ლიკა გურაბანიძე
09.09.2016

7 სექტემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო ეწვია. დელეგაციას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებიც იყვნენ.  

ვიზიტის ფარგლებში იენს სტოლტენბერგი მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო სექტორსა და სტუდენტებს შეხვდა.  როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა წევრობისკენ მიმავალ გზაზე დაეხმაროს.  

"დღეს უფრო მეტი საქართველოა ნატოში და მეტი ნატო საქართველოში. ნატოს მოკავშირეები რეალური შთაბეჭდილების ქვეშ ვიმყოფებით იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ გადადგა."  

მისივე თქმით, რეფორმები აძლევს საქართველოს საშუალებას იმოძრაოს ევროპის მიმართულებით. ნატოს გენერალური მდივანი დარწმუნებულია, რომ ქართველ ხალხს შეუძლია რუსულ პროპაგანდას ებრძოლოს. მისი თქმით, პროპაგანდას უნდა ებრძოლოს თვითონ ქართველი ხალხი და ნატო ამას მის მაგივრად ვერ გააკეთებს.  

რა ძირითადი გზავნილები დაინახეთ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 ქეთი ბექაური (იურისტი): "მე მოვუსმინე იენს სტოლტენბერგის გამოსვლას და ეს მესიჯია იმის შესახებ, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი თავის ნებას - "მეტი ნატო საქართველოში" ადასტურებს, ეს ვიზიტი ასე უნდა შევაფასოთ.  

"როდის მოხდება ჩვენი ნატოში გაწევრიანება, ეს კონკრეტულად არ სახელდება, თუმცა ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე და ნაბიჯების გადადგმაზე საუბარი მუდმივად არის. 

შესაძლოა ითქვას, რომ მე, როგორც მოქალაქეს, მეტი მოლოდინი და სურვილი მქონდა, რომ კონკრეტულად გაწევრიანების თარიღი დასახელებულიყო. თუმცა ეს ყველაფერი მაინც იმედის მომცემია." 

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "ნატო მოწადინებულია, რომ როდესაც ამის საშუალება ექნებათ, საქართველო გახდეს მისი ნაწილი. ჯერ ნატოს ამის შესაძლებლობა არ აქვს, მაგრამ ის უშვებს ყველანაირ გზავნილს, რომ საქართველომ გული არ გაიტეხოს. 

თუმცა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესები, არც ჩვენ ვიცით და არც იენს სტოლტენბერგმა. ნატო განუწყვეტლივ უშვებს სიგნალს, რომ ეს პროცესი მალე დადგება. ზოგადად, საქართველოსთვის ნატო უსაფრთხოების თვალსაზრისითაა საინტერესო."

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "ჩემი აზრით, ბოლო პერიოდში კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება რუსეთ-თუქეთის ურთიერთობით კიდევ უფრო დამძიმდა. ნატოს გენერალური მდივნის ჩამობრძანება სერიოზული სიგნალი და მესიჯია ჩვენთვის და ჩვენი მეზობლებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ ნატოს ინტერესი არ შემცირებულა. ნატოს გენერალურმა მდივანმა გაფართოვების თემას კვლავ გაუსვა ხაზი. ასევე საუბარი ცივილიზებული ფორმით არჩევნების ჩატარებას შეეხო, რასაც ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს."

 

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): "ჩვენი ხელისუფლების აქტიურობის შედეგია ის, რომ ეს შეხვედრა აქ, საქართველოში გაიმართა. ნატოს დელეგაციისა და მისი მდივნის ჩამოსვლა ერთობ მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჩამოსულიყო. ეს ვიზიტი ჩვენდამი მის ყურადღებას ადასტურებს. სტოლტენბერგის ვიზიტი წინასაარჩევნოდ დაემთხვა, თუმცა ეს სარეკლამო ხასიათის არ იქნება."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×