ქართული პომიდორი და კარტოფილი, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ფერმერების ინფორმაციით, უცხოურ ბაზრებზე ისინი ამჯერად უფრო ნაკლებად გადის, რამაც გარკვეული გავლენა ფასზეც მოახდინა. წინა წელთან შედარებით, სამომხმარებლო ბაზარზე პომიდვრისა და კარტოფილის ყიდვა 30-40 თეთრით ნაკლებადაა შესაძლებელი.
ამ ეტაპზე სამომხმარებლო ბაზარზე 1 კგ კარტოფილის ფასი 0,50-0,70 თეთრია, ხოლო პომიდორი ფასი 0,60 ლარიდან იწყება და 1 ლარს არ აჭარბებს, როცა შარშან 1,130-1,50 ლარიც ღირდა.
ახალციხელი ფერმერის, მკრტჩ მოვსესიანის ინფორმაციით, ბოსტნეული თითქმის აღარ გადის თურქეთსა და აზერბაიჯანში და არც გადამყიდველები გამოჩენილან.
"წინა წლებში კარტოფილი მოსავლის აღებისთანავე გავყიდეთ, აზერბაიჯანელმა და თურქმა გადამყიდველებმა შეიძინეს 1 კილოგრამი 45 თეთრად. წელს საერთოდ არ გამოჩენილან. დღესდღეობით მეზობელ ქვეყნებში ჩვენგან არაფერი გადის, რეალიზაციის მხრივ იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს, მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ვართ დამოკიდებულნი. მარნეულში კარგი მოსავალია, ჩვენთან - ცოტა ნაკლები, მაგრამ არც ეს არის პრობლემა. მთავარია, გაყიდვის მეტი შესაძლებლობა გვქონდეს", - განუცხადა "რეზონანსს" მოვსესიანმა.
სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში გადამამუშავებელი მრეწველობა ნაკლებადაა განვითარებული, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასზე აისახება.
ექსპერტ მათე გარდავას თქმით, უცხოურ ბაზრებზე ქართულ ბოსტნეულზე დიდი მოთხოვნა მაინც და მაინც არ შეიმჩნევა. გარდა ამისა, როგორც გარდავა განმარტავს, ბოსტნეულის შედარებით დაბალი ფასი სეზონური ცვლილებითაც არის გამოწვეული.
"ლოგიკურია, როცა პროდუქტი ექსპორტზე მცირე რაოდენობით გადის, ადგილობრივი მომხმარებლისთვის ფასიც ნაკლებია. ასეა კარეტოფილისა და პომიდვრის შემთხვევაშიც. მოსავალი წელს კარგია, თუმცა ხარისხთან დაკავშირებით პრობლემაა, რაც უამინდობამ განაპირობა. ჩვენი პროდუქცია ბაზარზე მოჭარბებულია და ფასი, ერთი შეხედვით არის დაბალი. ასეთი ვითარება შენარჩუნდება ოქტომბრამდე, შემდეგ იმპორტირებულის რაოდენობა მოიმატებს და ცვლილება ფასსაც დაეტყობა.
ადგილობრივი მეურნეობის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ გადამამუშავებელი მრეწველობის მასშტაბები არ იზრდება. ეს მიმართულება განვითარებული არ არის, ამიტომ გარკვეული პროდუქტი საკმაოდ გაიაფდა", - განმარტავს გარდავა.
ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანიებში წარმოების ზრდაზე ამახვილებენ ყურადღებას. "ევრო ფარმის" მენეჯერის კარლო ბერეკაშვილის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე იმპორტული პროდუქტის საჭიროება აღარ არის, რაც ქართული ბოსტნეულის წარმოების ზრდაზე მიგვანიშნებს და ეს რეალურადაც ასეა.
"ქართული ბოსტნეულის წარმოება, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია. ჩვენ კომპანიას პომიდორი და კარტოფილი ექსპორტზე არ გააქვს, ამიტომ საგარეო ბაზრებზე რა ხდება ამ მიმართულებით, ვერ გეტყვით. შიდა ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. რამდენადაც ვიცი, იმპორტი შემცირდა და ეს ეროვნული წარმოების პროდუქციის რეალიზაციას სასიკეთოდ დაეტყო. ვფიქრობ, გვიან შემოდგომამდე ჩვენი მარაგი გვექნება, შემდეგ კი ბაზარზე იმპორტის დახმარება აუცილებელი გახდება", - ამბობს ბერეკაშვილი.
მოსავლიანობის ზრდაზე საუბრობენ მეწარმეებიც, რომელთა ინფორმაციითაც, რეგიოენბში პომიდვრისა და კარტოფილის დიდი მარაგიაა და მას, ძირითადად, ადგილობრივი ბაზარი მოიხმარს.
"ჩვენი პროდუქტი აშკარა უპირატესობაშია. მიმდინარე სეზონი ამისთვის ხელსაყრელიც აღმოჩნდა. უცხოურ პროდუქტს იშვიათად წააწყდებით, თუმცა მომხმარებელი სხვაობას ქართულსა და უცხოურს შორის თითქმის ვერ ამჩნევს. პროდუქტს გლეხებისგან ვყიდულობთ. შარშანდელთან შედარებით, შესყიდვაც ნაკლებ ფასში გვიწევს, დაახლოებით, 5-10%-ით იაფია. არ ვიცი წლევანდელი დაბალი ფაის რის გამოა, დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი. ჯერჯერობით არანაირი შეზღუდვა არ არის მოწოდების მხრივ.
ახალა შემოდგომაა და პროდუქტის მარაგიც, ალბათ, დიდხანს ვერ გასტანს. ვფიქრობ, 2 თვის შემდეგ იმპორტირებულის დამატება დაგვჭირდება, მაგრამ ჯერ აღარ არის ამის საჭიროება", - ამბობს ნუგზარ გულიაშვილი, დიდუბის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე.