გვანცა ღვედაშვილი
10.09.2016

"მრეწველებს", კანონის თანახმად, 3 დღის ვადა აქვთ, რათა ცესკო-ში წარსადგენი დოკუმენტაცია წესრიგში მოიყვანონ და შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ. გუშინ გავრცელებული ცნობას იმის შესახებ, რომ მათ პროპორციული სია დათქმულ ვადაში არ ჩააბარეს და შესაბამისად, საარჩევნო მარათონს ეთიშებიან, გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა.

 თავად "მრეწველების" თქმით, საარჩევნო სიის პირველ ვერსიაში ტექნიკური სახის ხარვეზი იყო, რომელიც შემდგომ გამოასწორეს და ისე წარადგინეს ცესკოში. თუმცა როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, "ბლოკმა "თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლომ" დოკუმენტაციის წარდგენისას საარჩევნო სია არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, დოკუმენტაციის და საარჩევნო სიების წარმოდგენის ბოლო ვადა 2016 წლის 8 სექტემბრის 18 საათი იყო. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბლოკმა "თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლო" წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელსაც თან არ ახლდა პარტიული სია.

"საღამოს 6 საათზე კანცელარიამ დაასრულა მუშაობა. იმ დროისთვის იმ დოკუმენტაციაში, რაც იყო წარმოდგენილი, არ იყო პარტიული სია. შესაბამისად, ამ საკითხზე იმსჯელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

"კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაში გატარებისთვის საჭიროა გარკვეული ვადები, მაქსიმუმ 10 დღე, თუმცა განკარგულების მისაღებად შეიძლება ნაკლები დრო იყოს საჭირო", - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტი იყოს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნილი, საჭიროა კანონიერ ძალაში შევიდეს თავმჯდომარის განკარგულება, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი ჯერჯერობით არ არის შესული კანონიერ ძალაში.

როგორც "თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლოს" წევრი დემურ ბაშალეიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, მისთვის გაუგებარია ცესკო-ს განცხადება, რომ პარტიას წარდგენილი არ ჰქონდა საარჩევნო სია. მისივე თქმით, ამობეჭვდისას დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც გამოასწორეს და ისე წარადგინეს ცესკო-ში.

"როგორც პარტიის თავჯდომარემ განაცხადა, წარდგენილ სიაში იყო ტექნიკური შეცდომა, რომელიც ამობეჭდვისას იქნა დაშვებული, რომელიც შემდგომ გასწორდა და ასეთი სახით ჩაბარდა ცესკოში. ცესკოს განცხადება, რომ ბლოკმა "თოფაძე - მრეწველები - ჩვენი სამშობლომ" არ წარმოადგინა საარჩევნო სია, პირადად ჩემთვის  გაუგებარია.

"მიუხედავად ამისა, როგორც ეტყობა, გარკვეული ტექნიკური საკითხები იქნება გასავლელი, რათა გაირკვეს, მართლა ტექნიკური ხარვეზი იყო, თუ სხვა რამ, რაც ცესკ-ს უფრო მნიშვნელოვან დარღვევად მიაჩნია.

"აღსანიშნავია, რომ გოგი თოფაძე ამბობს - შესწორებული ვერსია დროულად, 8 სექტემბერს 6 საათამდე ჩაბარდა ცესკოს. მე არ გამოვრიცხავ რომ ცესკომ პარტია საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ ამის შემდეგ დავა სასამართლოში გაგრძელდეს", - დემურ ბაშალეიშვილი.

როგორც იურისტი ირმა პავლიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, საარჩევნო კოდექსის 117-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარემ სუბიექტს უფლება უნდა მისცეს, რომ 3 დღის ვადაში აღნიშნული დარღვევა გამოასწოროს.

"საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია, რომ არჩევნებამდე  არაუგვიანეს 30 დღისა სუბიექტებმა უნდა წარადგინონ საარჩევნო სიები და ის საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც კანონით არის განსაზღვული.

"სიებისა და დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ საარჩევნო  კომისია 10 დღის ვადაში, არაუგვიანეს არჩევნების ჩატარების დღემდე 26-ე დღისა, ამზადებს დასკვნას, რომელსაც ცესკოს თავჯდომარეს წარუდგენს.

"დასკვნის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ცესკოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას - ან გაატარებს ამ პარტიულ სიას და დოკუმენტაციას რეგისტრაციაში, ან წერილობით აცნობებს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლებს, რომ გარკვეული დარღვევებია და ხარვეზის აღმოსაფხვრელ 3 დღიან ვადას განსაზღვრავს. ამ დროის განმავლობაში კონკრეტულ სუბიექტს შეუძლია გამოასწოროს არსებული დარღვევა, არსებულ ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ცესკოში წარადგინოს.

"არჩევნებამდე არაუგვიანეს 20 დღისა ცნობილი უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება - იღებს თუ არა ეს კონკრეტული სუბიექტი არჩევნებში მონაწილეობას. ვინაიდან თუ არ მოხდება დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა და დარჩენილი იქნება ხარვეზები, ადმინისტრაციამ შესაძლოა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და კონკრეტული სუბიექტის საარჩევნი რეგისტრაცია გააუქმოს. აღნიშნული რეგულაციები საარჩევნო კოდექსის 117-ე მუხლიით არის განსაზღვრული", - განაცხადა პავლიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×