სალომე სარიშვილი
07.09.2016

მმართველი ძალა წინასაარჩევნო პერიოდში გარკევულ დაძაბულობას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პროვოკაციების მოწყობა აქვს დაგეგმილი. თავად "ნაციონალები" კი ამბობენ, რომ არჩევნებში "ოცნების" წაგება გარდაუვალია, ამიტომ მას წინასაარჩევნო პროცესის აბსურდული ბრალდებებით წარმართვა აქვს გადაწყვეტილი. ექსპერტებში კი ამ საკითხზე აზრთა სხვაობაა, ისინი ორი შესაძლო სცენარის განვითარებაზე საუბრობენ.

 "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გარკვეული ტიპის პროვოკაციებია დაგეგმილი. მისივე თქმით, პარტიაში ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მიდის და ბუნებრივია, როდესაც პროვოკაციები პოლიტიკური გაერთიანების მიერ იგეგმება, ეს ინფორმაცია გარეთ ჟონავს.

"თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი პროვოკაციები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს აუცილებლად მივმართავთ," - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ პროვოკაციების განხორციელებისთვის მათ შეიძლება გამოიყენონ როგორც უშუალოდ თავიანთი სტრუქტურები, "ისე მათთან ასოცირებული ძველი თუ ახალი ორგანიზაციები და ეს შეიძლება იყოს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ან სხვა ტიპის დაჯგუფებები, მათ შორის "თავისუფალი ზონა".

"რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" მასთან ასოცირებული ორგანიზაციების გარკვეული ქსელი აქვს, რომელსაც  პროვოკაციებისთვის გამოიყენებენ, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაშინ, როდესაც პროვოკაციები მათ მიერ იქნება განხორციელებული.

"ჩვენი მიზანია პრევენცია, ჩვენი ამოცანაა ყველანაირი გართულების თავიდან აცილება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ არჩევნებზე, როგორც მმართველი პარტია. აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, კორექტულად და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ," - განაცხადა კობახიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს. ამბობს, რომ მმართველი გუნდის არჩევნებში წაგება გარდაუვალია, ამიტომ "ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს, წინასაარჩევნო პროცესი აბსურდული ბრალდებებით წარმართოს.

"ასეთი ტიპის ბრალდება მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებს, "ქართული ოცნება" დარწმუნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა აქვს," - აცხადებს სამადაშვილი. მისი თქმით, "ოცნება" ახლა ყველანაირი მეთოდით ცდილობს, პარტიას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალოს.

"ქურდს კუდი ეწვოდა, ამ ანდაზას მაგონებს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც კორცხელი მოაწყო, რომელიც ყოველდღე ოპოზიციის ოფისებს თავს ესხმის. ეს არის "ქართული ოცნების" სისუსტის ნიშანი," - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კანდელაკი მმართველი გუნდის წარმომადგენლების ბრალდებებს პროვოკაციების მოწყობაზე. პარტიაში მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" ხელს საზოგადოების დეგრადირებას უწყობს.

"სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, იმიტომ, რომ ეს ადამიანები მართავენ დღეს ჩვენს ქვეყანას. "ქართული ოცნება" არა მარტო ვნებს, არამედ დეგრადირებას უკეთებს ადამიანებს - ეს არის ჩუგოშვილის მაგალითი," - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები მოსალოდნელ არეულობაზე არასერიოზული და საფუძველს მოკლებულია. მისი შეფასებით, მმართველ ძალას შეუძლია, მსგავს ფაქტებზე მხოლოდ რეაგირება მოახდინოს და ამაზე ღიად არ ისაუბროს, თუმცა ნაცვლად ამისა, საზოგადოებაში ხელოვნურად შიშსა და პანიკას თესავს.

"როდესაც ხელისუფლება ან მისი წარმომადგენლები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, არაფრით არ შემიძლია ეს სერიოზულად აღვიქვა. მთელი 25 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფალი არჩევნების წინ ლაპარაკობდა იმაზე, რომ ოპოზიცია რაღაცას ამზადებს ან გეგმავს. თუკი ამ პარტიაში მსგავსი სიგნალები მიდის და თანაც ისეთ პარტიაში, რომლის ხელშიც უშიშროება, პოლიცია და ყველა ძალოვანი სტრუქტურაა, ადგეს და გამოიძიოს. რა უბედურებაა ეს?

"შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას" ან ვიღაცას დაძაბულობა მართლაც სურს, მაგრამ არანაირი ასეთი არეულობის მცდელობა არ ჩანს. რამდენიც არ უნდა უნდოდეს ეს ვინმეს, თუკი საამისო ბაზა არ გააჩნია, ასეთი რამ არ და ვერც მოხდება. ასეთი განცხადებები ემსახურება იმას, რომ როგორმე საზოგადოებაში დაძაბულობა ხელოვნურად შემოიტანონ, ეს კი ხელს აძლევს, როგორც მმართველ გუნდს, ისე თავად "ნაციონალებს".

"ე.ი. გამოდის, რომ მთელი საზოგადოება გაფაციცებით უნდა ველოდოთ, არიქა, "ნაციონალებმა" ან "ოცნებამ" რაიმე უბედურება არ დაატრიალოს," - განუცხადა "რეზონანსს" ძაბირაძემ და იქვე დაუმატა, რომ შესაძლოა ეს მეთოდი "ოცნების" საარჩევნო პიარკამპანიის ერთ-ერთი ნაწილიც იყოს.

"ქართული ოცნება" დაკარგული ამომრჩეველის ამგვარი ფორმით მოტრიალებას ცდილობს. ეს ერთგვარი დაშინებაა მოსახლეობისა, რომ თუკი მხარს მათ არ დაუჭერს, აი, "ნაციონალები" უბედურებას დაატრიალებენო," -  ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

მისგან განსხვავებით პოლიტოლოგი იგორ კვესელავა მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის განცხადება საფუძველს მოკლებული ვერ იქნება, რადგან ამ არჩევნებზე "ნაციონალების" "ბოლო გაბრძოლება" იქნება და შესაბამისად, ისინი გარკვეული არეულობისა თუ აქციების მოწყობას არ მოერიდებიან.

"8 ოქტომბერს მათ უნდა დაასრულონ თავიანთი გედის სიმღერა, ამიტომაც ახლა ყველა რესურსის გამოყენებას ცდილობენ საიმისოდ, რომ გარკვეული დაძაბულობა შექმნან. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ძალა ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში იყო, ის ფლობს საარჩევნო ტექნოლოგიებს და ძალიან კარგად იციან, რა, როგორ უნდა აკეთოს.

"ვფიქრობ, ასეც მოიქცევიან, ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით გარკვეულ პრევენციას ცდილობენ და ეს გამართლებულიცაა. დესტრუქციული მოქმედებების პრევენცია სწორედაც რომ აგვარი გზითაა შესაძლებელი და ეს გასულ წლებშიც კარგად გამოჩნდა. ამდენად, არჩევნებზე გაცილებით რთულ პროცესებს უნდა ველოდოთ, ვიდრე ახლაა," - აღნიშნავს იგორ კვესელავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×