ნათობპროდუქტებისა და ფარმაცევტულ ბიზნესში ყველაზე დიდი ბრძოლაა გაჩაღებული
ელზა წიკლაური
07.09.2016

საწვავის ბაზარზე კონკურენცია გაიზარდა, არაბრენდული ავტოგასამართი სადგურების რიცხვი თითქმის მსხვილი კომპანიების მფლობელობაში არსებულის აგს-ების რაოდენობას გაუტოლდა.  კონკურენციამ მოიმატა ფარმაცევტულ ბაზარზეც, არაბრენდული აფთიაქები დედაქალაქის ყველა უბანში იხსნება. მანამდე თბილისში ერთიმეორეს მიყოლებით ჩნდებოდა ახალი სუპერმარკეტებიც.

1,2-მილიონიანი ქალაქისთვის ამ რაოდენობით ბენზინგასამართი სადგურები, აფთიაქები თუ სუპერმარკეტები არაბუნებრივად ბევრია და დროთა განმავლობაში მათი განვითარების პრობლემა გაჩნდება.  ეკონომისტების თქმით, გამორიცხული არ არის, რომ მომავალში მათ ოპერირება ძალიან გაუჭირდეთ.

არაბრენდული ავტოგასამართი სადგურები და აფთიაქები დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში სოკოებივით მომრავლდა.  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, დღეისათვის მსხვილი, 5 ბრენდული კომპანია ბაზარზე 560 ავტოგასამართ სადგურს ფლობს. არანაკლები მცირეა, არაბრენდული კომპანიების ავტოგასამართი სადგურების რაოდენობაც, რომელიც დღეს დაახლოებით 500 ერთეულს შეადგენს.

"ძალიან გაიზარდა მცირე კომპანიების წილი ბაზარზე, როგორც რაოდენობრივად, ასევე გეოგრაფიული დაფარვითაც. შესაბამისად, კონკურენციაც გაიზარდა. ეს დაეტყო გაყიდვასაც, რომლის სტრუქტურაში მცირე კომპანიების წილი მნიშვნელოვნად არის მომატებული. სრულიად გასხვავებული ფასია ყველგან, მათ შორის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს შორისაც კი. შეიძლება ითქვას, მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს, როგორც ფასის, ასევე მომსახურების კუთხით", - განუცხადა "ჯიბისის" ვანო მთვრალაშვილმა.

თითქმის ასეთივე სიტუაციაა ფარმაცევტულ ბაზარზეც, თუმცა როგორც წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბარამიძე აცხადებს, ახალგახსნილი პატარა აფთიაქები, სავარაუდოდ, ბრენდულის კუთვნილებაა: "და თუ რომელიმე მათგანი არ არის დიდი აფთიაქის შვილობილი, მას წამლის ყიდვა და აფთიაქში შეტანა მაინც დიდი აფთიაქისგან უწევს".

"აფთიაქებთან მიმართებაში არავითარი კონკურენცია არ არსებობს და აქ ბაზრის თავისუფლება არ არის მთავარი.  მნიშვნელოვანია ის, რომ წამალი გახდა მოთხოვნადი. საღამოობით აფთიაქებში რიგი დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმები ბევრ წამალს უწერენ პაციენტებს და თანაც ისეთ მედიკამენტებს, რომელებიც რეალურად არ სჭირდებათ. ეს არის სერიოზული პრობლემა.  აფთიაქების გახსნაც ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობის შედეგია და ამას კონკურენციასთან არავითარი კავშირი არ აქვს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

არაბრენდული ბენზინგასამართი სადგურებისა თუ აფთიაქების გახსნა, ერთი მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარი თავისუფალია.  მეორე მიზეზად კი შეიძლება მზარდი მოთხოვნა ჩაითვალოს. დღეს ბიზნესის ამ სფეროში ფულის "გაკეთება" ყველაზე ადვილია და შესაბამისად, ადამიანები ცდილობენ კაპიტალი იქ ჩადონ, საიდანაც მოგებას სწრაფად მიიღებენ.

ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას თქმით, ის, რომ არაბრენდულ, ან ნაკლებად ცნობილ კომპანიებს აქვთ აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები გახსნილი, ეს არ ნიშნავს, რომ ბაზარზე კონკურენცია მაღალია. თავისუფალია ბაზარი და მეწარმეები ცდილობენ, რომ საქმე დაიწყონ ამ სფეროში: "ეს განპირობებულია იმით, რომ მოგების ნორმა ამ სფეროში მისაღებია", - ამბობს ჯგერენაია.

გარდა ამისა, ამ ბიზნესში ბრუნდებიან ისინიც, ვისაც რამდენიმე წლის წინ იძულებით მოუხდა ბაზრიდან გასვლა:  "სამომავლოდ მნიშვნელოვანია ის, გადარჩებიან თუ არა მცირე კომპანიები. ამას, რა თქმა უნდა, ბაზარი გვაჩვენებს. ერთი რამ მისასალმებელია, რომ ბაზარი თავისუფალია, შეუძლიათ აკეთონ ბიზნესი და ზეწოლა არ არის", - ამბობს ჯგერენაია.

საკმაოდ სერიოზული "შემოსევაა" სურსათის ბაზარზე, ბოლო დროს ძალიან ბევრი სუპერმარკეტი და ჰიპერმარკეტი გაიხსნა და იხსნება.  ასევე მომრავლდა საკონდიტროებიც: "თუმცა აქაც მნიშვნელოვანია ის, გადარჩებიან თუ არა და რამდენად აიტანს თბილისი ამ რაოდენობით ბიზნესოპერატორებს - სუპერმარკეტს, საცხობს, აფთიაქს, ავტოგასამართ სადგურს და ა.შ.", - დასძინა "რეზონანსთან" საუბრისას ემზარ ჯგერენაიამ.

იმათ, რომ დედაქალაქში ბევრი სუპერმარკეტებისა თუ ჰიპერმარკეტების ქსელი მოქმედებს, "რეზონანსი" უკვე წერდა და ახალი არ არის. მათ შორის, "გუდვილი", "სმარტი", "კარფური", "ფურშეტ ჯორჯია", "ფრესკო", "ორი ნაბიჯი", "ნიკორა", "იოლი", "ფუდმარტი", "ვეჯინი", "სპარი" და ა.შ. რამდენიმე თვის წინ კი ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ჰიპერმარკეტი "ლიბრე" გამოჩნდა.  "კარფური" კი უახლოეს დღეებში კიდევ ერთი სუპერმარკეტს გახსნის.

განსხვავებით თბილისისა, ევროპის დედაქალაქებში საშუალო 4-6 სუპერმარკეტის ქსელი მოქმედებს და თანაც, მათი 99% საღამოს 8-9 საათზე იხურება და კვირას საერთოდ არ მუშაობს. ამ დროს კი დატვირთვა მცირე მარკეტებზე მოდის. თბილისში კი სუპერმარკეტების 99% 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და თანაც კვირაში 7 დღე.  თუ რომელიმე ქუჩაზე ერთი ქსელის მაღაზია გაიხსნა, მეორე თვეს იმავე ქუჩაზე მეორე ქსელი ხსნის სუპერმარკეტს.

ეკონომისტები თვლიან, რომ საქართველოში სუპერმარკეტების ქსელის გაფართოება და ბაზარზე ახალი ბრენდების შემოსვლა, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის რეალური სექტორი არ მუშაობს. ეს კი, საბოლოო ჯამში, სუპერმარკეტების მუშაობაზე ცუდად აისახება. გამორიცხული არ არის, რომ პრობლემა შემდგომ უკვე არაბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებს და აფთიაქებსაც შეექმნას, ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით ეკონომისტები უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი.

რომელი კომპანია შეძლებს ბაზარზე დარჩენას და რომელი გაქრება, ეს ერთი მხრივ მენეჯმენტის პროფესიონალიზმზე, მეორე მხრივ კი მოთხოვნაზეა დამოკიდებული. თუ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დაირღვა, ცხადია, სავაჭრო ობიექტებს არსებობა ძალიან გაუჭირდებათ და მცირე მარკეტების ანალოგიურად, შენობების ფასადებზე წარწერა - "ქირავდება" - გაჩნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×