პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთ პრობლემად პარტიებში "საკადრო შიმშილს" მიიჩნევს. მისი თქმით, ეს ეხება როგორც მმართველ ძალას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. ფიქრობს, რომ უმეტეს შემთხვევაში საზოგადოება მის რეგიონსა თუ უბანში წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს საერთოდ არ იცნობს, რაც ხელს არც მმართველ ძალას და არც ოპოზიციურ სპექტრს არ აძლევს.
პოლიტოლოგი ჩვენთან საუბრისას წინასაარჩევნო კამპანიაში ექსპრემიერ ივანიშვილის ჩართვასაც შეეხო და თქვა, რომ მისი გააქტიურებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ივანიშვილის გარეშე "ოცნება" ქმედუნარიანი ვერაა.
წინასაარჩევნო პროცესებსა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე "რეზონანსი" სოსო ცინცაძეს გაესაუბრა.
სოსო ცინცაძე: თავდაპირველად ივანიშვილმა აბსოლუტურად სწორი კურსი აიღო, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში არ ერეოდა და პროცესებს გარედან უყურებდა. ახლა მისი გააქტიურება თითიდან გამოწოვილი და უსაფუძვლო არ გახლავთ, ე.ი. რაღაც აუცილებლობამ გამოიწვია. ამის მიზეზზე ჩვენ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვისაუბროთ. "ოცნებას" თავისი შიდა მოხმარების სოციოლოგიური გამოკითხვები აქვს, რასაც არ ახმაურებს. როგორც ჩანს, მისი შედეგი არცთუ ისე დიდი წარმატების მოლოდინს ქმნის.
ალბათ ამიტომაც გახდა საჭირო სტრატეგიული რეზერვისა თუ მძიმე არტილერიის გამოყენება და აქ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება, რომელიც "ოცნებისთვის" რესურსია. ერთი რამ კი დამტკიცდა, კერძოდ ის, რომ ივანიშვილის გარეშე "ოცნება" ქმედუნარიანი ვერაა. მეორე საკითხია, რა ფორმით ერთვება ის წინაასაარჩევნო კამპანიაში და მოიტანს თუ არა ეს შედეგს, თუმცა ჩვენთვის მისი ჩართულობის გამომწვევი მიზეზი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ფორმა.
"რ": თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ივანიშვილის დაბრუნება?
ლ.ბ: როგორც ჩანს, ივანიშვილი "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობით მაინცდამაინც კმაყოფილი არაა. ვფიქრობ, არც გუნდითაა კმაყოფილი. მისი ტონალობა, გაღიზიანება, წონასწორობიდან უცბად გამოსვლა - ეს არ გახლავთ ის ტონალობა, რომელიც 2012 წელს გამარჯვების შემდეგ ყოფილ პრემიერს ჰქონდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ბევრი რამ არ მოსწონს და ხშირად გაღიზიანებას ვერ მალავს. ვინ იფიქრებდა, რომ 4 წლის შემდეგ "ოცნებას" საქმე ასე გაურთულდებოდა.
"რ": მაინც რა სირთულეებს ხედავთ მმართველი გუნდის საქმიანობაში?
ს.ც: გნებავთ, ღირსეული კანდიდატების მოძებნა ავიღოთ. ხომ ხედავთ, რა ხალხი დააყენეს მაჟორიტარობის კანდიდატებად? - სულ უცნობებები. საზოგადოება მათ აბსოლუტურად არ იცნობს. მეორე საკითხია მოქმედი პრემიერი, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ პრობლემებზე ისაუბროს, თავის უმეტეს დროს ყოველდღიურად რეგიონებში აბსოლუტურად უცნობი ხალხის წარდგენას უთმობს.
გარდა ამისა, "ოცნებას" ძალიან ხშირად უხდება თავის მართლების რეჟიმში გადასვლა, რადგან არგუმენტი მძიმე მემკვიდრეობის შესახებ უკვე საკმარისი აღარაა. მაშინ "ნაციონალებისგან" შეიძლება სოციალურ ჭრილში კონტრარგუმენტიც კი მოისმინონ, რადგან მათ ამ კუთხით ათჯერ და ოცჯერ უფრო მძიმე მემკვიდრეობა მიიღეს. "ოცნების" ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მათ გრძელი სათადარიგო სკამი არ აღმოაჩნდათ, ისევე როგორც "ნაციონალებს". ყველაფერს ვიფიქრებდი და ზურაბიშვილის ქალს თუ საიდანღაც გამოჩხრეკდნენ და მომავალ პარლამენტში შესასვლელად მხარს დაუჭერდენენ, ამას კი ვერ წარმოვიდგენდი.
"რ": ივანიშვილმა თავის გამოსვლებში რესპუბლიკური პარტია და "თავისუფალი დემოკრატები" გააკრიტიკა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი და მომგებიანია "ოცნებისთვის" ახლა სხვა პარტიების რეიტინგებზე აპელირება?
ს.ც: ამ ფორმატმა შესაძლოა ელექტორატი ალტერნატივის გარეშე დატოვოს. ხალხი მივიდეს იმ აზრამდე, რომ ვინ თუ არა "ოცნება". იმიტომ კი არა, რომ "ოცნება" ძალიან კარგია, არამედ სხვაა სუსტი. მათი სურვილიც სწორედ ისაა, რომ ხალხს თავში ეს აზრი ჩაუტენონ.
აქ კიდევ სხვა პრობლემაა, ივანიშვილი ხომ მაღალი რანგის პოლიტიკოსი არაა? ის პოლიტიკაში სულ სხვა სფეროდან მოვიდა.
"რ": უსუფაშვილის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე რას ფიქრობთ?
ს.ც: ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ოპოზიცია უკვე მერამდენედ არჩევნებს დაქსაქსული ხვდება, ესეც ხომ რეალობა და ფაქტია. პრაქტიკულად გამოდის, რომ მხოლოდ ორი ძალაა - "ოცნება" და "ნაციონალები", დანარჩენებს კი უწევთ ამტკიცონ ის, რომ კვლევები სიცრუეა.
"რ": მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა "პატრიოტთა ალიანსის" მისამართით გარკვეული სიმპათია გამოხატა, გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლოა "ოცნებამ" ამ პარტიასთან საპარლამენტო კოალიცია შექმნას, თუ დასჭირდა. თქვენ როგორ უყურებთ ამ მოსაზრებას?
ს.ც: ვერ გეტყვით. ამ ლოგიკით, ივანიშვილს ბევრი ადამიანის მიმართ გამოუხატავს სიმპათია, რომელიც შემდგომ ანტიპათიით შეუცვლია. ფაქტი ისაა, რომ თვითონ ცხოვრებას მიჰყავს ჩვენი რეალობა იქითკენ, როგორ მდგომარეობაშიც ვვარდებით.
"რ": სხვა პარტიების შესაძლებლობებზე რას გვეტყვით? თქვენი აზრით, ბურჯანაძეს რა შანსი აქვს?
ს.ც: რაც შეეხება ბურჯანაძეს და მის პარტიას, როდესაც ნატო მაინცდამაინც არ გველოდება, ევროკავშირი საერთოდ არ გვიყურებს და ვიზალიბერალიზაცია ლამის დიპლომატიურ ტრიუმფად აღვიქვათ, ნინო ბურჯანაძის ქილიკი და აბსოლუტურად უსამართლო დემონირება ჩვენი საზოგადოების დაბალ პოლიტიკურ დონეზე მეტყველებს.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ევროპამ მილიონ-ნახევარ მუსულმანს კარი გაუღო და მთელი მსოფლიო ევროპის ისლამიზაციაზე საუბრობს. მთავარი ისაა, რომ ყველგან საკადრო შიმშილია. კიდევ ერთი, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს და მთრგუნავს, ფულის კულტია. ყველა და ყველაფერი იყიდება.
"რ": კერძოდ ვის გულისხმობთ?
ს.ც: მაგალითად "ქრისტიან-დემოკრატები", რომელიც ხელოვნური განაყოფირებით შეიქმნა. პირველი გაქცეულები სამუშია და გაბუნიაც არ დავიწყებია ხალხს. ახლა კიდევ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან გაქცეულები. გნებავთ "გირჩი" და "ახალი მემარჯვენეები" აიღეთ, რომლებიც ბურჭულაძეს შეუერთდნენ, ესეც გაყიდვა იყო. არ მჯერა, რომ მან ეს პარტიები სიამოვნებით მიიღო. გადაახვიეთ და ნახეთ, "გირჩი" ბურჭულაძეს რად მიიჩნევდა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ "გირჩის" შეკედლება ბუჭულაძის ინიციატივა არ იყო, რადგან ისე ეს პარტია წყალწაღებული იყო.
"რ": აბა ვისი ინიციატივა იყო?
ს.ც: ვერ გეტყვით, ჩემს ეჭვზე ასე ღიად საუბარი არ მსურს.
"რ": დაბოლოს, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალები" საარჩევნოდ პროვოკაციებსა და არეულობას გეგმავენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს ამის ნიადაგი?
ს.ც: ეს მხოლოდ ამგვარი განცხადებების ავტორების ფანტაზიის შეზღუდულობაზე მეტყველებს. გაიხსენეთ, 3 წლის წინანდელი განცხადებები, როცა ყოფილი შს მინისტრი "ნაციონალების" მიერ დადგმულ შესაძლო არეულობის სცენარზე საუბრობდა. საბურავების ამბავი ალბათ ყველას ახსოვს. არც სამშობლოს ღალატით აღძრული საქმე დაგვიწყებია, სადაა ის საქმე? დაიხურა? დღეს ამაზე ვიცინით.
როდესაც დღეს იმავეს საუბრობენ, ეს მხოლოდ უფანტაზიობაზე მეტყველებს. თქვე დალოცვილებო, სხვა რამე მოუგონეთ ამ "ნაციონალებს", რაღა სამი წლის წინანდელ ამბავს უხსენებთ. ხალხი ამას სერიოზულად არ იღებს ისევე როგორც ამ თმაგაჩეჩილი კობახიძის განცხადებებს, რომლის გამოსწორებაც მერე გუნდის სხვა წევრებს უხდებათ. გახსოვთ, რომ დაიმუქრა პრესას ვაჩვენებ, სამ დღეს ვერაფერს რომ ვერ დაბეჭდავსო? შემდეგ მისი განცხადების შეცვლა ვოლსკის დაევალა და თქვა, რომ სხვა რამეს გულისხმობდა. ჩუგოშვილი ვინაა საერთოდ, ხალხმა იცის? - ეს ყველაფერი არასოლიდურია.