"ბატონ ბიძინას არასდროს დაუმალავს, რომ დავით უსუფაშვილის გადაბირება უნდოდა და ასეთ შემთხვევაში ყველაფერს ჰპირდებოდა. ასე ვთქვათ, როგორც ოქროს თევზი, ისე იყო. სწორედ იმიტომ, რომ ეს არ გამოუვიდა, ივანიშვილი გაღიზიანდა, თუმცა ვერ გეტყვით, ბოლო ხანების განცხადებები და "რესპუბლიკელებზე" შეტევა რამ გამოიწვია," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი.
როგორც ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ ღელავს და ნერვიულობს ყოფილი პრემიერი "რესპუბლიკელებზე", თუკი მიიჩნევს, რომ ამ პარტიის რეიტინგი მხოლოდ 1%-ს უტოლდება.
დეპუტატის თქმით, მაშინ, როცა მოქმედი პრემიერი 2 თვის წინ "პატრიოტთა ალიანსთან" ბლოკის შექმნას კატეგორიულად გამორიცხავდა, ახლა ივანიშვილის მხრიდან ირმა ინაშვილის ქება უცნაურად ჟღერს.
ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებსა და ამ საკითხისადმი "რესპუბლიკელების" დამოკიდებულებაზე "რეზონანსი" ლევან ბერძენიშვილს გაესაუბრა.
ლევან ბერძენიშვილი: პრინციპში, მთლიანობაში რომ შევაფასოთ ივანიშვილის განცხადებები, ყველაფერი მცდარი იყო. კარგ შემთხვევაში მას ბევრი რამ ეშლება, ხოლო ცუდში უბრალოდ ტყუის. რესპუბლიკური პარტიის რეიტინგი მხოლოდ არჩევნებზე გაირკვევა, იქვე ისიც გაირკევა, ვინ როგორი ექსპერტია. რამდენადაც მეტი იქნება ასეთი ტიპის ექსპერტი, იმდენად არასაიმედო და არაკეთილსინდისიერი გამოვა იგი.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს პარტიასა და "რესპუბლიკელების" რეიტინგს, ივანიშვილს პოლიტიკური პარტიის როლი საერთოდ არ ესმის. როგორც საბჭოთა მენტალობის ადამიანს, მასაც ჰგონია, რომ პოლიტიკის კეთება მისი, ერთი კაცის საქმეა და არა პოლიტიკური ძალებისა. ასე რომ, არაფერი ახალი იქ არ თქმულა, ესაა მისი აზრები, რომლითაც მან 2011 წლის საკუთარი თავის ვერსია დაამარცხა, როდესაც "რესპუბლიკელები" თავისთან მიიხმო.
"რეზონანსი": უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ? თავის დროზე, როდესაც "რესპუბლიკელები" კოალიციაში შეხვედით, სხვანაირად გაფასებდათ?
ლ.ბ: ივანიშვილმა თავად დაგვიძახა, მან გვთხოვა და დაგვასახელა, ჩვენ არავისთან მივსულვართ და არც პარტნიორობა გვითხოვია. ჩვენ ვიბრძოლეთ ერთად და სამართლიანადაც, თუმცა ამის შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა.
"რ": თუკი აზრთა სხვადასხვაობა გქონდათ, მანამდე რატომ არ გამოეთიშეთ კოალიციას?
ლ.ბ: რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მანამდეც მომხდარიყო, თუმცა ჩვენ იმ ამომრჩევლის დაპირებას ვასრულებდით, რომელსაც 2012 წელს კოალიციაში ბოლომდე დარჩენით მივეცით. ფორმალურად ჩვენ ახლაც კოალიციაში ვართ. პირადად ჩემთვის "რესპუბლიკელებზე" შეტევა გაუგებარია.
"რ": ექსპრემიერმა შეფასება არც დავით უსუფაშვილის მისამართით დაიშურა და თქვა, რომ პრემიერ კვირიკაშვილს ბევრად უფრო კარგი თვისებები აქვს, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ექსპრემიერის თქვენი ლიდერისადმი და ზოგადად პარტიისადმი ნეგატიური განწყობა?
ლ.ბ: რაც შეეხება უშუალოდ უსუფაშვილზე შეტევას, ისიც გაუგებარია, როცა ივანიშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის მსგავსი თვისებები უსუფაშვილს არ გააჩნია. ეს სწორია, რადგან კვირიკაშვილი უსუფაშვილის მსგავსი ვერ იქნება, იგი 38 წელია პარტიაშია, რომელსაც უზარმაზარი, 25-წლიანი პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია. კვირიკაშვილს კი პოლიტიკაში მოკრძალებული წვლილი აქვს შეტანილი.
ახლა არავინ მიმტკიცოს, რომ პრემიერი ვინმემ დანიშნა, კვირიკაშვილი ბიძინას რჩეულია და ეს ყველამ იცის. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ თუკი საქმე შედარებაზე მიდგება, მაშინ პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარეს ბევრი კომპონენტით ჩამორჩება და ეს ჩემი პირადი აზრი არ გახლავთ.
ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა, რომ 2011 წლის შემდგომ შევიცვალეთ ან რაიმეთი განსხვავებული ვართ, ამიტომ ეს შეკვითხვა თავად მას უნდა დაუსვათ. ჩვენ ვართ სტაბილური პარტია და იმას ვფიქრობთ ახლაც, რასაც 10 წლის წინ. ასე რომ, ცვლილება თავად ივანიშვილშია და არა ჩვენში.
"რ": გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ და თქვენმა ლიდერმა განაცხადა, რომ ივანიშვილის პოტენციური პარტნიორი ახლა ინაშვილის პარტია უფროა, ვიდრე "რესპუბლიკელები" ან თუნდაც "თავისუფალი დემოკრატები". თქვენი აზრით, ივანიშვილმა მმართველი გუნდის კურსი შეცვალა?
ლ.ბ: რა თქმა უნდა, სწორედ ამას ვამბობ. ივანიშვილი შეიცვალა და ამაში კურსისა და პარტნიორების ცვლილებაც იგულისხმება. ახლა "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" ნაცვლად, პოზიტიურად ირმა ინაშვილის პარტია მოიხსენია, როდესაც თქვა, რომ ისინი "ნაციონალების" სახეს სწორად ხედავენ. ინაშვილის მიმართ კეთილი სიტყვები არ დაიშურა და ის არასერიოზული განცხადებებიც გაიმეორა, რაც ბატონმა თარხან-მოურავმა ბათუმში გააკეთა. ახლა ეს ივანიშვილის პოზიციაც ყოფილა, რაც ძალიან საინტერესოა. უწინ სახელწიფოებრიობაზე საუბრობდა და ახლა ირკვევა, რომ ხელს ანტისახელმწიფოებრივ რაღაცებს უწყობს.
"რ": კერძოდ რას გულისხმობთ?
ლ.ბ: ის, რასაც "პარტიოტთა ალიანსი" ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეზობელთან აკეთებს, ვგულისხმობ თურქეთს, არ შეიძლება დადებითად ჩაითვალოს და ქვეყანას წაადგეს. იმ პარტიის ქება, რომელზეც 2-3 თვის წინ პრემიერმა პარტიის ალიანსი კატეგორიულად გამორიცხა, ახლა ცოტა უცნაურია. ეს კვირიკაშვილმა და ივანიშვილმა პარტიის შიგნით უნდა გაარკვიონ და ჩამოყალიბდნენ, ირმა ინაშვილი კარგია თუ ცუდი.
"რ": როგორ ფიქრობთ, ამ ფონზე რამდენად მოსალოდნელია "ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" გაერთიანება ან სამომავლოდ კოალიციური მთავრობის შექმნა?
ლ.ბ: თუკი კეთილად მოიხსენია, რატომაც არა? გამორიცხული არაფერია. ივანიშვილს იმედი აქვს, რომ კოალიციური მთავრობა არ დასჭირდება, მაგრამ თუკი დასჭირდება, რატომაც არა? - შექმნის ირმა ინაშვილთან. რაც შეეხება პროდასავლური კურსიდან "ოცნების" გადახვევას, ამაში ჯერჯერობით ბრალს ვერ დავდებ, რადგან ასეთი არაფერი მომხდარა, თუმცა როცა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება, მერე არავის არაფერი აღარ უკვირს.
სწორედ ამიტომ არ შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლება ერთპიროვნულად ჩაიბაროს, საჭიროა მრავალპარტიული პარლამენტი. საზოგადოებამ "ოცნებისა" და "ნაციონალების" გარდა სხვა პარტიებიც უნდა დაინახოს.