თიკო ოსმანოვა
12.09.2016

აწ უკვე ყოფილი დეპუტატისა და საპრალმენტო უმრვალესობის წევრის, გოგლა ჟვანიას თქმით, ის, რომ იგი არ არის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, მისთვის, მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო. ამბობს, რომ ამით დაასრულა პოლიტიკური საქმიანობა მაგრამ რჩება "ქართული ოცნების" გუნდის წევრად.

 მმართველი პარტიის ახალ საარჩევნო სიაზე და მისი ძმის ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებაზე "მთელი კვირა" გოგლა ჟვანიას ესაუბრა.

გოგლა ჟვანია: სანამ სია დაკომპლექტდებოდა, ბუნებრივია, მქონდა შეხვედრა პარტიის ხელმძღვანელობასთან. ვისაუბრეთ ამ საკითხზე და მაშინ განვაცხადე, რომ ჩემთვის პარლამენტში ყოფნა პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. გადაწყვეტილება უნდა მიეღო პარტიის ხელმძღვანელობას. თუ ვიქნებოდი საჭირო, მზად ვიყავი მონაწილეობა მიმეღო. როგორც ჩანს, არ იყო საჭირო.

"მთელი კვირა": ახლა რა გეგმები გაქვთ?

გ.ჟ.: დავუბრუნდები ჩემს ძირითად საქმიანობას, მქონდა პატარა ბიზნესი და იმას გავაგრძელებ.

"მ.კ.": რჩებით თუ არა "ქართული ოცნების" გუნდის წევრად?

გ.ჟ.: ბუნებრივია. ეს არავითარ კავშირში არ არის ამასთან. ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო და ასე ვთქვათ, ამ მხრივ პარტიის ხელმძღვანელობას თვითონ შევთავაზე, რომ თავისი შეხედულებისამებრ მიეღო გადაწყვეტილება.

ვარ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, წევრი და მიმაჩნია, რომ ეს ის ძალაა, რომელსაც შესწევს უნარი ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს.

"მ.კ.": ბიძინა ივანიშვილს თუ ესაუბრეთ ბოლო დროს?

გ.ჟ.: ინდივიდუალური საუბარი არ მქონია. იყო პარტიის ფორმატში. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, მაშინ ვსაუბრობდით, რომ მოხდებოდა სიის გადახალისება.

"მ.კ.": და თქვენ როგორ მოგწონთ "ქართული ოცნების" ახალი სია?

გ.ჟ.: ძალიან ბევრი ახალი სახეა. ბევრ ადამიანს კონკრეტულ სფეროში აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს გაამდიდრებს და გაძლიერებს პარლამენტს სხვადასხვა მიმართულებებით.

რეფორმები გვჭირდება ძალიან ბევრ სფეროში. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი დარგი თავიდან არის დასაყენებელი და იმედი მაქვს ეს ადამიანები თავის ცოდნას ამისთვის გამოიყენებენ. თუმცა არიან ასევე ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობ.

"მ.კ.": ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ადამიანები, ვინც სიაში ვერ მოხდებიან, დასაქმდებიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ თვითმმართველ ერთეულებში. ხომ არ გიხილავთ არჩევნების შემდეგ რომელიმე თანამდებობაზე?

გ.ჟ.: ამას გამოვრიცხავ. მე სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხება აღარ მექნება. შეიძლება ითქვას, ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობა დავასრულე.

საერთოდ, როდესაც მოვედი პოლიტიკაში და მოვხდი საარჩევნო სიაში მამოძრავებდა ორად-ორი მიზანი: პირველი - მინდოდა მომეცილებინა მანიაკალური რეჟიმი, რომელიც ქვეყანას მრავალი წლის განმავლობაში მართავდა და მეორე - უმთვარესი პრინციპული საკითხი იყო ჩემი ძმის საქმის გამოძიება.

პირველი საკითხი წარმატებით დაგვირგვინდა. რაც შეეხება ზურა ჟვანიას საქმის გამოძიებას, ეს პროცესი ჯერჯერობით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, ვიქნები თუ არა პარლამენტში, მაქვს ინტესიური კონტაქტი პროკურატურასთან.

"მ.კ.": რატომ მოხდა ამის ასე გაჭიანურება. საკმაოდ დიდი ხნის წინ დაანონსდა, რომ საქმე მალე გაიხსნებოდა...

გ.ჟ.: მტკიცებულებების მოპოვება და ექსპერტიზების ჩატარება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. სხვადასხვა ეტაპზე საქმეში ჩართულნი არიან უცხოელი ექსპერტები, რასაც ძალიან დიდი დრო მიაქვს. ამ ადამიანებთან და სხვადასხვა სტრუქტურებთან მოლაპარაკებებს თვეები სჭირდება ხოლმე, რაც თავისთავად ართულებს და ახალნგრძლივებს  პროცესს.

თუმცა პროცესი მიდის სწორი მიმართულებით და აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე და ამ საქმეს დაესმევა წერტილი.

"მ.კ.": და მაინც, ხომ არ ხართ ნაწყენი, რომ მთელი 4 წლის განმავლობაში ეს საქმე არ გაიხსნა?

გ.ჟ.: არა. ვხედავ პროცესს შიგნიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერზე საჯაროდ საუბარი არ შემიძლია. ბუნებრივია, იყო შეცდომებიც, მაგრამ პროცესს შიგნიდან ვუყურებ და მიმაჩნია, რომ მთლიანობაში საქმე მიდის სწორი გზით. მოლოდინიც შესაბამისი მაქვს.

"მ.კ.": რამდენად შესაძლებელია, გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ყოფილი პრემიემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია უბედურ შემთხვევას შეეწირა?

გ.ჟ.: უბედურ შემთხვევაზე გამოძიება დიდი ხანია აღარ საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ საქმის გადაკვალიფიცირება არ მომხდარა. უბედურ შემთხვევაზე გამოძიება საუბრობდა 2012 წლამდე. იმის მერე ამაზე საუბარი აღარ ყოფილა.

ჩემ ხელთ არსებული მასალებით, რაზეც ხელი მიმიწვდება, თავიდანვე ვამბობდი, რომ მოხდა მკვლელობა და ამ 4 წლის მანძილზე ეს მოსაზრება გამიმყარდა.

მაგრამ მთავარია, მტკიცებულების მოპოვება, რომლითაც მიდიხარ შემდეგ სასამართლოში. ეს არის ცოტა რთული პროცესი. შეიძლება იცოდე, რომ კონკრეტული ადამიანია მკვლელი, მაგრამ ამას უნდა საკმარისი მტკიცებულება, რომ დასააბუთო და დაუმტკიცო სასამართლოს. აი, ასეთი ნიუანსებია, რომელიც ართულებს ამ საქმის გამოძიებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×