პაატა ბურჭულაძის პარტიიდან სკანდალურად წამოსული ხათუნა ლაგაზიძე ყოფილ თანაგუნდელებს მასსა და მის ოჯახზე მუქარაში ადანაშაულებს და ხელისუფლებას დაცვას სთხოვს. რაც შეეხება კონკრეტულად თუ ვისგან ელის იგი საფრთხეს, ლაგაზიძე ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთ წევრს - გიორგი კალაძეს ასახელებს, თუმცა დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს.
მისი თქმით, "გირჩთან" გაერთიანების შემდეგ ბურჭულაძის პარტიის მართვის სადავეები ხელში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა ჩაიგდეს, რომელთა გემოვნებითაც დაკომპლექტდა კოალიციური სიის ერთი ნაწილი. იგი სწორედ ამ პირველ ნაწის უკავშირებს კალაძის სახელს.
მეორე ნაწილი კი, ლაგაზიძის განცხადებით, "გირჩის" წევრმა პავლე კუბლაშვილმა შეარჩია და შესაბამისად, ახლა პაატა ბურჭულაძის რეიტინგსა და სახელს ამოფარებული კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირები, ასევე ისინი, ვინც "ნაცმოძრაობის დროს" "სასამართლო სისტემა დაანგრია", პარლამენტში შესვლას ცდილობენ.
თავად კალაძეცა და კუბლაშვილიც ლაგაზიძის ბრალდებებს უსუსურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ საქმე ბევრად მარტივადაა - ლაგაზიძემ საკუთარი თავი სიაში ვერ აღმოაჩინა, განაწყენდა და ტელეკამერების ყურადღების მისაქცევად სკანდალური განცხადებების კეთება დაიწყო.
ბურჭულაძის სიის 3 ნაწილი
ხათუნა ლაგაზიძემ პარტია "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ორი დღის წინ დატოვა და ამის მიზეზებზეც ღიად ისაუბრა. "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი "გირჩთან" შეერთება და შემდგომ სიებში უღირსი ადამიანების აღმოჩენა იყო.
ის ადამიანები, რომლებიც "პაატა ბურჭულაძის პარტიის ნარჩენის" სახელით აკეთებენ განცხადებას, ლაგაზიძის თქმით, რეალურად პავლე კუბლაშვილის არჩეულები არიან. ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიიდან კუბლაშვილმა სიაში მხოლოდ ისინი შეიყვანა, ვინც მას აწყობდა.
ბურჭულაძემ კი, მისი თქმით, პარტია თავის წევრებიანად, ლიდერებიანად და ამომრჩევლიანად გაყიდა.
"როცა პაატა ბურჭულაძესთან მისი ფონდის დაარსების პირველ დღეებში მივედი, ჩვენი საერთო მიზანი ახალი პოლიტიკური კლასის ფორმირება იყო - ახალი პოლიტიკური თაობა, ახალი სახეები უნდა წარმოგვეჩინა. ბურჭულაძეს საზოგადოებრივი ნდობიდან გამომდინარე ჰქონდა იმდენი რესურსი, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ახალი სახე მოეყვანა. მას ეს მარტივად შეეძლო.
"ამის შემდეგ გადის თვეები და პაატა ბურჭულაძე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გვიცხადებს, რომ "გირჩთან" უნდა გავერთიანდეთ. მან ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ სხვანაირად ჩვენი პარტია ვერ გადარჩებოდა; რომ იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, რადგან დაფინანსება შეჩერდა და პარტიიდან ხალხის გასვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა. ჩვენც ჩავთვალეთ, რომ ეს იმ სიტუაციაში პარტიის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. "თუმცა ეს ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო და ამას ისიც ადასტურებდა, რომ იმ დროიდან მოყოლებული მედიასთან არ გამოვჩენილვარ. მართლა მეგონა, რომ "გირჩთან" გაერთიანების ერთადერთი მიზანი გადარჩენა იყო და მას პირადი მიზნები არ ამოძრავებდა.
"ამის დადასტურების ერთადერთი საშუალება კი კოალიციური სია იქნებოდა. თუ მისი ნახევარი მაინც ბურჭულაძის პარტიიდან იქნებოდა დაკომპლექტებული, ჩავთვლიდი, რომ მან ყველაფერი მართლაც პარტიის გადასარჩენად გააკეთა. თუმცა ჩვენ მივიღეთ სია, სადაც პაატა ბურჭულაძის პარტიის სამი ნარჩენია მხოლოდ. თანაც, ხაზგასმით ვამბობ, რომ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებზეც ნებართვა პავლე კუბლაშვილმა გასცა და რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" სახეებს კარგად შეერწყმებიან," - ამბობს ლაგაზიძე.
მისივე თქმით, კოალიციის სიაში უმეტესობა "გირჩის" წარმომადგენელია. ანუ, ის ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ქართულ საკანონდმებლო და სასამართლო სისტემას "იმონებდნენ", შემდეგ "ნაცმოძრაობიდან" წასვლით კარგად "ივაჭრეს" და დღეს უკვე პაატა ბურჭულაძის "დანგრეულ რეიტინგს" ამოფარებულები ცდილობენ, რომ კვლავ ხელისუფლებაში მოვიდნენ.
ლაგაზიძე ამავდროულად სიის მესამე სეგმენტზეც საუბრობს, რომელიც კრიმინალური და ქუჩური შეხედულების ადამიანების ზეწოლითაა დაკომპლექტებული. ამბობს, რომ ასეთ უცნაურ ნაზავს სთავაზობს პაატა ბურჭულაძე ქართველ ამომრჩეველს და დასძენს, რომ ეს მისი მხრიდან დანაშაულია.
ლაგაზიძის თქმით, ამ სიაში არც ერთი წევრი არაა პაატა ბურჭულაძის პარტიის გამგეობიდან, რადგან პავლე კუბლაშვილმა და კრიმინალური მენტალობის პერსონებმა ფსონი იმ ადამიანებზე დადეს, რომლებიც დღეს სიაში არიან.
ჩვენს კითხვაზე, თუ ვინაა გიორგი კალაძე და რა ინფორმაციას ფლობს მისი წარსულის შესახებ, ლაგაზიძემ გვიპასუხა, რომ "გიორგი კალაძე ამ ადამიანების კრებითი სახელია" და დანარჩენები, ვისაც იგი გულისხმობს, მისი გარემოცვაა პარტიის გარეთ, რომელთაც საკმაოდ მდიდარი კრიმინალური წარსული აქვთ.
ის, რომ გიორგი კალაძე აჭარის უზენაეს საბჭოში ბურჭულაძის სიის პირველს ნომერია, ლაგაზიძის შეფასებით, აჭარის მცხოვრებთა შეურაცხყოფაა. ამბობს, რომ ბურჭულაძემ ვერ მონახა სხვა ადამიანი, გარდა ქუჩურ-კრიმინალური მენტალობის კალაძისა.
მისივე თქმით, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე გიორგი კალაძე ბურჭულაძემ აჭარაში სიის პირველ ნომრად იმის გამო ჩასვა, რომ მას ჰქონდა პაატა ბურჭულაძეზე ზეწოლის ბერკეტი.
"ერთადერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს ამ ყველაფერს - აჭარის საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლებმა პაატა ბურჭულაძესთან ურთიერთობაზე უარი თქვეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის "გირჩს" გაუერთიანდა," - დასძენს იგი.
"რეზონანსი" დაინტერესდა, თუ ვისგან მოდიოდა მუქარა მისი მისამართით და რა სახის იყო, თუმცა ხათუნა ლაგაზიძე მოკლე პასუხით შემოიფარგლა და განგვიცხადა, რომ სწორედ იმ კრიმინალური გაგების ადამიანებისგან, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ მას პარტია დაეტოვებინა.
"კალაძესაც ჰქონდა პირადი ინტერესი სიის დაკომპლექტებისას და მისი გუნდის მიერ ჩემი მიუღებლობა ამით დაიწყო. კონკრეტულად ამაზე აღარ ვილაპარაკებ. ეს უკვე შიდა სამზარეულოს ამბებია.
"ბურჭულაძემ ეს ფეთქებადსაშიში ნაზავი პარლამენტში არ უნდა შეიყვანოს. მას რეიტინგი, რა თქმა უნდა, აღარ აქვს, რადგან პოლიტიკოსად არ და ვერ შედგა. მისი რეიტინგი ამ გაერთიანებით კატასტროფულად დაეცა," - დასძენს იგი.
ვინ არის გიორგი კალაძე
"რეზონანსი" დაინტერესდა, თუ ვინაა გიორგი კალაძე და რატომ მოიხსენიებს მას ხათუნა ლაგაზიძე კრიმინალური წარსულის მქონედ, თუმცა უშუალოდ გიორგი კალაძეს მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად ვერ დავუკავშირდით, ჩვენს ზარებს არ უპასუხა. არაოფიციალური ინფორმაციით, კალაძე პაატა ბურჭულაძის ვაჟთან მეგობრობს.
პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისგან, ლევან ტაბიძისგან კი მხოლოდ იმის გარკვევა შევძელით, რომ გიორგი კალაძე პროფესიით მენეჯერია და გარკვეული დროის განმავლობაში უცხოეთშიც მუშაობდა. ამავდროულად პროფესიონალი მთამსვლელია და 2009 წლიდან პოლიტიკურ აქტივობებშიც იყო ჩართული - კონკრეტულად რამდენიმე მაჟორიტარის საარჩევნო კამპანიაში. თუმცა ტაბიძემ ვერ გაიხსენა, თუ რომელი პარტიების მაჟორიტარების კამპანიებში იყო ჩართული კალაძე.
"კარგი მენეჯერია და რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაადო ლაგაზიძემ გიორგის ხელი, გაუგებარია. თავად გიორგიც ამბობს - ხუთი თვის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით და არანაირი პრობლემა არ ჰქონია და არ ვიცი, ახლა რატომ გავხდი კრიმინალიო. კალაძე გაერთიანებამდეც ჩვენს საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა," - ამბობს ტაბიძე.
თავად კალაძე ბრალდებებს ტელევიზიების მეშვეობით გამოეხმაურა.
"რომ მოხვედრილიყო ხუთეულში, მაშინ აღარ ვიქნებოდი კრიმინალური მენტალობის და პარტია გაყიდული არ იქნებოდა? ალბათ ჯობია, ისევ მას შეეკითხოთ. ეს გუნდმა გადაწყვიტა, დიდი ალბათობით მას ისეთი ეკონომიკური და იურიდიული ცოდნა არ აქვს, როგორიც პირველ ათეულში მყოფ ადამიანებს და არც გამოცდილება," - ამბობს იგი.
"შეიძლება გუნდის შიგნით მასთან კონფლიქტი ჰქონდა..."
ბრალდებების კიდევ ერთი ადრესატი პავლე კუბლაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ კალაძესა და ლაგაზიძეს გუნდში რაიმე ტიპის უთანხმოება მოსვლოდათ და სწორედ პირადი წყენა იდგეს სკანდალური განცხადებების მიღმა.
ამბობს, რომ ლაგაზიძე კალაძეს მასზე ადრე იცნობდა, პარტიაშიც რამდენიმე თვის განმავლობაში იყო და თუკი პარტიის უკან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები დგანან, პროტესტი უფრო ადრე უნდა გასჩენოდა და არა მაშინ, როცა სიაში არ აღმოჩნდა.
ეს ყველაფერი, კუბლაშვილის აზრით, ცხადყოფს, რომ პროტესტი არც კრიმინალებს უკავშირდება და არც ვინმე სხვას და იგი მხოლოდ პირადი ამბიციის შედეგია. "ვერ გეტვყით, რატომ დაადო კონკრეტულად მას ხელი. ქალბატონი ხათუნა გაცილებით დიდი ხანია გოგა კალაძეს იცნობს, ვიდრე მე. შეიძლება გუნდის შიგნით მასთან კონფლიქტი ჰქონდა. თუკი ვინმეს მიმართ ასეთი პრეტენზიები ჰქონდა, გუნდის შიგნით უნდა გამოეთქვა, თანაც მაშინ, როცა კონკრეტული საქმით იყო დაკავებული და არა მაშინ, როცა სიაში ვერ მოხვდა და განაწყენებული თავის გზაზე წავიდა.
"საკმაოდ უსუსური ბრალდებებია. მგონია, რომ მისი მოტივი ერთადერთია - ამ ადამიანს პაატა ბურჭულაძის სიაში თავი მოწინავე პოზიციებზე წარმოედგინა და რადგან ეს ვერ დაინახა, ასეთი განცხადებები გააკეთა. სინამდვილეში პაატა ბურჭულაძის პარტიაში ძალიან ბევრი მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალია, რომელიც სიის წამყვან ათეულშია.
"ზოგადად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქმეს აკეთებენ, პროგრამას წერენ, მუშაობენ და მეორენი, რომლებიც უბრალოდ ტელეკამერების წინ საკუთარი თავის დემონსტრირებით არიან დაკავებული.
ვფიქრობ, აბსოლუტურად სწორია გადაწყვეტილება იმ ადამიანების სასარგებლოდ მივიღოთ, ვინც საქმეს აკეთებს, ვინც უფრო მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალია. შესაბამისად, ვფიქრობ ის გადაწყვეტლება, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიამ მიიღო და არა ვინმე სხვამ, აბსოლუტურად ლოგიკურია," - დასძენს კუბლაშვილი.