თიკო ოსმანოვა
10.09.2016

"ქართული ოცნების" პარტიული სიის სრული შემადგენლობა ცნობილია - 155 კაციდან 109 (70%) ახალი სახეა.

სიის ათეული ახალი სახეებით არის დაკომპელქტებული. პირველ-მეორე ადგილს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აწ უკვე "ენეგეტიკის ყოფილი მინისტრი კახი კალაძე ინაწილებენ. მესამეზეა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე; შემდეგ: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამარ ხულორდავა, რომან კაკულია, სოფიო ქაცარავა და ირინე ფრუიძე.  

აღმასრულებელი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი სოფლის მეურნეობის მინისტრი, მარტვილისა და აბაშის კანდიდატი ოთარ დანელია კი სიაში 115-ე ადგილს იკავებს. ზოგიერთი მოქმედი დეპუტატი კი სიის მიღმა დარჩა.

მაჟორატარი კანდიდატები სიის უკანა პლანზე არიან გადაწეულები.

"ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ეს არის დამრტყმელი ძალა, ის ძლიერი კონტინგენტი, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ გამარჯვებას და აუცილებლად მოიპოვებენ იმ ადამიანების ნდობას, სადაც ისინი კენჭს იყრიან", - განაცხადა ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსმა კახი კალაძემ.

როგორ აფასებთ მმართველი პარტიის საარჩევნო სიას? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): "ზოგადად დადებითად ვაფასებ. ერთის მხრივ, ახალ სახეებს არ ვიცნობთ, არ ვიცი, რა აქვთ გაკეთებული, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. როცა რაღაც უნდა განაახლო, ძველი გვერდზე უნდა გადაწიო და ახალი შემოიტანო.

"ახლა ეს ადამიანები შევამოწმოთ, რა შეუძლიათ. ერთი რამ ცხადია - ესენი არ არიან ოდიოზური ფიგურები და, მოდით, ახლა ახალგაზრდებს მივცეთ შანსი, რაღაც გააკეთონ. 35-40 წლამდე ახალგაზრდებს ჩავაბაროთ ჩვენი ცხოვრების სადავეები, რომლებსაც კარგი განათლება აქვთ და კარგ სტრუქტურებში მუშაობდნენ. ხოლო ის, ვისაც ვიცნობთ, სიის ბოლოში თუ იქნებიან, მთლიან სიას გაძლიერებენ."

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "კარგია ამდენი ახალი სახის გამოჩენა, ე.ი. პარტიას აქვს სერიოზული რესურსი. ისე, ჯობია ახალი სახეც იყოს და ცნობილიც, რომ ვიცოდეთ, ვის ვაძლევთ ხმას. თუ ამდენი ხალხი ჰყავადათ, რად უნდოდათ "ნაციონალების" გადაბირება და მათი შემოყვანა, რის გამოც ხალხს სერიოზულად გაუცრუვდა იმედი?!"

 

 

 გივი სიხარულიძე (მწერალი, მსახიობი): "არ ვიცი, ვინ ძველია და ვინ ახალი. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ჩვენს ქვეყანაზე შესტკიოდეს გული.  ასეთი ადამიანი კი, სამწუხაროდ, პოლიტიკაში ჯერ ვერავინ ვერ ვნახე."

 

 

 

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი): "ვისაც ვიცნობ, ყველა მომწონს, თუმცა ბევრს არ ვიცნობ. ამდენი ახალი სახე კი, ერთი მხრივ, კარგია, მეორე მხრივ - ცუდი იმიტომ, რომ თუ არ იციან საქმის გაკეთება, ეს "ოცნებას" გაურთულებს მდგომარეობას. მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დაიწყონ? ვნახოთ, ვინ რისი გამკეთებელია."

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×