პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ნატო-ში შესვლამდე საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ სამხედრო ექსპერტები არარეალურს უწოდებენ და ამას რუსეთის ფაქტორით ხსნიან.
"დღეს პირველად ვაცხადებ, რესპუბლიკური პარტია ამ არჩევნების წინ და არჩევნების შემდგომ ისახავს მიზნად, სანამ ნატოს წევრობა გახდება რეალობა, საქართველომ უნდა იზრუნოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების განთავსებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის აუცილებელი, რომელიც რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად უნდა დაისახოს ქართულმა სახელმწიფომ. იმიტომ, რომ ის ვითარება რომელიც ჩამოყალიბდა არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ კიდევ უფრო ვრცელ გეოპოლიტიკურ სივრცეში, გვავალდებულებს მივიღოთ არაორდინალური გადაწყვეტილებები," - განაცხადა უსუფაშვილმა. ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის თქმით, ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებისთვის საუკეთესო პერიოდი 1996-1999 წლები იყო, როცა რუსეთი რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"ამ ეტაპზე ეს არარეალურად მიმაჩნია, ვისი ინიციატივაც უნდა იყოს ეს. მაგრამ ამერიკული ბაზები რომ განთავსებულიყო საქართველოში აფხაზეთის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთი იყო ყველაზე რთულ პერიოდში, ძალიან კარგი იქნებოდა.
"ეს იყო 1996-1999 წლები, როდესაც ჩეჩნეთის ომი მიმდინარეობდა. ეს საუკეთესო პერიოდი იყო, რომ ამერიკელები ან თუნდაც ნატო შემოსულიყო და დამდგარიყო პირდაპირ საქართველოში. რუსეთს მაშინ არც ძალა ჰქონდა და არც სურვილი, რომ ემოქმედა.
"ამით საქართველოს, ამერიკის და რუსეთის ისტორია სხვანაირად წავიდოდა. დღეს რუსეთი ნატოზე ძლიერია იმ კუთხით, რომ პუტინი აკეთებს იმას, რაც უნდა, ის მიდის ვაბანკზე, რაც არ შეუძლია ნატოს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ალადაშვილი.
მისივე თქმით, ნატოსთვის განგაშის ზარი 2004 წელს უნდა გაჟღერებულიყო.
"ნატომ დაუშვა უდიდესი შეცდომა, როდესაც ვერ გამოიყენა ის პერიოდი, როცა რუსეთი სუსტი იყო. ნატოსთვის პირველი განგაშის ზარი 2004 წელს უნდა ყოფილიყო, მაშინ დაიწყო რუსეთმა ბრჭყალების გამოჩენა.
"ამერიკელებს რომ მოენდომებინათ, საბჭოთა კავშირის დაშლის მეორე დღესვე შეეძლოთ განეთავსებინათ თავის ბაზები ჩვენს ტერიტორიაზე. დღეს კი უკვე პრობლემაა და ამას რუსეთის ფაქტორი განაპირობებს," - გვითხრა ალადაშვილმა.
წინასაარჩევნოდ ასეთი სახის განცხადებას მიუღებლად მიიჩნევს ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე. მისი თქმით, ეს ქვეყნისთვის წამგებიანი იქნება.
"ჩემთვის მიუღებელია წინასაარჩევნოდ მსგავსი ინიციატივების გაჟღერება, გინდათ ეს იყოს უბლოკო სტატუსზე საუბარი, გინდათ აშშ-ის ჯარების შემოყვანაზე. ეს წამგებიანია ქვეყნისთვის. ნიშნავს, რომ ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით.
"ასეთი საკითხის გადაწყვეტას რეფერენდუმი ესაჭიროება, რადგან რეფერენდუმის გარეშე შესაძლოა, სანამ აქ ვინმეს შემოვიყვანთ, საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვეს და სამოქალაქო ომამდე მივიდეს ქვეყანა.
"ნატოსკენ ლტოლვა და შემდეგ ნატოს ბაზების განთავსება, ეს სულ სხვა თემაა, არსებობს მოსახლეობის სურვილი და მშვიდად მივიწევთ, ნაბიჯ-ნაბიჯ.
"ამერიკის ბაზების განთავსებას ამერიკის სურვილიც ესაჭიროება. წავა ამერიკა ამ გზით?! ჯერ მათთვის უნდა გვეკითხა, თანაც საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე.
"თუ ორი სახელმწიფოს სურვილი იქნება, ამ საკითხს წინ არაფერი დაუდგება, თუმცა ვფიქრობ, ამერიკა ამისთვის მზად არ არის," - უთხრა "რეზონანსს" სალუქვაძემ.
მისი თქმით, რუსეთს ამ საკითხზე საკმაოდ მწვავე რეაქცია ექნება.
"რუსული მედია უკვე ატრიალებს ამ განცხადებას. არ ვამბობ, რომ მგლის შიშით ტყეში არ უნდა წახვიდე, მაგრამ რეაქცია მწვავე იქნება და არ გამოვრიცხავ, სანამ ჩვენ მოლაპარაკებებს დავიწყებთ, რუსეთი უფრო წინ წამოვიდეს. გახსოვთ, რომ ელცინის რუსეთმაც კი კოსოვოში, სანამ ნატო გადაწყვეტილებას ამზადებდა, სადესანტო ასეულის მარში ჩაატარა და აეროდრომი დაიკავა. სანამ მსოფლიომ გაიღვიძა, იქ უკვე რუსები იდგნენ.
"მსგავს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობისა და კონსტიტუციურ საკითხებს ასე მოუმზადებლად გაჟღერება არ უნდა. ჩაატარონ განხილვა ჯერ მთავრობაში, საექსპერტო წრეებში, შემდეგ უშიშროების საბჭოზე და შემდეგ დაელაპარაკონ იმ მხარეს, ვისი ბაზების განლაგებაც გვსურს," - გვითხრა სალუქვაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით კი ინიციატივა ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე უარი უნდა თქვას.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მავნებლური განცხადება დავით უსუფაშვილის მხრიდან გაჟღერდა. უსუფაშვილი ნამდვილად სერიოზული პოლიტიკოსია და არ შეიძლება მან არ იცოდეს ან ვერ აცნობიერებდეს, რას ნიშნავს ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ორი ურთიერთდაპირისპირებული სახელმწიფოს ჯარების განთავსება.
"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები უკანონოდ არის განლაგებული. რა თქმა უნდა, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ტერიტორიაა, ახლა საქართველოს სხვა ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარის შემოყვანა, მით უმეტეს ამერიკულის, რომელიც რუსეთთან კონფრონატციულ რეჟიმშია, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს პირდაპირ ურტყამს. ეს ქვეყნის გახლეჩვას ნიშნავს.
"ეს არის კვიპროსის მოდელი, სადაც ორი ქვეყნის ჯარი დგას - ბრიტანული და თურქული ჯარები. კვიპროსი 50 წელია გახლეჩილია და გაერთიანების რეალური შანსი დღესაც არა აქვს. კვიპროსის შემთხვევაც კი გაცილებით უკეთესია იმაზე, რასაც ბატონი უსუფაშვილი ამ ინიციატივით გვთვაზობს. კვიპროსში დგას ნატოს ორი წევრი სახელმწიფოს ჯარი, რომლებიც ერთმანეთთან არ არიან დაპირისპირებულები. ამის მიუხედავად მოლაპარაკება მაინც ვერ შეძლეს," - განუცხადა "აიპრესს" ბურჯანაძემ.
მისივე შეფასებით, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარი უკვე დგას, უსუფაშვილის ინიციატივა ათასჯერ უფრო მიუღებელია.
"ჯერ ერთი, მე არ მესმის, როგორ შეიძლება მოითხოვოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკოსმა უცხო ქვეყნის ჯარის შემოყვანა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს წარმოუდგენელია და ასეთი იდეა მხოლოდ რესპუბლიკურ პარტიას შეიძლება მოუვიდეს თავში. ასეთი მოდელი ნიშნავს იმას, რომ საქართველო ორი დაპირისპირებული ქვეყნის პოლიგონად იქცევა. ეს ნიშნავს ქვეყნის გაყოფას და დანაწევრებას. ამერიკული ბაზების განთავსებით ჩვენი ქვეყნიდან ამერიკის ჯარს ხომ ვერ გავიყვანთ, რუსები კი ვეღარასოდეს ვეღარ გავლენ," - განაცხადა ბურჯანაძემ.