ექსპერტთა ნაწილი "ოცნებას" პროპორციულ სიაში ახალი სახეების სიმრავლეს უწუნებს
თიკო ოსმანოვა
10.09.2016

"ქართული ოცნების" პარტიული სიის სრული შემადგენლობა ცნობილია - აქედან 70% ახალი სახეა. კანდიდატების 14% პროფესიით იურისტია, 7% - სპორტსმენი, 3% - შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი.

გარდა ამისა, მანდილოსნები სიის 12%-ს შეადგენენ. 

 მაჟორიტარი კანდიდატები, ფაქტობრივად, "დაზღვევის" გარეშე არიან - სიის ქვედა ნაწილში მოხვდნენ. რასაც პოლიტილოგები დადებითად აფასებენ.

"ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ეს არის დამრტყმელი ძალა, ის ძლიერი კონტინგენტი, რომლებიც აუცილებლად მიაღწევენ გამარჯვებას და აუცილებლად მოიპოვებენ იმ ადამიანების ნდობას, სადაც ისინი კენჭს იყრიან", - განაცხადა ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსმა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართულმა ოცნებამ" 155-კაციანი პროპორციული სია გამოაქვეყნა. სიის პირველი ათეული ახალი სახეებით არის დაკომპლექტებული. პირველ-მეორე ადგილს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენეგეტიკის აწ უკვე ყოფილი მინისტრი კახი კალაძე ინაწილებენ. მესამეზეა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. შემდეგ: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამარ ხულორდავა, რომან კაკულია, სოფიო ქაცარავა და ირინე ფრუიძე. 

სიაში აღმასრულებელი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელია - სოფლის მეურნეობის მინისტრი, მარტვილისა და აბაშის კანდიდატი ოთარ დანელია, რომელიც 115-ეა.

"ოცნების" ახალი სახეები

მმართველი პარტიის 155-კაციანი სიის 70%-ს ახალი სახეები შეადგენენ, რასაც ექსპერტთა ნაწილი უარყოფითად აფასებს. მაგალითად, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, სიის სათავეში პოლიტიკურად გამოუცდელი ადამიანების გამოყვანა მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას 4 წლის განმავლობაში არაფერი უკეთებია.

"გასაგებია, რომ წინა პლანზე გამოიყვანეს ადამიანები, რომლებსაც საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის გამოცდილება არ აქვთ, თუმცა, ეს "ოცნებისთვის" კარგი არ არის. ამ ადამიანებს მოუწევთ დებატებში შესვლა ოპონენტებთან, რაც მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება.

"მეორე მინუსი, რაც ამას უკავშირდება, არის ის, რომ როდესაც წინა პლანზე გამოგყავს ადამიანები დაბალი ცნობადობით, ამით შენ აღიარებ, რომ პარტიის ლიდერები ყველა მინუსში გყავს და ცდილობ მათ დამალვას. ანუ, 4 წლის თავზე ვერ გაზარდე ვერც ერთი რეიტინგიანი ლიდერი, რომლის წინა პლანზე გამოყვანა შენთვის არ იქნებოდა წამგებიანი. 

"ზუსტად ამაზე მეტყველებს - ის ადამიანები, რომლებიც აქტიურობდნენ "ქართული ოცნების" სახელით, ბუჩქებში დამალეს. ეს საამაყო არ არის. 4 წლის განმავლობაში რას აკეთებდა პარტია?! თუ არ ჰყავთ კარგი ხალხი, რატომ არ მოახდინეს თავის დროზე ცვლილება?!" - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ხუხაშვილი.

გამოცდილი პოლიტიკოსები

სიის 30% ისევ ძველი სახეებითაა დაკომპლექტებული და ისინი ძირითადად სიის ზედა ნაშილში არიან, გარდა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა, რომლებსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიის ქვედა ნაწილში მიუჩინეს ადგილი. 

მაგალითად, დიდუბის მე-15 ოლქის მაჟორატარობის კანდიდატი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი, სიაში 69-ე ნომრითაა წარმოდგენილი. მოქმედი დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია სიაში მე-12-13 ადგილს ინაწილებენ, ზვიად კვაჭანტირაძე და ზვიად ძიძიგური კი მე-14-15 ადგილებზე არიან.

მმართველი პარტიის სიაში ასევე შედიან აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური არჩილ ხაბაძე და კიდევ 20-ზე მეტი მოქმედი დეპუტატი - ლერი ხაბელოვი, ვიქტორ ჯაფარიძე, ნუკრი ქანთარია, ერეკლე ტრიპოლსკი, გიორგი კახიანი, გიგა ბუკია, თემურ ჭკუასელი, დიმიტრი ხუნდაძე, ოთარ ჩრდილელი, კარლო კოპალიანი, გუგული მაღრაძე, გია ვოლსკი, შოთა ხაბარელი, ირაკლი სესიაშვილი, კახა ოქრიაშილი, ზაქარია ქუცნაშვილი, გედევან ფოფხაძე, პაატა კვიჟინაძე და სხვები.

სიის მიღმა დარჩენილები

ქართული ოცნების" და საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ცნობილი სახე "ოცნების" საარჩევნო სიაში წარმოდგენილი არ არის. მმართველ პარტიას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც მაჟორიტარულ ოლქებში წარუდგენია და არც საარჩევნო სიაში შეუყვანია ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის შემდეგი დეპუტატები: ელისო ჩაფიძე, თედო ჯაფარიძე, გოგლა ჟვანია, ელდარ კურტანიძე, გოგი ქავთარაძე, ზვიად ზვიადაური, დავით ლორთქიფანიძე, ლექსო თამაზაშვილი, ვანო კიღურაძე, გელა გელაშვილი, პაატა ბარათაშვილი, თენგიზ ხუბულური, პაატა ბარათაშვილი, ომარ ნიშნიანიძე და თამაზ ჯაფარიძე.

სიაში ასევე ვერ მოხვდა "ქართული ოცნების" ერთი ახალი სახე, რომელიც ცოტა ხნის წინ პრემიერმა საგურამოში წარადგინა. სოფო ჯაფარიძის განმარტებით, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში პირადი მიზეზებით არ არის.

"ბუნებრივია, გაგიჩნდათ კითხვები მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში ვერ მნახეთ. სუბიექტური მიზეზის გამო, რომელიც იმდენად პირადია, რომ ამაზე საუბარი არ მსურს, მივიღე გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად გაგებით მოეკიდა პრემიერ-მინისტრი. 

"საჯაროდ ვუხდი მას მადლობას ნდობისთვის, თანადგომისათვის და მხარდაჭერისათვის. ასევე მადლობელი ვიქნები ჟურნალისტების, რომლებიც გაგებით მოეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებას და ზედმეტი კითხვებით არ მომმართავენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ ედო და მხოლოდ პირადმა, სუბიექტურმა მიზეზმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. სადაც და რა პოზიციაზეც უნდა ვიყო, მე გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ასე ვიყავი და ვიქნები", - აცხადებს სოფო ჯაფარიძე და "ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას უსურვებს.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, კახი კალაძის თქმით, სიაში ყველა ვერ მოხვდებოდა. კალაძე მათ მადლობას უხდის და დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები, სადაც უნდა იყვნენ, ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ.

"ყველა სიაში ვერ მოხვდებოდა და, რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღეებიდან შემოკრებილი იყო პარტია "ქართული ოცნების" ირგვლივ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წლები გავატარეთ, რთული დღეები გამოვიარეთ. ეს ეხება 2011-2012 წლებს. დღეს ქვეყანაში გვაქვს სრულიად სხვა რეალობა და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ამ ადამიანების დიდი დამსახურებაცაა. 

"ეს ადამიანები ყველა თავისი წარსული ცხოვრებით არიან შემდგარი და დარწმუნებული ვარ, სადაც უნდა იყვნენ ისინი, ნებისმიერ ადგილზე ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის", - განაცხადა კალაძემ.

"ჩაფიძე, რომ არ არის სიაში გამიკვირდა. ბევრად უფრო დიდი ნეგატივის მატარებელი ადამიანი ვნახე სიაში, ვიდრე ჩაფიძეა. თუმცა ეს, საბოლოო ჯამში, მათი პრობლემაა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ისევ სპორტსმენები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები

"ქართული ოცნების" პარტიული სიის სრული შემადგენლობის 14% პროფესიით იურისტია, 7% - სპორტსმენი, 3% - შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი. 

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი შეიძლება იყოს პოლიტიკაში, თუ მას საზოგადოებრივი აქტივობის გარკვეული გამოცდილება აქვს.

"მაგალითად, ზაზა ხუციშვილი რომ მაჟორიტარად იყრის კენჭს და პოლიტიკაში მოდის, კითხვები არ მიჩნდება. იგი ისედაც აქტიური იყო. შესაბამისად, მასთან მიმართებაში პრობლემა არ მაქვს. მაგრამ ისეთი ადამიანები, რომლებიც აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ არასოდეს და ყოველთვის გულგრილები იყვნენ და სიაში მოხვდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად მღერიან ან ცეკვანენ - ეს არის მიუღებელი.

"ინდივიდუალური მიდგომით ვაფასებ ყოველთვის - ესა თუ ის ადამიანი უნდა იყოს თუ არა პოლიტიკაში. ადამიანი, რომელიც მხოლოდ ფეხბურთელია და ამიტომ მოხვდა სიაში და ამას იმით ხსიან, რომ ის მეტ ხმას აიღებს - ეს არასწორი მიდგომაა.

"ადამიანმა მანდატი მოიპოვოს და ბუტაფორია იჯდეს იქ, ეს ხომ არასწორია... დეპუტატს აქვს პასუხისმგებლობა და რაღაც პროფესიული ჩვევები სჭირდება და შესაბამისი გამოცდილება. აქედან გამომდინარე პოლიტიკოსი შეიძლება იყოს ფეხბრუთელიც, მოცეკვავეც და მომღერალიც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს არა დეპუტატის სკამის დაკავების მიზნით, არამედ ისინი მუდმივად მონაწილეობდნენ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში", - გვითხრა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკაში ბიზნესმების შემოსვლას ნეგატიურად უყურებს.

"ბიზნესმენებთან დაკავშირებით ნეგატიური განწყობა მაქვს მარტივი მიზეზის გამო - მათი ფსიქლოგია არის მარტივი, მუდმივად მუშაობს მოგებაზე. ნებისმიერი მისი ნაბიჯი ემსახურება გარკვეული კეთილდღეობის მოპოვებას. შესაბამისად, ბიზნესმების მოსვლა პოლიტიკაში ჩემში დიდ ნდობას არ იწვევდა და არ იწვევს. ისინი არიან აპოლიტიკური ადამიანები და ჩვენ ამას ვხედავთ. ეს ის ბიზნესმენები არიან, რომლებიც შევარდნაძის დროიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლებას ეკვრებიან და მერე იყენებენ ამ ყველაფერს საკუთარი კომპანიის ლობირებისთვის. ეს სახელმწიფოებრივად სწორი არ არის", - უთხრა "რეზონანსს" ხუხაშვილმა.

დაბალ კონკურენტუნარიანი კანდიდატები - პოლიტოლოგთა შეფასებები

"ქართული ოცნების" პარტიული სიის სრულ შემადგენლობას პოლიტოლოგები, საერთო ჯამში, იწუნებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ "ოცნებას" მომავალ პარლამენტში უმრავლესობის 76 მანდატის მოპოვება გაუჭირდება.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მივიღებთ იმაზე უარეს პარლამენტს, ვიდრე მერვე მოწვევის პარლამენტი იყო.

"ვფიქრობ, "ოცნება" საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან სიაში ძალიან ბევრი გამოუცდელი ადამიანები ჰყავს. პოლიტიკურ გამოცდილებას უფრო დიდი მნიშვნელობა, აქვს ვიდრე პროფესიას. იურისტებისა და ეკონომისტების წილი საერთო ჯამში 23%-ია, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, ვის რა პოლიტიკური გამოცდილება აქვს. 

"ვფიქრობ, მივიღებთ იმაზე ცუდს პარლამენტს, ვიდრე წინა იყო. "ქართული ოცნების" პერსონები იქნებიან უფრო დაბალკონკურენტუნარიანი, ვიდრე ეს იყო ალიანსის შემთხვევაში", - უთხრა "რეზონანსს" ძაბირაძემ.

მისი თქმით, ახალ სახეებს ოპონენტებთან დებატები გაუჭირდებათ.

"იმ პარლამენტში, სადაც "თავისუფალი დემოკრატებიც" და "რესპუბლიკელები" "ოცნების" შემადგენლობაში იყვნენ, კოალიციას "ნაციონალურ მოძრაობასთან" საკმაოდ უჭირდა დებატები. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ეს ადამიანები, რომლებსაც ამის ნაკლები გამოცდილება აქვს, როგორ გაუწევენ კონკურენციას.

"რაც შეეხება მაჟორიტარების უკანა პლანზე გადაწევას, როგორც ჩანს ეს "ქართული ოცნების" სტრატეგიაა. ეტყობა ამით მოტივაცია მისცეს, რომ იბრძოლონ გამარჯვებისთვის. თანაც არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცეების მოშორება ფრთხილად უნდოდეთ.

"მეორე მხრივ, თუ ადამიანი მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვებს, "ქართულ ოცნებას" ვეღარ წამოაყვედრებს ვერავინ, რომ სპორტსმენი გაიყვანეს. იტყვიან, რომ მაჟორიტარი იყო და თავად მოიგო არჩევნები. როგორც ჩანს, "ოცნება" ასეთი ფილოსოფიით იმუშავებს", - განუცხადა "რეზონანსს" ძაბირაძემ.

მისივე თქმით, "ოცნება" მიიღებს ყველაზე მეტ მანდატს, მაგრამ ეეჭვება უმრავლესობის მოპოვება და პარლამენტში 76 დეპუტატის შეყვანა შეძლოს.

"ოცნების" სია მმართველი პარტიის წარუმატებელ მოღვაწეობაზე მიუთითებს", - ასე კი პოლიტოლოგია გია ხუხაშვილი აფასებს. 

მისი თქმით, ამ სიიდან გამსვლელი მხოლოდ პირველი 40 კაცია.

"ქართული ოცნების" სიაში 40-ის იქით თუ ვინ წერია, თვლას აღარ აქვს აზრი. იმის იქით გამსვლელი ადგილები აღარ არის.

"ამ სიის დაკომპლექტებაში მნიშვნელოვანია ის, რომ მაჟორიტარებზე ე.წ. სადაზღვეო პოლისი არ გაიცა.

"ეს სხვათა შორის ძალიან კარგი პრეცედენტია საარჩევნო მენეჯმენტის თვალსაზრისით. მაჟორიტარები უფრო მეტი ენთუზიაზმით იმუშავებენ. არ ექნებათ იმედი, რომ წინა რიგებში "პარაშუტი" აქვთ. ასე რომ, ჩემი აზრით, ამით "ქართულმა ოცნებამ" სწორი ნაბიჯი გადადგა.

"რაც შეეხება პარტიის პოლიტიკური ელიტის შეცვლას, ეს მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ პარტიის 4 წლის მოღვაწეობა იყო აბსოლუტურად წარუმატებელი. თუმცა, ახალ სახეებს აქვს გარკვეული პლუსიც - ჩვენთან პოლიტიკურ ელიტას მთლიანობაში ნეგატიურად აფასებენ და აქედან გამომდინარე, პოლიტიკაში ახალი სისხლი კარგია. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ნიშნავს მართველი პარტიის წარუმატებელ მოღვაწეობას 4 წლის განმავლობაში", - გვითხრა ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×