"მიწის რეგისტრაციის გამარტივებამ სტიმული მისცა ხალხს და მოქალაქეების მოზღვავებაც ამით არის განპირობებული"
მარი ჩიტაია
07.09.2016

მიწის რეგისტრაციის რეფორმის პირველი ეტაპი წარმატებული აღმოჩნდა. 1-ლი აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შევიდა. მიღწეული შედეგით, რომელიც ჯერჯერობით 1 თვის მონაცემს ასახავს, იუსტიციის მინისტრი კმაყოფილია და მის განწყობას ქართველი ექსპერტებიც იზიარებენ, თუმცა პროექტთან დაკავშირებით სკეპტიკურ დამოკიდებულებას მაინც იჩენენ. სპეციალისტების ვარაუდით, მიმდინარე რეფორმის საშუალებით, შესაძლოა, მთლიანი მიწის 10%-ის რეგისტრაცია მოხერხდეს, რაც საკმარისი არის.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინფორმაციით, 1-ლი აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში შემოსული 45 575 განცხადებიდან 12 164 შემთხვევაში, საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოქალაქეს მიწა დაურეგისტრირა.

 როგორც მინისტრმა განმარტა, 25 743-ის შემთხვევაში, საჯარო რეესტრმა, რეფორმის შედეგად შეძენილი ახალი უფლებამოსილებების წყალობით, მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობა ასევე წარმატებით დასრულდება. 4 648 განცხადება კი ამჟამად შესწავლის პროცესშია.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, განცხადებების წარდგენის კუთხით, ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა გარდაბანი, მცხეთა, თბილისი, მარნეული, ოზურგეთი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, გორი და ლანჩხუთი.

"ერთი თვის განმავლობაში დღეში, საშუალოდ, 1400 განცხადება შემოდიოდა, ხოლო რეკორდულად დიდი ოდენობით განცხადება 31 აგვისტოს შემოვიდა (4994). მოქალაქეთა ასეთმა მოზღვავებამ საჯარო რეესტრის ასეულობით თანამშრომლის განსაკუთრებული ძალისხმევა მოითხოვა. თითოეულ განცხადებაზე რეგისტრატორი მოქალაქეს ტელეფონით უკავშირდება და მის თაობაზე დამატებით განმარტებებს პირადად აწვდის. მიხარია, რომ დღეს თამამად შემიძლია, მადლობა ვუთხრა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მოქალაქის ინტერესში წარმატებული მუშაობისათვის. ეს რეფორმა მთლიანად ცვლის საჯარო რეესტრს და მას მოქალაქის მეგობრად აქცევს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძის შეფასებით, მიწის რეგისტრაციის გამარტივებამ მოქალაქეებს ფინანსური ტვირთი მთლიანად მოუხსნა.

"ეს რეფორმა რომ არ ყოფილიყო და საჯარო რეესტრში 1 თვეში იმავე ოდენობის განცხადება შემოსულიყო, მხოლოდ საქართველოს ეროვნული არქივიდან მოქალაქეებს 23 344 ცნობა თავისით უნდა გამოეთხოვათ და ამაში ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაეხადათ, მთავრობამ და პარლამენტმა კი ეს და სხვა ფინანსური ტვირთი მოქალაქეს მთლიანად მოუხსნა", - განაცხადა უგრეხელიძემ.

ოფიციალური უწყების წარმომადგენელთა მოსაზრებებს აბსოლუტურად იზიარებს ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი მათე გარდავა. მისი აზრით, სამომავლოდაც ძირეული ცვლილებებია განსახორციელებელი, რომ მიწა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მასობრივად გადავიდეს კერძო საკუთრებაში.

"მიწა უნდა გახდეს ჩვენი მოქალაქეების საკუთრება, მისი უმეტესი ნაწილი მაინც. დღეს თუ ხვალ, ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს. ის, რომ რეფორმის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა, ჯერჯერობით ვერ მოგვცემს შედეგს, თუ სისტემური მიდგომა არ ექნება ქვეყანაში. 

დღესდღეობით მიწების 60-65% რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს პრობლემა საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. რეგისტრაციის გამარტივება დადებითად უნდა ჩავუთვალოთ ამ მთავრობას. სწორია დამოკდიებულება, როცა მიწების რეგისტრაცია მარტივდება. ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს არის კარგი", - აცხადებს გარდავა.

მისი აზრით, ყველაზე მარტივი გზაა, რომ მთავრობამ დაურეგისტრირებელი მიწების პრივატიზება სამომავლოდაც უფასოდ მოახდინოს.

"მიწის რეგისტრაციის გამარტივებამ სტიმული მისცა ხალხს და მოქალაქეების მოზღვავებაც ამით არის განპირობებული. საუბარი არის მიწების რეგისტრაციის რაღაც რაოდენობაზე, რეალურად კი რჩება ძალიან ბევრი მიწის ნაკვეთი, რომელიც უნდა გადავიდეს კერძო საკუთრებაში. 

2010-12 წლებში, როდესაც აქტიურად მიმდინარეობდა მიწების პრივატიზაცია, მოსახლეობამ 19 000 ჰა ფართობის დარეგისტრირება მოახდინა, ასეთი ფაქტი ქვეყანაში მანამადე არც ყოფილა. თუ მთავრობა კეთილ ნებას გამოიჩენს და მოსახლეობას შეღავათს გაუწევს ან სულაც გააუქმებს გადასახადს და უფასო პრივატიზაციას მოახდენს, შესაძლოა, 0,5 მლნ ჰექტარი გადავიდეს კერძო მფლობელობაში", - აცხადებს გარდავა.

ერთი თვის განმავლობაში, საჯარო რეესტრმა სხვადასხვა უწყებაში 67 973 წერილი გაგზავნა მოქალაქის ინტერესში საბუთების გამოთხოვის შუამდგომლობით. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სწრაფი და მრავალრიცხოვანი გამოხმაურებით ყველაზე აქტიური ეროვნული არქივი (9 412 პასუხი), ფინანსთა სამინისტრო (2 923 პასუხი) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (813 პასუხი), ხოლო მუნიციპალიტეტებიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი (311 პასუხი) აღმოჩდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×