გვანცა ღვედაშვილი
07.09.2016

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე "რეზონანსთან" ინტერვიუში იმ ბრალდებების შესახებ საუბრობს, რომლებიც "ქართული ოცნების" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა გააჟღერა.

ჩუგოშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებასა და არეულობის შექმნას აპირებს. 

ამ განცხადებას ბარამიძე "ბოდვას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან არასდროს არანაირი ძალადობის პროვოცირება არ მომხდარა, პირიქით კი უამრავი მაგალითი არსებობს. 

მისივე თქმით, ყველა თავდასხმა, რომელიც "ნაციონალების" ოფისზე განხორციელდა, სწორედ "ქართული ოცნების" მითითებით მოხდა.

 ია ბარამიძე: ეს ბოდვითი განცხადებები უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება. ხან საბურავებს ვაგროვებდით, ხან სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობდით და სინამდვილეში ამ განცხადებებს არანაირი საფუძველი არ ჰქონია.

მუდმივად ლაპარაკობდნენ, რომ გამოიძიებდნენ და იტყოდნენ, რა მოხდა ყველა იმ საქმეზე, რომელიც გახმაურებული იყო. დაწყებული წინა არჩევნებიდან, გაგრძელებული შალვა თათუხაშვილის და კიდევ უამრავი ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებით. ხელისუფლებას პასუხები არ გაუცია და არ გამოუძიებიათ ეს საქმეები. მხოლოდ განცხადება კეთდებოდა, თუმცა რეალურად არაფერი მომხდარა.

მათი ბრალდებები, ცხადია, აბსურდია. წლების განმავლობაში ირიბი მტკიცებულებაც კი არ წარმოუდგენიათ თავიანთი გაჟღერებული ბრალდებების დასამტკიცებლად.

ეს სისულელეა, მით უმეტეს, რომ არაფერში არ გვჭირდება, არც დაგვჭირვებია და არც გამოგვიყენებია მსგავსი მეთოდი. საერთოდ, თუკი ვინმე იყო ქვეყანაში სტაბილურობის მომხრე, ეს ჩვენ ვიყავით. მთავრობაში ვიყავით თუ ოპოზიციაში, ჩვენი მხრიდან არასდროს არანაირი ძალადობის პროვოცირება არ მომხდარა, პირიქით კი უამრავი მაგალითი გვაქვს.

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი თავდასხმა განხორციელდა ჩვენს ოფისზე. ყველაზე გახმაურებული იყო თებერვლის ცემა-ტყეპა, 2016 წლის კორცხელის ინციდენტი და ახლახან სოფელ ჯიხაშკარში მომხდარი შემთხვევა, რომელიც ასევე გამოუძიებელია.

ხელისუფლებას არაფერი აქვს სალაპარაკო იმის შესახებ, თუ რა შეასრულა იმ დაპირებებიდან, რომლებიც უხვად გასცა ბიძინა ივანიშვილმა და ახლა ისევ იმას ცდილობენ, "ნაციონალურ მოძრაობას" რაღაც დააბრალონ და სიტუაცია დაძაბონ. ჩუგოშვილმა როგორც კი განაცხადა პროვოკაციების შესახებ, იმ დღესვე მიუცვივდნენ სანდრა რულოვსს მოსახლეობასთან შეხვედრისას და ისევ ჩვენმა აქტივისტებმა დაამშვიდეს ხალხი, რათა დაპირისპირება არ მომხდარიყო და თავ-ყბა არ დაელეწათ მათთვის.

უნდათ, რომ სიტუაცია დაძაბონ, საქმიანი საუბარი და დებატები კი არ იყოს. მათ იმ კონფროტაციულ რეჟიმში ყოფნა სურთ, რომელშიც ბოლო ოთხი წელი იყვნენ. როგორც ჩანს, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა სწორედ ასე სურთ.

ეს ყველაფერი სამწუხაროა, თუმცა მათ არაფერი უშველით, რადგან ყველამ კარგად იცის, როგორია საზოგადოების განწყობილება.  იდიალური არავინ ყოფილა, არც ჩვენ ვიყავით შეუცდომლები, მაგრამ ამათ რომ არავინ აირჩევს, ცხადია. ხალხი აპირებს, მტკიცედ და მშვიდობიანად გაისტუმროს ესენი პოლიტიკურ სანაგვეზე.

"რეზონანსი": ბოლო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე ოფისი დაარბიეს. ვის ადანაშაულებთ ამაში?

გ.ბ: არც ერთი თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე არ განხორციელებულა უშუალოდ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის მითითების გარეშე. ეს თავისთავად არ ხდება, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისს რაღაც ჯგუფი არბევს, ცხადია, ეს ან პირდაპირ არის შეთანხმებული, ან ვიღაცის მიერ არის პროვოცირებული.

ეს ადამიანები თავს გრძნობენ დაუსჯელად. აქამდე არც ერთი პიროვნება, რომელმაც ჩვენს დეპუტატებზე ან აქტივისტებზე თავდასხმა განახორციელა, რეალურად არ დასჯილა. მთელი ეს ოთხი წელი ამით იყვნენ დაკავებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათ მაინც არაფერი უშველით. რამდენადაც ამის საშუალება მოგვეცემა, თავს დავიცავთ თუ დაგვესხმებიან, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ აყალმაყალს.

ჩვენ ვგეგმავთ, ვისაუბროთ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. იმაზე, თუ როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ გავზარდოთ პენსია, გავაუმჯობესოთ ბიზნესგარემო, გავზარდოთ ინვესტიციები, შევამციროთ სიღარიბე და ა.შ. ჩვენ ვაპირებთ საქმეზე ლაპარაკს. "ქართულ ოცნებას" დღემდე არ წარმოუდგენია პროგრამა. ჩვენ ეს პროგრამა გვიდევს და ვიცით, რა და როგორ გავაკეთოთ.

გავიმეორებ, რომ ვიცით ჩვენი შეცდომები და არ ვაპირებთ მათ გამეორებას. გვყავს განახლებული გუნდი, მეტი პროფესიონალი და პატრიოტი შემოემატა ჩვენს რიგებს. ასე რომ, ვართ საქმით დაკავებულნი და ვემზადებით არჩევნებისვის, რათა მეორე დღესვე დავიწყოთ იმის რეალიზება, რასაც ვგეგმავთ.

"რ": თქვენი აზრით, იქნება თუ არა გარკვეული დაძაბულობა საპარლამენტო არჩევნებზე და რამდენად მოსალოდნელია, კორცხელის ინციდენტი გამეორდეს?

გ.ბ: ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, მსგავსი ინციდენტი გამეორდეს. კორცხელში რაც მოხდა, ამას რა დიდი გამოძიება სჭირდება?! მე არ ვამბობ, რომ არ სჭირდება, მაგრამ ელემენტარული საკითხია. ყველაფერი ვიდეოზეა გადაღებული და ამას ნორმალური საგამოძიებო ორგანო, რომელსაც პატიოსანი ზრახვები აქვს და საქმის გახსნა უნდა, ყველაფერს რამდენიმე დღეში გაარკვევდა.

საზოგადოებისთვის ცხადია ყველაფერი და ამაზე მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" კი არ ლაპარაკობს, არამედ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც კი, თუმცა არანაირი შედეგი ამ საუბრებს არ მოჰყოლია.

პრობლემაც იმაშია, რომ სინამდვილეში ქვეყანას მართავენ ივანიშვილი და რამდენიმე მისი ნდობით აღჭურვილი ადამიანი. ერთ-ერთია მისი დაცვის უფროსი, რომელიც უშიშროებასაც და პოლიციასაც აკონტროლებს. შესაბამისად, ამ ადამიანების დაუსჯელობა იმას ნიშნავს, რომ ისინი რაღაცისთვის სჭირდებათ. ახლა რომ დასაჯონ, იმავეს ხომ ვერ გააკეთებენ?! სხვა ჯგუფებსაც დაეკარგებათ მოტივაცია და იტყვიან, რომ სხვებმა რომ გააკეთეს და დასაჯეთ, ახლა ჩვენ ამას აღარ ვიზამთო.

ამიტომ ეუბნებიან, ხომ ხედავთ, სპორტსმენებმა დაუნგრიეს თავ-პირი ყველას, მაგრამ არც არაფერი არ მოხდა და მიდით ბიჭებო, ისევ გააკეთეთ იგივეო. სხვა რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ?! მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება, პრეზიდენტიც და პრემიერიც მათ დასჯას მოითხოვს, თუმცა ისინი პასუხსგებაში არ მიცემულან და თუ მსგავს რამეს არ გეგმავენ, მაშინ რატომ ხდება ეს?!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×