მორიგი განსტერული თავდასხმა ვაკეში - კრიმინალური გარჩევა ამჯერად ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა, რასაც პროფილაქტიკის თანამშრომელი შეეწირა. იურისტები კრიმინოგენური მდგომარეობის გაურესებაზე საუბრობენ და ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით - განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დაიწყო.
გუშინ, შუადღეს ყიფშიძის ქუჩაზე მამაკაცმა "კალაშნიკოვის" ავტომატიდან ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პროფილაქტიკის ხელოსანმა უთხრა, რომ არ ეცალა და რიგში დგომა მოუწევდა.
"ჩვენი თანამშრომელი დაჭრეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - განაცხადა პროფილაქტიკის თანამშრომელმა და განმარტა, რომ დაჭრილი ავტომანქანების კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მუშაობდა.
ამასთან, კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, პროფილაქტიკის თანამშრომელს კლიენტმა ესროლა.
მისივე ინფორმაციით, კლიენტმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პროფილაქტიკის თანამშრომელმა, მოუცლელობის მიზეზით, ავტომანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკისთვის დალოდება სთხოვა.
"უთხრა, ჯერ არ მცალია, დამელოდე და მერე გაგიკეთებო, რის შემდეგაც, ეს ადამიანი "მერსედესის" მარკის მანქანით წავიდა და ცოტა ხანში უკან "ბე ემ ვე"-თი დაბრუნდა, ამოიღო ავტომატი და ესროლა. ეს პიროვნება აქამდე არ გვყავს ნანახი, პროფილაქტიკის მუდმივი კლიენტი არ არის", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა.
პროფილაქტის თანამშრომელი სავაადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ქირურგ კობა თაბაგარის განცხადებით, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი რამაზ მჭედლიშვილისთვის ოპერაციის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 108-ე პრიმა (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ვაკეში მსგავსი თავდასხმა რამდენიმე დღის წინაც მოხდა.
2 სექტემბერს, შუადღის საათებში, რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე წითელ შუქნიშანზე გაჩერებულ ავტომობილს, ძვირად ღირებულ "რეინჯ როვერს", თავზე მაისურგადაფარებული ახალგაზრდა უახლოვდება, რომელიც ავტომობილის წინა მინას ჯერ მარჯვნიდან, შემდეგ კი მარცხნიდან ცეცხლს უხსნის, რამდენიმე გასროლის შემდეგ კი ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით გარბის.
შეიარაღებული დაპირისპირებისას გარდაიცვალა სოსო ჯოხაძე, რომელზეც ვრცელდება ცნობები, რომ იყო ნასამართლები და გავლენით სარგებლობდა კრიმინალურ წრეებში, ხოლო მის გვერდით მჯდომი თანმხლები პირი, რომელიც თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა, ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია. ის სავარაუდოდ, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
სამართალდამცველებმა შემთხვევიდან მალევე მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანლი ბადრი (ბადუკა) ნათობაძე დააკავეს.
დაკავებული არის მოდელ მარიშა მაისურაძის ყოფილი მეუღლე, რომლიც გიგი უგულავას მერობის დროს მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობდა.
ბოლო დღეებში კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას "რესპუბლიკური" პარტიის წევრი თამარ კორძაია მღებრიშვილის უწყების ცუდად მუშაობით ხსნის. მისი თქმით, საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ქვეყანაში 90-იანი წლები დაბრუნდა და "მაგარი ტიპები" ისინი არიან, ვისაც იარაღი აქვთ.
"ბოლო დღეებში კრიმინოგენური ვითარების დამძიმება პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სათანადო სიმაღლეზე ვერ არის. უწყება ვითარების დასარეგულირებლად არაფერს არ აკეთებს, შესაბამისად, განცდა იმისა, რომ ვიღაცები დარჩებიან დაუსჯელი, უკვე გაჩნდა საზოგადოებაში. შემაშფოთებელია ის, რაც ხდება.
"დღეს მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გააჩინა საზოგადოებაში ეს განცდა, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა და "მაგარი ტიპები" ისინი არიან, ვისაც იარაღი აქვთ. როგორ შეიძლება ადამიანს დღისით, მზისით ცეცხლსასროლი იარაღი მანქანაში ჰქონდეს?! მით უმეტეს, ავტომატის ტიპის იარაღი", - განუცხადა "აიპრესს" კორძაიამ.
"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია კი გახშირებულ შეიარაღებულ თავდასხმებს სამართლიანობის აღდგენის შეუსრულებელ პროცესს უკავშირებს.
"2 წელზე მეტია, რაც ვსაუბრობ - სამართლიანობის აღდგენის პროცესი რადგან არა და არ დაიწყო, დაიწყებოდა პირადი ანგარიშსწორება და შურიძიება, რაც ძალიან საშიშია.
"ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ ეს პროცესია დაწყებული - წინასაარჩევნო პერიოდთან ამას კავშირი არ აქვს. და თუ არაფერი არ გაკეთდა სამართლიანობის აღდგენის კუთხით, არჩევნების შემდეგად შეიძლება, ეს უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, იმიტომ, რომ თუ საზოგადოებას ამოეწურა იმედი, რომ რაღაც შეიცვლება და მათი დარღვეული უფლებები არ აღდგება, დაიწყება პირადი შურისძიებები.
"საქართველოში იარაღის შოვნა არ არის დიდი პრობლემა, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ ვიღაცას ანგარიში გაუსწოროს, წინ არაფერი აღუდგება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მუხაშავრია.
მისი თქმით, ეს არავისგან პროვოცირებული პროცესი არ არის.
"არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად კეთდება და ვინმესგან იყოს პროვოცირებული. ეს პროცესები დიდი ხანია, მზადებოდა და ახლა, უბრალოდ, დაიწყო", - გვითხრა მუხაშავრიამ.