივე უფლება აქვს იყოს კრიტიკული სხვა პარტიების მიმართ, როგორც მე მაქვს და ასევე, სხვა პარტიებს აქვთ.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილი როგორც ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი და მისი გამარჯვება-წარმატებისთვის მოღვაწე, ამ როლშია ახლა და მე არ მიკვირს, რომ ის სხვებს აკრიტიკებს. 

"მე მიკვირს ერთადერთი რამ ამ კომენტარებში, რომელიც დღეს მოვისმინე, როდესაც საუბარია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის რეიტინგზე, მხარდამჭერთა რაოდენობაზე და ა.შ. ამ თემაზეც ძალიან ბევრი გვისაუბრია მე და ბატონ ბიძინას და შევთანხმებულვართ იმაზე, რომ ქვეყანა ვერასოდეს წავა წინ, თუ იგი არ გათავისუფლდა ჭორების გამავრცელებელი მანქანისგან და რომ ეს მანქანა, სამწუხაროდ, ქვეყანაში საკმაოდ მძლავრობს. 

"მე ვწუხვარ, რომ თავად ბატონი ბიძინა აღმოჩნდა ამ მანქანის მსხვერპლი", - აღმნიშნა უსუფაშვილმა.

ნეგატივზე აგებული საარჩევნო კამპანია 

პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ივანიშვილის განცხადებების გაანალიზებისას ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ყოფილ პრემიერს ამგვარი გზა აქვს არჩეული ხალხისათვის იმის დასამტკიცებლად, რომ "ქართული ოცნება" ერთადერთი მისაღები ძალაა.

მისი თქმით, როცა ხელისუფლებაში მყოფი ძალა და დამფუძნებელი თავის საარჩევნო კამპანიას ნეგატივზე აგებს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოზიტიური სათქმელი არაფერი აქვს და მომავალზეც ბევრს ვერაფერს იტყვის.

ამბობს, რომ არაა აუცილებელი ხელისუფლებამ სხვა პარტიები აქოს, მაგრამ ნეგატივსა და ურთიერთდაპირსპირებაზე რომ კეთდება აქცენტი, დანარჩენი მიღწევები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

"გამოდის, რომ მისი კოალიციის ორი ძირითადი პოლიტიკური ძალა, რომელიც 2012 წელს თავად შეარჩია, მთლად კარგი ვერ ყოფილა, ისევე როგორც თბილისის მერი და პრეზიდენიტი, რომელიც ხალხმა აირჩია.

"ახლა როგორღა დაუჯეროს ხალხმა მას, რომ დანარჩენშიც არ ცდება? როგორც ჩანს, ის მთლად სწორ არჩევანს ვერ აკეთებს ვერც პოლიტიკური პარტიებისა და ვერც პერსონების მხრივ", - აცხადებს ძაბირაძე.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი ამომრჩეველზე და რამდენად უჩნდებათ მათ ნდობა ისეთი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ერთ დღეს ერთად არიან, ხოლო მეორე დღეს ერთმანეთს არ ინდობენ, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ივანიშვილის ტელეპროექტი "ქართული ოცნებისათვის" დიდი წარმატების მომტანი ვერ იქნება.

იგი ეჭვობს, რომ თუკი ყოფილი პრემიერი გამოსვლებს იმავე სტილში გააგრძელებს, ეს "ოცნებას" წარმატებას კი არ მოუტანს, არამედ მის წინააღმდეგ იმუშავებს.

"მმართველი პარტიების მხრიდან სხვების ლანძღვას ხომ უკვე მივეჩვიეთ. ყოველი ხელისუფლება ლანძღავდა ოპოზიციას. ზოგი ამ მოტივით, ზოგი იმ მოტივით, ხან საქართველოს გამყიდველი იყო ოპოზიცია, ხან პრორუსული, ხან მოღალატე და ა.შ. ამ ქვეყანაში ეს აღარ დასრულდა.

"ვერ ვიგებ, რატომაა აუცილებელი ამ საარჩევნო კამპანიის ნეგატიურ სტილში წარმართვა? ეს ამომრჩეველზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს. მე ამას საკმაოდ გულდაწყვეტილი ვამბობ, რადგან მეგონა, რომ ეს ერთი ზღუდე მაინც დავძლიეთ და ხელისუფლება ოპონენტებს მოღალატეებად და მტრებად აღარ განიხილავს. აღმოჩნდა, რომ ისევ აქ დავბრუნდით.

"თუ ისევ ამ დონეზე ჩამოვედით, შემდეგი ოთხი წელიც ამ სტილში გაგრძელდება. არ მესმის, რაში სჭირდება ეს "ოცნებას". ქვეყნისთვის რომ კარგი არ იქნება, გასაგებია და ვერც ამომრჩეველს შემოატრიალებს, ეს ტყუილია", - დასძენს ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×