"დანამდვილებით ვიცი, რომ ფასის გაზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობდა"
მარი ჩიტაია
06.09.2016

საქართველოში ავტოგაზის ფასი თვითნებურად მატულობს. ყველა გაზგასამართ სადგურში ბუნებრივი აირი 10 თეთრით გაძვირდა.  კომპანიების უმეტეს ნაწილში არ იციან, რატომ გაზარდა მომწოდებელმა ტარიფი, როცა მის გაიაფებასაც კი ელოდნენ. მით უმეტეს, როდესაც ბოლო დროს ბენზინის ფასმა დაიკლო და ლარმაც შედარებით სტაბილურობისკენ აიღო კურსი. 

ბოლო 3 კვირაა, 1 კბ/მ გაზი დედაქალაქში 1,15 ლარი ღირს, ხოლო რეგიონებში, ტურისტული სეზონის გააქტიურების გამო, 1,25 ლარსაც აღწევს. სპეციალისტების განმარტებით, გაზგასამართ სადგურებში გაზი ყველგან მაღალ ტემპერატურაზე იტუმბება, რის გამოც ბუნებრივი აირის რეალური ფასი 1,30 ლარამდეა.  ფაქტობრივად, ავტოგაზის ფასი თხევადი საწვავის ღირებულებას გაუტოლდა.

 დაახლოებით ამდენი ღირდა გაზი წინა წლებში, თუმცა რამდენიმე თვის წინ, "სოკართან" მიღწეული შეთანხმებით, საფასო პოლიტიკა გადაიხედა და 1000 კბ/მ ბუნებრივი აირის კომერციული ფასი გაზგასამართი სადგურებისთვის 35-40 აშშ დოლარით შემცირდა. ეს, ცხადია, ქართველ მძღოლებს შესაძლებლობას აძლევდა, საკუთარი მანქანები შედარებით იაფი გაზით გაემართათ. ფასიც, შესაბამისად, 10 თეთრით შემცირდა. თუმცა, ამ შეღავათმა დიდხანს არ გასტანა და ზუსტად ნახევარ წელიწადში გაზი დაუსაბუთებლად გაძვირდა.

ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ სპეციალისტები, რომელთა განცხადებითაც საფასო ცვლილებისთვის არანაირი საბაბი არ იყო.

კომპანია "აირბალონის" წარმომადგენელი, ნოდარ რამიშვილი ამბობს, ავტომობილებში გაზს დატუმბვის დროს ტემპერატურული რეჟიმი დარღვეულია, რის გამოც ბალონებში ნაკლები გაზი ჩადის და მომხარებელს რეალურად მეტის გადახდა უწევს.

"მომხმარებელი აირს ყველაზე ხშირად "სოკარის" გაზგასდამართ სადგურებში ტუმბავს. ეს კომპანია სარგებლობს შემოტანის ექსკლუზიური უფლებით და ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს. ახლა ზაფხულია, წესით, გაზი უნდა გაიაფებულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა. მეგონა, ხალხს შეუმსუბუქებდნენ ტვირთს, მაგრამ ასე არ მოხდა. დანამდვილებით ვიცი, რომ გაძვირების არანაირი საფუძველი არ არსებობდა", - აცხადებს რამიშვილი.

მისი განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ავტოგაზის ფასი ბენზინის ღირებულების ნახევარს არ უნდა აღემატებოდეს.

"ყველა ნორმალურ ქვეყანაში თხევადი გაზის ღირებულება ბენზინისას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, წესით, მისი ნახევარია, ხოლო ბუნებრივი გაზი კიდევ ნაკლები უნდა ღირდეს. ამ მხრივ სომხეთიც კი გვჯობია, სადაც 1 კბ/მ-ის ღირებულება 80 თეთრს არ აჭარბებს. შევარდნაძის დროსაც კი, როცა ბენზინი 1 ლარი ღირდა, თხევადი გაზის შეძენა მომხმარებელს 50 თეთრად შეეძლო, მაშინ იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდებოდა. დღეს უკვე ალტერნატივა არ გვაქვს.

თქვენ წარმოიდგინეთ, რეგიონებში ავტოგაზი 1,25 ლარიც ღირს.  ასე თუ გააგრძელებენ, გაზს არავინ იყიდის. ხალხი ისედაც გადავიდა ბენზინზე, თუ მძღოლს ძრავას პრობლემა არ აქვს, არც ცდილობს გაზის ჩატუმბვას. ზოგადად იგი ისედაც მოუხერხებელი საწვავია. რამდენადაც ვიცი, ბოლო პერიოდში კვლავ გაიზარდა ბენზინის მოხმარება, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში", - განმარტავს ნოდარ რამიშვილი.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გაზის გაძვირების მიზეზი უცნობია გაზგასამართი სადგურების წარმომადგენლებისთვის.  კომპანია "ტენბში" აცხადებენ, რომ გაზი გააძვირეს, რადგან შესასყიდი ღირებულება გაიზარდა.

"არ ვიცი რატომ გაძვირდა გაზი, ჩვენც ძვირად გვიწევს შესყიდვა. რეალურად რა მოხდა, ვერ გეტყვით, ფაქტია, რომ ეს მოხმარებაზეც აისახა, რეალიზაციამ აშკარად იკლო", - ამ მწირი ინფორმაციით შემოიფარგლა კომპანიის თანამშრომელი "ბიზნეს რეზონანსთან" საუბრისას.

საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების მფლობელები უმრავლესობას არ წარმოადგენენ, თუმცა "გაზზეა გადაყვანილი" თითქმის ყველა ტაქსი. აქამდე მძღოლები, გაზის სიიაფის წყალობით, მგზავრთა მომსახურებასაც შედარებით იაფად ახერხებდნენ. ახლა, ბუნებრივი აირის მოულოდნელმა გაძვირებამ მათი ბიზნესი საფრთხის წინაშე დააყენა. 

ბუნებრივ აირზე მომუშავე ტაქსის მძღოლ ვასო ფარესაშვილი ამბობს, რომ იძულებულია, მგზავრთა მომსახურების ფასი გაზარდოს, თუმცა ეს კლიენტების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.

"საავტომობილო გაზი გაგვიძვირდა ისე, რომ არავის მცირე განმარტებაც არ გაუკეთებია. იმის გამო, რომ გაზის ყიდვა ნაკლებ ფასში გვიწევდა, მომხმარებლებთან შეღავათზეც კი მივდიოდით. ახლა ასეთი რამ წარმოუდგენელია, პირიქით, გაძვირება მოგვიწევს, თუნდაც ამით კლიენტურა შეგვიმცირდეს. სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ გვაქვს", - ამბობს მძღოლი.

ის, რაც გაზგასამართი სადგურებისა და კერძო პირებისთვის პრობლემაა, ავტოექსპერტებისთვის დადებით მოვლენადაც კი ფასდება.  ისინი მიიჩნევენ, რომ რაც ნაკლები ავტომანქანა "გადავა გაზზე", მით უფრო დაცულია მომხმარებელი.

"საქართველო მოძრავ ნაღმებზე ზის. უახლოეს რამდენიმე წელიწადში ე.წ. მეტალობალონი მინაპლასტიკური გარსით საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ავტომობილის მძღოლებს, არამედ გარშემომყოფებსაც. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომანქანებში დამონტაჟებული ავზი მეტად სახიფათოა, რადგან 5 წლის შემდეგ უწყვეტი მინაბოჭკო სიმტკიცეს კარგავს. ამ ხნის განმავლობაში დაბერებას იწყებს ორგანული შემკვრელიც და არავინ იცის, როდის გასკდება ბალონი", - ამბობენ სპეციალისტები.

საფრთხე მძღოლებს ადრეც ჰქონდათ გაცნობიერებული, თუმცა თხევადი საწვავის მაღალი ფასის გამო, უპირატესობა გაზს მიანიჭეს.  

"პირადად მე გაზის აპარატურა იმიტომ დავამონტაჟე, რომ ბენზინის ჩასხმის საშუალება არ მქონდა. ახლა ფასში იმდენად მცირე სხვაობაა, რომ გაზს შეგნებულად არ ვიყენებ. ასეთი ფუფუნების საშუალება როდისღა მექნება? ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ბენზინით ვიარო", - ამბობს თბილისელი მძღოლი გოგა ცხვედიანი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×