ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას ამჯერად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს. მან 2010 წელს მას და ქიბარ ხალვაშს შორის დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიის წილები რეალურად ირაკლი ოქრუაშვილმა შეიძინა, ქიბარ ხალვაში კი მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო.
თავად ხალვაში ამ დოკუმენტის აუთენტურობას არ ადასტურებს და მზად არის, ოქრუაშვილთან ნებისმიერ იურდიულ ინსტანციაში იბრძოლოს.
რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის საქმესთან დაკავშირებით ამჟამად უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დავას, ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას თქმით, ეს დოკუმენტი ამ დავაზე გავლენას ვერ იქონინებს.
ტელეკომპანიის ადვოკატი თამთა მურადაშვილი კი საპირისპიროს ამტკიცებს. ამბობს, რომ ამ დოკუმენტით, საკასაციო სასამართლომ სიმართლის დასადგენად საქმე ქვედა ინსტანციაში უნდა დააბრუნოს.
"ამ დოკუმენტით დგინდება, რომ ეს ადამიანი, რომელსაც მიაკუთვნეს ტელეკომპანია, თურმე არ არის ის, ვისაც უნდა მიაკუთვნონ. ეს რომ გვქონოდა, დასაწყის ეტაპზე დავაყენებდით არასათანადო მოსარჩლეობის საკითხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც ჩივის, ამის უფლება არ გაჩნია, შესაბამისად, საერთოდ სხვა სამართლებრივი შედეგი გვექნებოდა.
"ამ დოკუმენტს უზენაესმა სასამართლომ, წესით, გვერდი ვერ უნდა აუაროს. პირველ რიგში, დასაშვებად უნდა ცნოს საქმე და როცა დასაშვებად იქნება ცნობილი, მერე სიმართლის დასადგენად დააბრუნოს ქვედა ინსტანციაში. იმიტომ, რომ ამ საკითხის გარკვევა უზენაესში ვერ მოხერხდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მურადაშვილი.
პაატა სალიას განცხადებით კი, ასეთი დოკუმენტი ბუნებაში არ არსებობს.
"ეს დოკუმენტი არის ყალბი, არ არსებობს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა მსგავს შეთანხმებაზე. ქიბარ ხალვაშმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მასზე ხელმოწერა არ ეკუთვნის მას.
"იმისათვის, რომ დადგინდეს, რომელი მხარე ამბობს მართალს და რომელი ტყუილს, საჭიროა ჩატარდეს ექსპერტიზა. ეს კი უნდა ჩაუტარდეს დოკუმენტის დედანს და არა ასლს. ეს დედანი ვის აქვს, არ ვიცით. ქიბარ ხალვაშს არ აქვს, იმიტომ, რომ ასეთი შეთანხმება ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილმა უნდა ამტკიცოს, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილია. თუ ნოტარიულად დაადასტურებს, რომ ნამდვილია, მაშინ სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე, მაგრამ არავის არ უთქვამს, რომ დოკუმენტი ნოტარიულად არის დამოწმებული.
"არ ვიცით, რა ხდება, თუმცა იმას, რასაც ლაპარაკობს ოქრუაშვილი, არანაირი გავლენა მიმდინარე სასამართლო პროცესზე არ აქვს. ეს შეიძლება იყოს ცალკე დავის საგანი და იქაც ვეჭვობ, რომ ჰქონდეთ რამე სერიოზული საფუძველი. ეს ცალკე დავის თემაა და თუ გადაწყვეტს სამართლებრივ დავას, მზად ვართ, ნებისმიერ იურისდიქციაში პასუხი გავცეთ", - გვითხრა სალიამ.
ამასთან დაკავშირებით, გუშინ საგანგებო ბრიფინგი გამართა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც და როგორც განაცხადა, ეს დოკუმენტი მათი მთავარი კოზირი არ არის.
"ჩვენ წარვადგინეთ ე.წ. სასამართლოს მეგობრის დასკვნა, რომლის ავტორი არის ბატონი თეიმურაზ თოდრია, რომელიც საქართველოს ისტორიაში არის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპეციალისტი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. გამორჩეული თავისი წესიერებითა და პროფესიონალიზმით და ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც შეხება ჰქონია მის სამართალწარმოებასთან. მისი დასკვნით, იკვეთება შემდეგი:
"პირველი, ფასის ზრდის პროპორციის გამო არ შეიძლება დადგეს ბათილობა.
"მეორე, კეთილსინდისიერი შემძენისთვის, როგორი დისპროპორციაც არ უნდა იყოს, პირველ ტრანზაქციაში სინდისიერი შემძენისთვის არ შეიძლება ქონების ჩამორთმევა.
"და მესამე, საქმეში იმდენი პროცედურული დარღვევაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის უნდა გაუქმდეს და უკან დაბრუნდეს.
"შეგახსენებთ, თოდრია არის ის ერთადერთი წყარო, რომელსაც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო თავის გადაწყვეტილებაში. სწორედ ამ დისერტაციის ავტორი ამბობს, რომ ეს დისერტაცია მათ შორის არასწორად იქნა გაგებული და სასამართლო მსჯელობა არის აბსოლუტურად უკანონო და არალოგიკური.
"რაც შეეხება ბატონი ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, როგორც მოგახსენეთ, რა თქმა უნდა, ის არ არის ჩვენი მთავარი ე.წ. კოზირი, მიუხედავად ამისა, ამ დოკუმენტს აქვს თავისი ფასი და მნიშვნელობა.
"ეს დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ფასის დისპროპორცია კი არა, საერთოდ არავითარ გარემოებას ქიბარ ხალვაშთან დაკავშირებით მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ იგი არ წარმოადგენდა "რუსთავი 2"-ის რეალურ მფლობელს. იგი იყო მხოლოდ სახელი და გვარი, შესაბამისად, მისი უფლებები და ინტერესები ვერ შეილახებოდა ფიზიკურად იმიტომ, რომ მას ეს უფლებები არ ჰქონდა ამ ქონებასთან მიმართებით. იგი არასდროს ფლობდა ამ ქონებას, შესაბამისად, ზედმეტია მის მიერ საუბარი რაიმე უფლებებისა და ქონებრივი ზიანის მიღებაზე," - განაცხადა გვარამიამ.
ცნობისთვის, ოქრუაშვილის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი 2010 წელსაა გაფორმებული და 5 პუნქტისგან შედგება.
"მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელითა და მეშვეობით (აგრეთვე ამ უკანასკნელის საკუთრებაში და კონტროლქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით) შეძენილ იქნა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილი, რომლის გარიგებებიც სრულად იქნა დაფინანსებული ირაკლი ოქრუაშვილის მიერ.
"ქიბარ ხალვაში მიდასტურებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით.
"შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (რეცცივაბლეს) საკუთრებისა და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს.
"ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე. ქიბარ ხალვაში წინამდებარე პუნქტის დარღვევის ან სადავოდ გახდის შემთხვევაში ვალდებულებას იღებს, ირაკლი ოქრუაშვილს კომპენსაციის (ჯარიმის) სახით გადაუხადოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ამერიკული დოლარი," - აღნიშნულია დოკუმენტის მეორე პუნტქში.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის წილები ქიბარ ხალვაშმა 2004 წელს შეიძინა და როგორც აცხადებს, 2006 წელს იძულებით მინიმალურ ფასად დაათმობინეს.