ხალხს გადახდის თავი აღარ აქვს და ყველა იაფ ვარიანტს ეძებს
მარიამ აფციაური
10.09.2016

ბინის ქირაობა გაიაფდა. უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე ფასი 50-200 დოლარით ნაკლებია, გააჩნია ბინის ფართს და ადგილმდებარეობას. დილერები ქირის ღირებულების შემცირების ტენდენციას მოთხოვნის კლებით ხსნის.  ჯერჯერობით აქტიურობით არც სტუდენტები გამოირჩევიან. ისინი მცირე იაფფასიან ბინებს ეძებენ, რაც სააგენტოებს თითქმის არ აქვთ.

 ქირაზე მოთხოვნამ იკლო, განსაკუთრებით ძვირადღირებულ ბინებზე. უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე პირები ამას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან: მძიმე სოციალური ფონი, ბოლო წლების სავალუტო რყევა და მაღალი კონკურენცია.

როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, უძრავი ქონების სააგენტოს მუშაობაზე გავლენა ვერც უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ იქონია. ამიტომ დაქირავება-დაგირავებით დაკავებული ადამიანები, ძირითადად, სტუდენტების იმედად არიან დარჩენილნი. ამ მხრივ კი ის პრობლემაა, რომ ახალგაზრდები მხოლოდ იაფიან ბინებს ეძებენ.  ასე რომ, საშუალო და მაღალფასიანი ბინების გაქირავება წელს კიდევ უფრო ჭირს.

"ვერ გეტყვით, რომ მოთხოვნა გაზრდილია. მაგალითად, ადრე ძალიან ბევრი სტუდენტი გვირეკავდა, ახლა ასე აღარ არის. თითქმის ყველა დაბალფასიანი ოთახების მოძიებაზე არიან ორიენტირებული.  ჩვენთან კი ასეთი შეთავაზება ნაკლებად შემოდის. თავად მფლობელებიც ადვილად ახერხებენ კლიენტების შოვნას. მცირეფასიან ბინებზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია მოთხოვნა, ძვირიან სეგმენტში კი მუშაობა ძალიან ჭირს", - ამბობს გაყიდვების სააგენტო "კიბეს" დამფუძნებელი ნელი გოგუაძე.

უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლება ვერც ტურისტების მოზღვავებით მოხერხდა. პრობლემას აქ უკვე კონკურენტული გარემო, კერძოდ, სასტუმროების ბიზნესი ქმნის.

"სასტუმროები იმდენად ბევრია თბილისში, რომ ბინის დაქირავება ტურისტს არ სჭირდება. ისინი მიდიან ჰოსტელებში, გესტჰაუზებში, საკმაოდ ბევრია ასეთი განთავსების ობიექტები.  სასტუმროებში რომ დაიაროთ, ნახავთ, თუ რამდენად მაღალია აქტივობა", - განუცხადა "რეზონანსს" გაყიდვების სააგენტო "კიბეს" დამფუძნებელმა ნელი გოგუაძემ.

ქირაობის მსურველთა ნაკლებობაზე საუბრობენ კომპანია "გალაგაშიც". მათი განმარტებით, უძრავი ქონების ბაზარზე ცვლილება ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული.

"ერთი პერიოდი კარგად ქირავდებოდა ბინები, ახლა ძალიან გართულებულია. სტუდენტური სეზონი კი არის, მაგრამ დიდად ვერც მათზე ვაქირავებთ. ყველას უნდა ძალიან იაფად, ან 3-4 კაცს სურს შესვლა და თანხის გადანაწილება. ეს ყველაფერი გამოწვეულია მძიმე სოციალური ფონით, რაც ქვეყანაში არსებობს. გავლენა იქონია სავალუტო რყევამაც. ასე რომ, ტენდენცია, საერთო ჯამში, კლებისკენ არის.

შარშან ამ დროს უფრო ქირავდებოდა ბინები. ამჟამინდელი მუშაობა შემოსავლიანი არ არის ჩვენთვის. რა თქმა უნდა, იკლო ფასმაც. მართალია, კატასტროფული ვარდნა არ დაფიქსირებულა, თუმცა ამ მხრივაც ტენდენცია შემცირებისკენაა", - განაცხადა კომპანია "გალაგას" ხელმძღვანელმა ირინა ჩეკავინამ.

მოთხოვნის შემცირების გამო, უძრავი ქონების სააგენტოს ხელმძღვანელები იძულებულნი არიან, ფასი დააგდონ.

"მაგალითად, 3 წლის მუშაობას თუ გადავხედავთ, ფასმა იკლო.  მიზეზი ის გახლავთ, რომ დიდ ბინებზე მოთხოვნა აღარ არის ისეთი, როგორც ადრე იყო. ქირის გადასახადს დავაკელით 50, 100, 200 დოლარი - გააჩნია შემთხვევას. დიდი ვარდნა არ მომხდარა, 10-15% არის სხვაობა", - აცხადებს გაყიდვების სააგენტო "კიბეს" დამფუძნებელი ნელი გოგუაძე.

უძრავი ქონების სააგენტო "სიგმას" დირექტორმა ზურაბ ლაჩაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სექტემბერში, ყველაფერი აქტიურ ფაზაში გადადის, განსაკუთრებით ეს ეხება უძრავ ქონებას. მისი ინფორმაციით, მოთხოვნა და ამასთანავე ფასი ქირაზე თითქმის იგივეა. "სიგმა" ტენდენციის შენარჩუნებას ახერხებს.

"ახალი სასწავლო წელი იწყება და ტრადიციული აქტიურობა შეინიშნება სტუდენტების მხრიდან, ასევე უცხოელებისგანაც. რაც შეეხება ქირის ფასს, თითქმის იგივეა. უცხოელების გააქტიურებასთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ ვიზიტორების მატება ჩვენ მუშაობაზე არ ასახულა. ქირაობენ, თუმცა დღიურად და კომპანია "სიგმა" კი მოკლევადიანი გაქირავებით არ გახლავთ დაკავებული", - განმარტა ზურაბ ლაჩაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×