ლიკა გურაბანიძე
06.09.2016

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე პროფილაქტიკაში მომხდარი სროლის შედეგად პროფილაქტიკის თანამშრომელი რამაზ მჭედლიშვილი გარდაიცვალა. აღნიშნული პირი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

თვითმხილველის თქმით, პროფილაქტიკის თანამშრომელს კლიენტმა ესროლა. მისივე ინფორმაციით, კლიენტმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პროფილაქტიკის თანამშრომელმა მოუცლელობის მიზეზით ავტომანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკისთვის დალოდება სთხოვა.  

"უთხრა, ჯერ არ მცალია, დამელოდე და მერე გაგიკეთებო, რის შემდეგაც, ეს ადამიანი "მერსედესის" მარკის მანქანით წავიდა და ცოტა ხანში უკან "ბე ემ ვე"-თი დაბრუნდა, ამოიღო ავტომატი და ესროლა. ეს პიროვნება აქამდე არ გვყავს ნანახი, პროფილაქტიკის მუდმივი კლიენტი არ არის", - აღნიშნავენ პროფილაქტიკის თანამშრომლები.  

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 108-ე პრიმა (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო. 

2 სექტემბერს, ვაკეში, კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე შუადღის საათებში, წითელზე გაჩერებულ ავტომობილს, ძვირად ღირებულ "რეინჯ როვერს", თავზე მაისურგადაფარებული ახალგაზრდა მიუახლოვდა, რომელმაც ავტომობილის წინა მინას ჯერ მარჯვნიდან, შემდეგ კი მარცხნიდან ცეცხლი გაუხსნა, რამდენიმე გასროლის შემდეგ კი ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით გაიქცა.  

შეიარაღებული დაპირისპირებისას გარდაიცვალა სოსო ჯოხაძე, სამართალდამცველებმა შემთხვევიდან მალევე მკვლელობასა და დაჭრაში ეჭვმიტანლი ბადრი (ბადუკა) ნათობაძე დააკავეს.  

 - ამ კითხვით, "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "ძნელია რამის თქმა, ალბათ ასეთ შემთხვევებში ყოველთვის დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს. ალბათ, იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავს ასეთი საშინელი ტრაგედიის დატრიალების უფლებას აძლევენ, აქვთ რაღაც გარანტია, რომ ისინი ნაკლებად დაისჯებიან. ადამიანების თავზეხალაღებულობაა ასეთი საშინელი დანაშაულების ჩადენის დროს." 

 

 

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): "ეს ალბათ უკვე შშს-ს ცუდ მუშაობაზე მეტყველებს. ეკონომიკური სიტუაციაც რთულია და ამის გამო კრიმინალმა მოიმატა, შემდეგ კი თავისთავად გარჩევები ხდება. ეს სოცილაურ-ეკონომიკური ვითარების ბრალია და ამას დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაც ემატება. ამ მკვლელობების შემთხვევაში პირადი სწორების მომენტია და ამას ფსიქოლოგიური ანალიზი სჭირდება." 

 

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ალბათ პირდაპირ კავშირშია იმ საოცნებო ამნისტიასთან, რომელიც 2012 წელს განხორციელდა. ყველაფრიდან ჩანს, რომ 2012 წლიდან კრიმინალური სიტუაცია დამძიმებულია. სიტუაცია უარესობისკენ რადიკალურადაა შეცვლილი. კრიმინალი არ ისჯება და ეს ხელს უწყობს ახალი კრიმინალის ჩადენას." 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მომღერალი): "რატომღაც მგონია, რომ ეს ყველაფერი ფსიქიკურად აშლილი ხალხის პრობლემაა ან ეს არის ძალის დემონსტრირება. შესაძლოა, მომხდარი შემთხვევები პროვოკაციული გამოხდომებია, რათა ეს ყველაფერი ამ მთავრობას დაბრალდეს. მათ ისედაც აგინებენ ტელევიზორში და ასეთი სადისტური მოქმედებები არ აწყობთ. აქ შესაძლოა გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი." 

 

 

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "არ მგონია, რომ ქუჩაში განგსტერული გარჩევები გახშირდა. სამწუხაროდ, ასეთი ამბები ხდებოდა და შესაძლოა, შემდეგშიც მოხდეს. ეს ფსიქიკური პრობლემებია. ასეთი ტიპის მოვლენები სხვა ქვეყნებშიც ყოველთვის ხდება."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×