რამაზ საყვარელიძე: იკითხება კვირიკაშვილის გუნდის წარმომადგენლობაც და ალბათ სხვებისაც
თაკო მათეიშვილი
10.09.2016

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "ქართული ოცნების" პროპორციულ სიას აფასებს და ამბობს, რომ პარტიის ხლემძღვანელობა სწორად მოიქცა, როცა წინა პლანზე ახალგაზრდებისა და ახალი სახეების წამოწევა გადაწყვიტა.

მისი აზრით, კრიტიკოსებს, რომლებიც პარტიას ამ მიზეზით აკრიტიკებენ, უბრალოდ, საბაბი სჭირდებათ და ისინი უკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც გამოთქვამდნენ, სია ასაკოვანი და მეტად გამოცდილი ადამიანებით რომ დაკომპლექტებულიყო.

 რამაზ საყვარელიძე: სიებს ხან იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ახალგაზრდები არიან,  რადგან მიჩნევენ, რომ გამოუცდელები არიან, ხანაც იმის გამო, რომ ასაკოვანი ხალხი შეჰყავთ - ნაფტალინის სუნი დადგაო. "ნურცა გაფრინდები, ნურც მოფრინდები", - გამოსდით.

"ოცნების" სიაში ძველი და ახალი სახეების ნაზავია, თუმცა პოზიტიურ მომენტად მიმაჩნია ის, რომ ახალი სახეები წინ არის წამოწეული, აქცენტი მათზეა გადატანილი. თუ ვინმეს ეს პოზიტივად არ მიაჩნია, ვფიქრობ, მას ქვეყნის ინტერესები ნაკლებად აწუხებს და, უბრალოდ, რამეზე კბილის გაკვრა უნდა.

სიის შემადგენლობას რაც შეეხება, აშკარაა, რომ მასში სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლები არიან. იკითხება კვირიკაშვილის გუნდის წარმომადგენლობაც და ალბათ სხვებისაც. ყოველ შემთხვევაში, ისეთი ადამიანებიც გხვდებიან, რომლებიც კვირიკაშვილის სახელთან არ ასოცირდებიან.

ბუნებრივია, რომ სიაში იმის გემოვნება იყოს ასახული, ვინც მოცემული მომენტისათვის ლიდერია. ვფიქრობ, კვირიკაშვილი წარმოდგენილ ახალ გუნდს შეესაბამება.

"რეზონანსი": და კონკრეტულად ვინ არის სიაში კვირიკაშვილის გუნდიდან?

რ.ს.: მაგალითად, რომან კაკულია, თამარ ჩუგოშვილი. ისინი პოლიტსაბჭოშიც ჩასვა კვირიკაშვილმა და სიაშიც.

"რ": როგორ ფიქრობთ, რამდენად  მომხიბლავია  ეს სია რიგითი ამომრჩევლებისათვის?

რ.ს.: ადრე კრიტიკა იმის გამო წამოვიდა, რომ სიაში სპორტსმენები და მსახიობები არიან. არადა ხალხი სპორტსმენებსა და მსახიობებს უფრო ხალისით აძლევს ხმას.

"რ": და ეს სია რითი შეიძლება ხალხისთვის მიმზიდველი იყოს?

რ.ს.: წესით იმით, რომ ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. მახსოვს, მაგ მიზეზით სააკაშვილს აძლევდნენ ხმას - ახალგაზრდაა, გუნდშიც ახალგაზრდები ჰყავს და ქვეყანას მოუვლიანო. თუ ახალგაზრდობა იმ შემთხვევაში მოტივი იყო და ამ შემთხვევაში არ იქნება, ე.ი. ეს პარტია არ მოსწონთ.

"რ": პაატა ბურჭულაძის პარტია კიდევ ერთმა წევრმა - ხათუნა ლაგაზიძემ საკმაოდ ხმაურიანად დატოვა. მან ბურჭულაძე პარტიის გაყიდვაში დაადანაშაულა, რადგან იგი "ნაცმოძრაობის" ყოფილ წევრებს შეუერთდა. ამ პარტიების შეერთების ამბავი ახალი არაა, თუმცა ლაგაზიძემ ეს გადაწყვეტილება ახლა მიიღო. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება ეს წამოსვლის რეალური მიზეზი იყოს?

რ.ს.: არ მგონია, ამ შემთხვევაში სიჩქარეს მნიშვნელობა ჰქონდეს. რა ბრალდებებსაც ლაგაზიძე აყენებს, ეს შეიძლება დროთა განმავლობაში გამოვლენილიყო, ბოლო მომენტშიც კი.

"რ": ეს ყველაფერი ბურჭულაძის რეიტინგზე როგორ აისახება?

რ.ს.: ვფიქრობ, ბურჭულაძის რეიტინგი ძალიან სწრაფი ტემპით დაიწევს, რადგან მოვლენები, რაც მისი პარტიის გარშემო ხდება, მხოლოდ მას მიეწერება. ისაა ამ მოვლენების ავტორი. როცა პარტიას წევრები ტოვებენ, რიგით მომხრეებსაც იგივე სურვილი უჩნდებათ.

"რ": ლაგაზიძის ბრალდებებს პარტიაშიც უპასუხეს. მათი თქმით, მას ამბიციები ალაპარაკებს - მან სიაში საკუთარი თავი სასურველ ადგილას ვერ იპოვა და პარტია სწორედ პირადი ინტერესების გამო დატოვა.

რ.ს.: მე ეს ბრალდება დიდ ცოდვად არ მიმაჩნია. თითოეულს პირადი ინტერესი ამოძრავებს, სხვა რა? რა, პარტიისა და ქვეყნის ინტერესით ჩაეხუტა პაატა ბურჭულაძე "ნაციონალებს"? ეს რა იარლიყია?  თითქოს თავად ილია ჭავჭავაძეები იყვნენ. ასეთი იაფფასიანი ხერხით თამაში სირცხვილია.

"რ": ლაგაზიძემ საკმაოდ მძიმე ბრალდება წაუყენა ყოფილ თანაგუნდელებს. ისინი მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულა...

რ.ს.: სწორედ ამ ბრალდებაზე უნდა გაეცათ პასუხი და არა ის ელაპარაკათ, თუ ვის რა ინტერესი ამოძრავებს. ამ ყველაფერზე შეფასების გაკეთება ცოტა ძნელია, რადგან კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობა დასჯადი აღარაა. სხვა მხრივ კი ხალხმა გადაწყვიტოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×