"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამის მიღმა რამდენიმე ისეთი საკითხი დარჩა, რაც წინა არჩევნების წინ მმართველი გუნდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. მათ შორის, სამართლიანობის აღდგენის საკითხი, ანტიმონოპოლიური საქმიანობის პერსპექტივა ქვეყანაში და სხვა. ყველაზე მიმზიდველი წელსაც სამუშაო ადგილების შექმნაა, თუმცა მმართველი პარტიის არგუმენტს დამაჯერებლობა აშკარად აკლია.
"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საქართველოში შემდეგ 4 წელიწადში 200 ათას სამუშაო ადგილს შექმნის. ეკონომიკური განვითარების გეგმაზე ვრცლად პრემიერ-მინისტრმა, პარტიული სიის პირველმა ნომერმა, გიორგი კვირკაშვილმა ისაუბრა.
მმართველი პარტია აპირებს გააგრძელოს მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამები კონკურენტული ბიზნესგარემოს ხელშეწყობისთვის, მოახდინოს სახელმწიფოს ეტაპობრივად გამოსვლა ეკონომიკის იმ დარგებიდან, რომლებსაც აქვს დამოუკიდებლად განვითარების პოტენციალი.
"ქართული ოცნება" ამომრჩეველს ასევე ჰპირდება, რომ 2017 წლიდან საწარმოს მიერ მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილებისას. შესაბამისად, საწარმო გადასახადს გადაიხდის იმ შემთხვევაში, თუ მოგებას გაანაწილებს დივიდენდის სახით მის პარტნიორებზე ან არაეკონომიკური მიზნით გასწევს გარკვეულ ხარჯებს. ამ გადასახადის რეფორმის შედეგად 50 000 სამუშაო ადგილი გაჩნდება.
40 000 ადამიანი დასაქმდება ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად. კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მეშვეობით "ქართული ოცნება" 50 0000 ახალ სამუშაო ადგილს ელოდება. საუბარია ავტობანისა და შიდა საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტებზე.
დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად მმართველი პარტია დამატებით 10 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს. 50 000 სამუშაო ადგილის შექმნა კი, როგორც კვირიკაშვილი განმარტავს, ტურიზმის, ტურისტული მომსახურების და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად მოხდება.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, პარტია გეგმავს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს კონფლიქტისპირა რეგიონებისა და მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებელებს. შენარჩუნდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ასევე გაგრძელდება ს ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაფინანსებაც.
"პრიორიტეტული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მეწარმეობისა და ახალი ბიზნესის წახალისება, სოფლის მეურნეობის განვითარება და მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირება", - აცხადებს პრემიერი.
ერთი შეხედვით, "ქართული ოცნების" ეკონომიკური პროგრამა ურიგოდ არ გამოიყურება, მაგრამ ქართველი სპეციალისტების აზრით, არც ისე მიმზიდველად გამოიყურება.
აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, ეკონომიკურ პროგრამაში რამდენიმე ისეთი საკითხია, რომელსაც დაკონკრეტება აკლია და ამიტომ პროექტი ნაკლებად ფასეულია.
"მთლიანობაში "ოცნების" პროგრამა პასუხობს მოთხოვნებს, მაგრამ სასურველია, მეტი დეტალები ეკონომიკურ ნაწილში. მკაფიოდ უნდა ყოფილიყო ნათქვამი სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებითაც, რაც წინა საარჩევნო პროგრამითაც იყო გაწერილი. ათიათასობით განცხადებაა პროკურატურაში შესული და მათთვის უნდა ყოფილიყო რაღაც მინიშნება, რომ სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში უნდა დაჩქარდეს. ჩემი აზრით, ამ საკითხმა მეორე პლანზე გადაიწია, რაც დაჩაგრული და ქონებაწართმეული ადამიანებისთვის ძალიან უსიამოვნო ფაქტია. კარგი იქნებოდა, უფრო მეტად თქმულიყო ანტიმონოპოლიური საქმიანობის პერსპექტივის შესახებ", - აცხადებს სილაგაძე.
რაც შეეხება უმუშევრობის დასაძლევად მიმართულ ღონისძიებებს, აკადემიკოსის შეფასებით, დამაჯერებლობა ამ ნაწილსაც აშკარად აკლია.
"უმუშევრობაზე ნამდვილად არის ციფრობრივი მონაცემები. იქ არის საუბარი სხვადსახვა ღონისძიებების შედეგად რამდენით შეიძლება სამუშაო ადგილების გაზრდა, თუმცა რეალური სექტორი არის ყველაზე მთავარი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნებოდა კიდევ მეტი აქცენტირება რეალურ სექტორში განხორციელებული რეფორმის დაჩქარების თვალსაზრისით.
მთლიანობაში, საინტერსო პროგრამაა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ეს საკითხები წინა პლანზე ყოფილიყო, განსაკუთრებით უმუშევრობასთან დაკავშირებით. ევროპული პარამეტრებით უმუშევრობის საშუალო დონე არის 5%-ის ფარგლებში. პროგრამაში უნდა ყოფილიყო მინიშნება 4 წლის შემდეგ და მათ შორის ყოველწლიურად, რა დონით შემცირდებოდა საქართველოში უმუშევრობა.
ევროკავშირის წევრობისთვის მთავარი ინდიკატორია, რომ მინიმუმ 10-12 ათასი დოლარის ფარგლებში იყოს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე. "ქართული ოცნების" პროგრამაში ამაზე არაფერია ნათქვამი. ასეთი გათვლა რომ იყოს, პროგრამა გაცილებით მეტად ფასეული იქნებოდა.
სამაგიეროდ, კარგია პროგრამით გათვალისწინებული რეფორმა ჯანდაცვაში, მეტი ინვესტიცები სოფლის მეურნეობაში და რეაინვესტირების საკითხი, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის", - განმარტავს სილაგაძე.
უმუშევრობასთან დაკავშირებული დაპირება ერთადერთი აღმოჩნდა, რომლის მიმართაც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსს ანდრია გვიდიანს შენიშვნა აქვს. მას ეეჭვება, რომ 4 წელიწადში 200 000 ადამიანის დასაქმება მოხერხდეს.
"ქართული ოცნების" ეკონომიკურ პროგრამაში იგრძნობა, რომ პარტია კონკრეტულ გათვლებზეა ორიენტირებული. მიმაჩნია, იგი სრულად ასახავს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაში არსებობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა, რაც პროგრამაში აღნიშნულია და ამაზე დიდწილად ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარება არის დამოკიდებული.
შენიშვნა მაქვს უმუშევრობასთან დაკავშირებით. 200 000 სამუშაო ადგილი, ვფიქრობ, ზედმეტად ამბიციური განცხადებაა. არ მჯერა, რომ 4 წლის შემდეგ ქვეყანაში 200 000-ით ნაკლები უმუშევარი გვეყოლება. ეს შეიძლება არ იყოს მუდმივი სამუშაო ადგილი, თუმცა დაგეგმილი პროექტების საშუალებით ჩვენ დასაქმების მაჩვენებლებს გავაუმჯობესებთ", - აცხადებს გვიდიანი და დასძენს, რომ მმართველმა პარტიამ აქცენტები სწორად დასვა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის რამდენიმე ჯერ კიდევ წინა არჩევნების დროს გაცემული დაპირებაა, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შესრულდა.
"მნიშვნელოვანია საგადასახადო რეფორმები, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს დაანონსებული. ესტონური მოდელის შემოღება, წესით, 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს. იგი ითვალისწინებს რეინვესტირებულ თანხებზე მოგების გადასახადის გაუქმებას. მთავრობა ამით დასაქმებას წაახალისებს და კერძო სექტორისთვის ახალ პერსპექტივებს გააჩენს.
უნდა ითქვას ისიც, რომ წინა არჩევნებიდან ჩვენ რამდენიმე შეუსრულებელი დაპირება გვახსოვს. აქედან გამომდიანრე, ელექტორატს უნდობლობა შეიძლება გაუჩნდეს და რეალური დაპირებაც კი უტოპიურად აღიქვას", - აცხადებს გვიდიანი.