"ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი "რეზონანსთან" ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა სურს. მისი თქმით, შეუძლებელია ინფორმაციის დამალვა ისეთ მცირე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
ასევე აღნიშნავს, რომ დესტაბილიზაციის სურვილზე "რუსთავი 2"-თან მიხელ სააკაშვილის სიტყვებიც მიუთითებს, როდესაც ის აცხადებს, რომ არჩევნებამდე საქმის მიყვანა შეუძლებელია და ხალხის მობილიზება და ქუჩაში გამოყვანა უნდა მოხდეს.
გია ვოლსკი: ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ რაიმე დაიმალოს. სხვადასხვა წყაროდან მოდის ინფორმაცია, რომ რაღაც მზადება მიმდინარეობს. შეხვედრების დროს შეურაცხყოფით, და მსგავსი ქმედებებით ცდილობენ, სიტუაცია დაძაბონ და დაპირისპირებები გამოიწვიონ, რაც, სულ მცირე, არ წაადგება საქართველოს საკმაოდ მაღალ ავტორიტეტს საერთაშორისო ასპარეზზე.
მაგონდება ინტერვიუ, რომელიც სააკაშვილმა აგვისტოში მისცა "რუსთავი 2"-ს. ის პირდაპირ მიუთითებდა, რომ დაუშვებელია არჩევნებამდე საქმის მიყვანა და უნდა მოხდეს ხალხის მობილიზება ყველა რაიონში. ის პირდაპირ ამბობს, რომ ინტერნეტ-ქსელი ყველგან გააკეთეს, კომუნიკაცია შესაძლებელია და სწორედ ამის მეშვეობით მოხდებოდა ხალხის დარაზმვა და ქუჩაში გამოყვანა.
იმავეზე მეტყველებს მისი განცხადებები "რუსთავი 2"-თან ბარიკადების აღმართვაზე, სისხლის ღვრასა და დაძაბულობის პროვოცირებაზე; ეს ყველაფერი ისევ ძალაშია და არც არავის არ უარუყვია.
"რ": ხალხის მობილიზებაზე საუბრობთ და რამდენად არის იმის ალბათობა, რომ "ვარდების რევოლუციის" სცენარი განმეორდეს?
გ.ვ: მგონია, რომ ამის გამეორება შეუძლებელია. საზოგადოება კარგად ხედავს, სად არის სიკეთე და ძალა, რომელსაც მეტად რთულ საერთაშორისო და შიდა ვითარების პირობებში ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა უნდა.
"რ": "ნაციონალური მოძრაობა" მათი ოფისების დარბევაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. მათი თქმით, ქვეყანაში დაძაბულობის შემოტანა სწორედ "ოცნებას" უნდა.
გ.ვ: ერთადერთი მხარე, რომელსაც დაძაბულობა არ აწყობს, ეს საქართველოს ხელისუფლებაა და ამით ყველაფერი ნათქვამია. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ხალხის გარკვეული ნაწილი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი. ადამიანები, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიმართ, აუცილებელი არ არის, რომ "ქართულ ოცნებასთან" იყვნენ დაკავშირებული.
უამრავი ადამიანია, რომლებიც სრულიად აპოლიტიკური არიან, თუმცა გაუგონარი ძალადობა ახსოვთ. რასაკვირველია, ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მაგრამ თუ ვინმეს სახელმწიფოს დაზიანება არ სურს, არ უნდა ჩაიდინოს ისეთი რაღაც, რასაც ადვილად შეაფასებენ ძალადობად და დაპირისპირებად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ ვინმეს ინტერესებში არ არის დაძაბულობის შექმნა, ეს საქართველოს ხელისუფლებაა.