პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიის სრული შემადგენლობა ცნობილია და პირველი შეფასებებიც უკვე გაკეთდა. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ადამიანებს, რომლებიც პარტიამ წინა პლანზე გამოიყვანა, არც გამოცდილება აქვთ საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის თვალსაზრისით და მათ საზოგადოებაში დაბალი ცნობადობა აქვთ.
მმართველი გუნდის საარჩევნო სიაზე და იმაზე, თუ გამარჯვების რა შანსები აქვს, "რეზონანსი" "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს, ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა.
"რეზონანსი": ექსპერტთა გარკვეული ნაწილის შეფასებით, "ოცნების" პარტიული სია იმაზე მეტყველებს, რომ ამ 4 წლის განმავლობაში პარტიამ ვერ გაზარდა რეიტინგული ლიდერები და ამ სიაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი არიან.
ზაქარია ქუცნაშვილი: მე ამ სიის შედგენაში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა ვთვლი, რომ პოლიტიკოსი იზომება მისი ცოდნით და გამოცდილებით. ვფიქრობ, ეს პრინციპი სიის შედგენისას დაცული იყო.
"რ": თუმცა სიაში შეხვდებით ისეთ გვარებს, რომლებიც მართლაც უცნობია საზოგადოებისთვის, მაგალითად, ისკო დასენი და სხვები.
ზ.ქ.: ისკო დასენი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოქალაქე, მაღალი რანგის იურისტი. მას იურიდიული საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, რადგან ის მართალაც არის პროფესონალი იურისტი, საქართველო-მოლდოვას ჯგუფის საპატიო კონსული, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს მოლდოვას სახელმწიფოსთან.
"რ": რაც შეეხება პარტიის მაჟორიტარ კანდიდატებს, ისინი სიის ბოლოსკენ არიან. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ისინი დაზღვეულები არ უნდა იყვნენ და დარწმუნებულიც არის, რომ აუცილებლად მიაღწევენ გამარჯვებას იქ, სადაც კენჭს იყრიან.
ზ.ქ.: ჩვენ, მაჟორიტარები ვართ დამრტყმელი ძალა და პირველი ხაზის მებრძოლები. პირადად მე სადაც კენჭს ვიყრი, ეს არის ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქი, სადაც 426 სოფელი შედის. თითქმის დასრულებული მაქვს პირველი წრის შეხვედრები და დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებ.
"რ": თავად პარტიას გამარჯვების რა შანსი აქვს, შეძლებს უმრავლესობით მოვიდეს მომავალ პარლამენტში, იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდა, "ოცნება" რომელ პოლიტიკურ ძალასთან შეიძლება გაერთიანდეს?
ზ.ქ.: მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში ჩვენ, "ოცნება" აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ "ოცნების" წევრი ვარ, არამედ იმიტომ, რომ კარგად ვიცი ხალხის განწყობა. ამ ორი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან. რაც შეეხება იმას, მოვა თუ არა "ოცნება" უმრავლესობით, დარწმუნებული ვარ, რომ "ოცნება" მომავალ პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.
"რ": სხვა პოლიტიკურ ძალებს გამარჯვების რა შანსი აქვთ?
ზ.ქ.: ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა იკვეთებოდა ფავორიტად და მათი შანსი ნელ-ნელა მცირდება. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ბარიერის გადალახვის თეორიული შანსი 6-7 პოლიტიკურ ძალას მაინც ჰქონდა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს რაოდენობა შემცირდება.
"რ": როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს და რით განსხვავდება იგი წინა არჩევნებისგან?
ზ.ქ.: წინასაარჩევნო გარემო მართლაც განსხვავდება ყველა წინა წინასაარჩევნო გარემოსაგან, რადგან ჩვენ არ ვხატავთ მტრის ხატს. ძალადობა, როგორც ინსტრუმენტი, და მოსყიდვა, როგორც საშუალება, არ შეიმჩნევა. ეს პირადად ჩემს მაგალითზეც შემიძლია ვთქვა.