თიკო ოსმანოვა
07.09.2016

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს მის შევიწროებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კალაძე "ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების" პოზიციიდან ებრძვის. 

"კახა კალაძე, რომელიც სამი წელია ჩემთან ურთიერთობაშია, ყველა გზაზე ჩასაფრებულისა და ფეხის დამდების პოზიციიდან მებრძვის. კითხვის ნიშანი რომ არ გაჩნდეს, რა შუაშია კახა კალაძე, მე ერთ ისტორიას მოვყვები. 2013 წელს საერთოდ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას. მინდოდა, ბიზნესში, ენერგეტიკაში რაღაც პროექტის დაწყება, გორში ქარის წისქვილების დამონტაჟება.  შესაბამისი წინადადებით მივმართე მას და მისგან სრული იგნორირება მივიღე. 

 "ის ხელმძღვანელობდა უშუალოდ ჩემი საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების პროცესს 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. ის ხელმძღვანელობდა ამას როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოებში. ის ხელმძღვანელობდა არჩევნებს მთლიანად გორში, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას მივაღწიე, ის მომპარეს და წამაგებინეს. ის ხელმძღვანელობდა გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე ჩემი თანაგუნდელის, ილია მეტრეველის გადაყენებასაც. მან წინასწარვე იცოდა, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, მე არაფერი ასარჩევი აღარ მექნებოდა, თუ არა ის ნაბიჯი, რომელიც გადავდგი. მისი მხრიდან ეს ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა. დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ სხვანაირად ლოგიკური ახსნა ამას არ აქვს", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში .

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებასთან" საკმაოდ კონსტრუქციული იყო.

"ოცნებასთან" საკმაოდ კონსტრუქციული ვიყავი და საკმაოდ მკაფიო გზავნილები მქონდა. არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გასაჯაროებას და არ ვაპირებდი მათ თამაშში შუაში ჩადგომას. მაგრამ, თუ იქნებოდა გადაყენებული ჩემი თანაგუნდელი, მე სხვა არაფერი მრჩებოდა. გუშინ გადააყენეს ჩემი თანაგუნდელი და მე სხვა გზა აღარ დამრჩა. ყველანაირი წითელი ხაზი გადაიკვეთა," - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კალაძე ამ ბრალდებებს არ პასუხობს. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის გადაყენება საკრებულოს წევრებმა გადაწყვიტეს და კალაძის მითითება არ სჭირდებათ.

"კალაძე არის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც პროფესიულად უდგება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საქმებს. რაც შეეხება გორის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ეს საკრებულოს წევრების გადასაწყვეტია.

"საკრებულოში თავმჯდომარე უნდა იყოს ის, ვინც უმრავლესობისთვის მისაღებია და თანაც შესაბამისი რესურსი გააჩნია მისი მართვის. რამდენადაც ვიცი, როდესაც ადამიანს ასეთი რესურსი არ გაჩნია, საკრებულოს წევრებს მისი გადაყენების უფლება აქვთ. დეპუტატებს ამ გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეუძლიათ, არ არის აუცილებელი, ამას კახი კალაძე ან რომელიმე ჩვენგანი კარნახობდეს," - განუცხადა "რეზონანსს" ვოლსკიმ და ოქრუაშვილს მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები შეახსენა.

"ოქრუაშვილის წილად მოდის საკმაოდ სერიოზული დარღვევები ადამიანის უფლებების, ქონების წართმევის და სხვა კუთხით. ასე რომ, თუკი ოქრუაშვილი დღეს კიდევ არის პოლიტიკურ ასპარეზზე და თავისუფლად დაიარება ჩვენს ქვეყანაში, ეს, მგონი, ხელისუფლების დამსახურებაცაა. მის მიმართ დაუსაბუთებელი სამართლებრივი ბრალდებები რომ არ არის, ესეც ჩვენი დამსახურებაა. მას აქვს შესაძლებლობა, პოლიტიკაშიც გამოჩნდეს და სხვა ადგილებშიც. თუმცა საზოგადოებას მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს," - ამბობს ვოსლკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×