რეიტინგების ომიდან ეგზიტპოლამდე - 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ორი კერძო კომპანია გამოაქვეყნებს და უკვე არსებობს ვარაუდი, რომ მკვეთრად განსხვავებული მონაცემები დაიდება. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, "იმედისთვის", "მესტროსა" და "ჯი-დი-ეს-სთვის" ეგიზიტპოლს კომპანია ეტს ჩაატარებს, ხოლო ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით - გერმანული GFK, რომლის სოციალოგიურ კვლევებს საზოგადოება უკვე იცნობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან ერთობლივი ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შედეგები მოჰყვა. მეტიც, ამ გადაწყვეტილების მიღებისას არც მაუწყებლის ბორდი იყო ერთსულოვანი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებიდან გადაწყვეტილებას მხარი გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მარინა მუსხელიშვილმა დაუჭირეს, წინააღმდეგ ხმა სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ მისცეს, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
არხის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის თქმით, კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 დოლარია, ხოლო ამ თანხაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი - 200 ათასი ლარი.
"დანარჩენ თანხას ეს სამი კომპანია გადაიხდის. ველზე სამუშაოებს კომპანია "გორბი" ჩაატარებს," - ამბობს გიორგი ბარათაშვილი.
"რუსთავი 2"-ის დაკვეთით კი ეგზიტპოლს კომპანია GFK ჩაატარებს, რომელსაც, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, საეჭვო რეპუტაცია აქვს და პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაშია "ეჭვმიტანილი".
არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, არჩევნების დღეს კომპანია სხვადსხვა ქალაქიდან 12 მაჩვენებელს დადებს.
"როგორც ყოველთვის, "რუსთავი 2" ცალკე ჩაატარებს ეგიზტპოლებს; იქნება 12 მაჩვენებელი მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი ზუგდიდი და 5 ყველაზე მსხვილი რეგიონი - სამეგრელო, შიდა ქართლი იმერეთი, აჭარა და კახეთი. მხოლოდ პროპციული სიის მაჩვენებელი დაიდება.
"თუ რა თანხა უჯდება კომპანიას, ეს კომერციული საიდუმლოა, მაგრამ, რაც "პირველმა არხმა" თქვა, იმ ოთხეულთან დაკავშირებით იმის მეათედი ჯდება დაახლოებით.
"ჩვენ ეს დავაკონტრაქტეთ რამდენიმე თვის წინ, მაგრამ "პირველი არხისგანაც" არ ყოფილა არანაირი შემოთავაზება. თანაც რა თანხაზეცაა საუბარი, ის არარელაურია. ამხელა თანხა შეიძლება დაჯდეს აშშ-ში", - უთხრა "მთელ კვირას" გვარამიამ.
აღსანიშნავია, რომ "რუსთავი 2"-მა ბოლო რამდენიმე თვეში GFK-ს მიერ ჩატარებული ორი სოციალოგიური კვლევა უკვე გამოაქვეყნა, სადაც მმართველი პარტიისა და მთავარი ოპოზიციური ძალის" რეიტინგები თითქმის იდენტურია. ივნისის თვის მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობა" "ოცნებას" მხოლოდ 0,7%-ით ჩამორჩებოდა. თითქმის ანალოგიური შედეგი დაიდო აგვოსტოშიც.
აქედან გამომდინარე პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ არჩევნების დღეს ეგიზიტპოლის ორი განსხავებული შედეგი დაიდება, რაც გარკვეულწილად საზოგადოებაში ნებათაღელვას გამოიწვევს.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ეგზიტპოლები რომ გარკვეულ ნიადაგს ჰქმნიან დაპირისპირებისთვის, ნათელია, თუმცა, სადამდე მივა ეს პროცესები, უჭირს ამის პროგნოზი.
"სავარაუდოდ, ორი განსხავებული მონაცემები დაიდება და ეს გამოიწვევს დაძაბულობას. თითეული მხარე შეეცდება საზოგადოება თავის სიმართლეში დაარწმუნოს. რეიტინგების ომი, რაც აქამდე გვქონდა, ახლა ეგზიტპოლებში გადავა. ეს გადაიზრდება თუ არა სხვა ომში - ამაზე ლაპარაკი ძნელია. მაგრამ სხვა დაპირსპირებისთვის რომ ეს ეგზიტპოლები გარკვეულ ნიადაგს ქმნის - ფაქტია.
"მაგალითად, ერთი მხარე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ეგზიტპოლი სოციოლოგიაა, სოცილოგია კი პროცედურულად გაყალბებას და კარუსელთან კავშირში არ არის. ამდენად, დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ეს უფრო სწორია და ოფიციალური შედეგი ყალბია. ასე რომ, შედეგების გაყალბების მოტივი გახდება ვნებათაღელვის მიზეზი.
"მეორე მხარე, რომლის შედეგებიც ახლოს იქნება ოფიციალურ მონაცემთან, ის ეგზიტპოლის გაყალბებაზე ილაპარაკებს და ამ მხრივ დააყენებს საკითხს.
ასე რომ, წყნარი ცხოვრება არც ერთი შემთხვევაში გვექნება", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას საყვარელიძე და დასძენს, რომ "რუსთავის 2"-ის მიერ შერჩეული კომპანია პოლიტიკურ დაკვეთებზე მუშაობს და ამაზე კომპანიის ბეგრაუნდი მიუთითებს
"GFK არის ის ორგანიზაცია, რომლის კვლევის შედეგების მიხედვით ითქვა, რომ ყირიმის მოსახლეობის ნახევრზე მეტს რუსეთთან შეერთება სურს. არის თუ არა ეს რუსული პოლიტიკის გამტარებელი, ძნელი სათქმელია, მაგრამ რაღაც პოლიტიკურ დაკვეთებზე მომუშავე რომ არის - ეს მისი ბევრი სხვა მონაცემებიდანაც ჩანს", - განაცხადა საყვარელიძემ.
ის, რომ არჩევნების დღეს საღამოს 8 საათზე ეგზიტპოლის 2 განსხავებული შედეგი დაიდება, ამას საკვლევ-საკონსულტაციო "ფსიქო-პროექტის" დამფუძნებელი ზურაბ ბიგვავაც ამბობს. თუმცა, მისი თქმით, არჩევნებამდე კიდევ გამოქვეყნდება ერთი ან ორი სოციოლოგიური კვლევა და გამოჩნდება ვის რა გეგმები აქვს.
"აუცილებლად განსხვავებული შედეგები დაიდება, იმიტომ, რომ GFK-ს კვლევა არ არის ობიექტური, მე ამის საბუთი მაქვს. ეს აჩვენა არა მარტო მისმა ბეგრაუდნმა, არამედ იმ შედეგებმაც, რომელიც ბოლოს დადეს.
"გამოიწვევს თუ არა ეს დაძაბულობას, არ ვიცი, თუმცა ვის რა განზრახვა აქვს - გამოჩნდება. რეალური შედეგი არჩევნების შედეგი იქნება, რომელიც ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ არმდენიმე საათში დაიდება.
"არჩევნების გაყალბების წინაპირობა არ არსებობს. ეს როგორც წესი გარკვეულ რაღაც ნიშნებს შეიცავს, რომელიც დღეს არ არის. არ მგონია ვინმეს ხელი წაუცდეს და არჩევნების გაყალბებას შეეცადოს.
"სანამ არჩევნები მოვა, მანამდე კიდევ გამოქვეყნდება ერთი-ორი კვლევა და გამოჩნდება ვინ საით მიდის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადამწყვეტი იქნება მთავარი შედეგი, რომელსაც ცესკო დადებს", - გვითხრა ბიგვავამ.