ეკა ბასილაია
12.09.2016

8 ოქტომბრის შემდეგაც, მომავალ პარლამენტართა რიგებში, ისევ საკმაო რაოდენობით აღმოჩნდებიანა ადამიანები, რომლებიც წინასწარვე ცნობილია, რომ მთელი 4 წელი საერთოდ არ გაეკარებიან მიკროფონს და საერთოდ არაფრით იქნებიან გამორჩეული, მაგრამ პარტიულ სიებში ადგილები ერთადერთი ნიშნით - მხოლოდ ფულის ქონის გამო მაინც გაინაღდეს.

ბიზნესმენების, ე.წ. ფულის ტომრებად წოდებული სახეების პარტიულ სიაში მიზიდვა ყველა პოლიტიკური პარტიის დიდი სურვილია.  მთავარი მოტივი ისაა, რომ ეს ფულიანი ადამიანები თავად აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას და ამით პოლიტიკურ ძალას ფინანსებს შემატებენ. თავად ბიზნესმენების ერთადერთი მიზანი კი ისაა, რომ მოიპოვონ დეპუტატის მანდატი და ამით საკუთარი მცირე თუ დიდი ბიზნესის ლობირება შეძლონ მეტი ფულის საშოვნელად.  მანდატი კი - ხელშეუხებლობის უდიდესი გარანტიაა. ამ მიზეზის გამო, ეს დეპუტატობის მსურველები, დიდი რაოდენობით, და ძირითადად მაჟორიტარულ კანდიდატებად, სახელისუფლებო პარტიაში იყრიან თავს. ასევე არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ბიზნესმენებს ამა თუ იმ ოპოზიციურ გუნდში ყოფნის სურვილიც უჩნდებათ, თუმცა, როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, ხელისუფლებასთან მკვეთრად დაპირისპირებულ ოპოზიციურ გუნდში შესვლა ბიზნესმენებისთვის უდიდესი გმირობის ტოლფასია და ამიტომაც ასეთი შემთხვევები ყველა დროში მხოლოდ ერთი-ორია ხოლმე. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა არც დღეს.

"უარი ვუთხრათ "ფულის ტომრებს" პოლიტიკაში. მათი კეთილდღეობა აღარიბებს მოსახლეობას. არჩევნებზე დახარჯულ ყოველ თეთრს შემდეგ ექვსმაგად ამოიღებენ სწორედ იმავე ხალხის ხარჯზე. ბიზნესმენი, დიდი მონოპოლისტი პოლიტიკაში საკუთარი ფულის დასაცავად მოდის, ყველანაირი ხელისუფლების მსახურად და თავისი სიმდიდრის გასამრავლებლად. ანა-ბანაა პოლიტიკაში", - წერს "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი "ფეისბუქზე". 

 თუმცა პოლიტიკური პარტიები რომ ამ ე.წ. ფულის ტომრებს ვერა და ვერ ელევიან, ეს საარჩევნო სიებშიც ჩანს.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის ამბობს, რომ მას არ ახსოვს საზოგადოებრივად აქტიური და თუნდაც ეკონომიკაში გარკვეული იდეოლოგიური პრინციპების პრინციპულად გამტარებელი ბიზნესმენი-პოლიტიკოსი.

"პარლამენტში ისინი ხელისუფლების მოთხოვნით საჭირო დროს პულტზე აჭერენ ხელს, ეს არის მათი ფუნქცია. ბუნებრივია, ეს გარკვეული ფასი ღირს და ეს ადამიანები ან იცავენ სტატუს-კვოს, ან უფრო სწრაფად ავითარებენ ბიზნესს. ეს იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, უბრალოდ ისინი ასე აზროვნებენ. მათი დრო ფული ღირს და ნებისმიერი დახარჯული დრო, საარჩევნო კამპანიისას თუ პულტის დაჭერისას, ფული ღირს. შესაბამისად, ისინი ხელისუფლებისგან სანაცვლოდ მუდმივად რაღაცას ითხოვენ და იღებენ კიდეც," - აცხადებს ხუხაშვილი.

ფულიანი სახეები საპარლამენტო სიებში

8 ოქტომბრის საარჩევნო სია ყველა პარტიას არ გამოუქვეყნებია. მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჯაროვეს მთლიანი სია, დანარჩენებმა მხოლოდ მცირე ნაწილი - ათეული, ოცეული და მაჟორიტარები. 

პარტიების მიერ გამოქვეყნებულ სიებში უმეტესად არ არის დეპუტატობის მსურველთა ბიოგრაფია, ამომრჩეველს ცოტათი მაინც რომ შეექმნას შთაბეჭდილება, ვინ შეიძლება მოხვდეს მომავალ საკანონმდებლო ორგანოში. მათი ნაწილის სახელი და გვარი ინტერნეტშიც არ იძებნება და დეპუტატად არჩევის შემდეგაც, დიდი ალბათობით, ისევ ასე უჩინრად გააგრძელებენ ყოფნას. 

თუმცა, პოლიტიკოსობის მსურველ ბიზნესმენთა გარკვეული სიის შექმნა მაინც შესაძლებელია და ამ მხრივ ყველაზე შთამბეჭდავი, ტრადიციისამებრ, სახელისუფლებო გუნდია.

საპარლამენტო სიაში "ქართულ ოცნებას" 19 ბიზნესმენი ჰყავს, სამის გარდა ყველა მაჟორიტარ კანდიდატებადაა წარდგენილი. მათ შორის ყველაზე დიდი შემომწირველია გამსვლელ სიაში ჩაწერილი ისკო დასენი. მისმა შპს "მისო ლიდერკრედიტმა" მმართველი პარტიის ყველაზე მსხვილი შემოწირულება - 120 000 ლარი გადაურიცხა, რაც კანონით იურიდიული პირებისთვის დასაშვები მაქსიმალური ოდენობაა.

გარდა ამისა, "ქართულ ოცნებას" 22 000 ლარი ჩაურიცხეს იმავე საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა. პლუს, 25 ათასი ლარი გადარიცხეს "ოცნების" ანგარიშსზე მისმა ახლო ნათესავებმაც. ჯამში, ისკო დასენთან დაკავშირებულ იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სახელისუფლებო პარტიისთვის განხორციელებული შეწირულობების ოდენობამ 167 000 ლარი შეადგინა.

"ოცნებას" სიაში ასევე ჰყავს ისეთებიც, ვინც 4 წლის წინ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" მანდატით შევიდა, მაგრამ შემდეგ მათ ზურგი აქცია. იგივე, წალკა-დმანისი მაჟორიტარობის მსურველი კახა ოქრიაშვილი და ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტის კანდიდატი გოჩა ენუქიძე. ასევე "რესპუბლიკელებიდან" "ოცნებაში" გადაინაცვლა ხაშურის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა და დღეს "რესპუბლიკური პარტიის" სია ბიზნესმენების გარეშე დარჩა.

"ოცნების" ბიზნესმენთა სია ასე გამოიყურება: კახა კუჭავა - #11, ისკო დასენი - #26, შოთა შალელაშვილი - #29, ბექა ოდიშარია - კრწანისის კანდიდატი, დავით ჭიჭინაძე - ისანი, ლევან კობერიძე - გლდანი, რომან მუჩიაშვილი - საგარეჯო, დავით სონღულაშვილი - გურჯაანი, გელა სამხარაული, ახმეტა-თელავი, გოდერძი ჩაქსელიანი - თეთრიწყარო, კახა ოქრიაშვილი - წალკა-დმანისი, რუსლან გაჯიევი - მარნეული, იოსებ მაკრახიძე - გორი, ვალერი გელაშვილი - ხაშური, გია მიქელაძე - სამტრედია, გრიგოლ ლილუაშვილი - ვანი-ხონი, გოჩა ენუქიძე - ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტია, ნინო წილოსანი - ლნაჩხუთი-ჩოხატაური, ირაკლი ხახუბია - ფოთი.

ბიზნესმენების შემოცლაზე საუბრობენ ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში და თუკი წინა ორ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობას" გვერდით ისევე უხვად ჰყავდა ე.წ. ფულის ტომრები, როგორც დღეს "ქართული ოცნებას", ამჟამად "ნაციონალების" 200-კაციან სიაში ერთი მსხვილი ბიზნესმენი იძებნება: გამსვლელ - მე-16 ნომრადაა წარმოდგენილი ბიზნესმენი კობა ნაყოფია, თუმცა "მთელ კვირასთან" საუბარში პარტიის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ირწმუნება, რომ ნაყოფიამ ბიზნესი კარგა ხანია მიატოვა და მათ პარტიულ სიაში ბიზნესმენებიდან ერთ გვარსაც ვერავინ ნახავს. მიზეზად კი მოქმედი ხელისუფლების მხრიდან ამ სექტორზე დიდი წნეხი და შიშის ფაქტორი დაასახელა.

ხელისუფლების მხრიდან დიდ წნეხსა და ფინანსური ნაკადების გადაკეტვაზე ბოლო ერთი თვეა საუბრობს პაატა ბურჭულაძე. მისი ახლადშექმნილი პოლიტიკური ბლოკის "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" საარჩევნო სიაში რამდენიმე მცირე ბიზნესმენია. ესენია: კახაბერ ნადარია - ხობი, ირაკლი გვენეტაძე - თერჯოლა-ტყიბული, თემურ გვალია - ჭიათურა. 

ეს კანდიდატები ბიზნესმენებად თავად ბურჭულაძემ დაახასიათა მათი მაჟორიტარად წარდგენის დღეს. ასევე მცირე ბიზნესები აქვთ პარტიულ სიაში მყოფ ზაურ კვიკვინიასა და ირინე ტურაშვილს.

მხოლოდ სიის ათეული გაასაჯაროვა საარჩევნო ბლოკმა, "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" და ამ ათეულში სამი ბიზნესმენია: გელა მიქაძე, გოჩა თევდორაძე და ფრიდონ ინჯია.  მათგან მიქაძე წინა ხელისუფლების დროს დაკავებულიც იყო.

გამსვლელ სიაში ბიზნესმენები არ ჰყავთ არც ნინო ბურჯანაძის და არც ირაკლი ალასანიას პარტიებს. ერთგვარად ბიზნესმენების პარტია "მრეწველები" კი არასწორად წარდგენილი საარჩევნო დოკუმენტაცის გამო საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის საფრთხის წინაშე დგანან.

საპარლამენტო მანდატების მოპოვებას ბიზნესმენები პარტიების გარეშე, დამოუკიდებლადაც ცდილობენ და წლევანდელ არჩევნებზე დამოუკიდებელ მაჟორიტარებშიც არ შეინიშნება ამ სექტორის წარმომადგენელთა სიმცირე. 

ქობულეთის მაჟორიტარობისთვის იბრძვის უკრაინელი მილიარდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი; ასევე ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი და ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი აპირებს მცხეთა-მთიანეთში გამარჯვებას; რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი შეფი აკაკი ჩხაიძე ლანჩხუთი-ჩოხატაურში იბრძვის; მცირე ბიზნესმენებიდან: მერაბ ფერაძე - ლაგოდეხში; ილია კოკაია - ზესტაფონში, ავთანდილ გოდუაძე - ქუთაისში, ლადო კვარაცხელია - წალენჯიხაში.

რატომ სურთ ბიზნესმენებს პოლიტიკოსობა

"ყველა ბიზნესმენს საკუთარი ბიზნესის წარმატების სურვილი აერთიანებს. ზოგიერთ ბიზნესმენს, გარკვეული ინდივიდუალური შეხედულებებიც გააჩნია და ვინც სახელისუფლებო სივრცეში ვერ მოხვდა, პარლამენტში ნებისმიერ სუბიექტთან დაკავშირების გზით მაინც სურს შეღწევა და მეტი სიმშვიდის დანახვა. თუმცა, როდესაც ათეული წლის გამავლობაში ზოგიერთი მუდმივად სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია, ეს ისევ და ისევ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ბიზნესს დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ დაბალი აქვს," - აცხადებს "დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.

მისი თქმით, წარმატებულ ბიზნესმენთა ლტოლვა სახელისუფლებო გუნდში სრულიად მკაფიოდ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესს რაიმე სანდო ქოლგის გარეშე საფრთხე ემუქრება.

"სწორედ ასეთი მიდგომა იყო ერთადერთი მახასიათებელი იმ ფაქტის, რომ 2014 წლის შემოდგომაზე, როდესაც სახელისუფლებო კოალიცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს და უმრავლესობის შენარჩუნების საფრთხე დადგა, "ნაციონალური მოძრაობის" სიით პარლამენტში შესული 10 თუ 12 მაჟორიტარი უცებ გადავიდა "ქართული ოცნების" გუნდში, რითაც საკუთარი თავისთვის მშვიდი ბიზნესპერსპექტივა გაინაღდეს. ახლაც იგივეს მომსწრენი ვართ," - მიიჩნევს ცისკარიშვილი.

ის ამბობს, რომ ცივილიზებულ სამყაროში ბიზნესმენები აფინანსებენ მათთვის საინტერესო პიროვნებებს და პარტიებს და შესაძლოა წინასწარ უთანხმებენ კიდეც, თუ რა სახის საქმიანობისთვის სურთ ასეთი მხარდაჭერის გამოჩენა. ჩვენთან კი ბიზნესმენი ასეთ შეთანხმებას არ ენდობა, ენდობა მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარი კონტროლის გარეშე შიში აქვს, რომ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა მის ბიზნესს უსამართლოდ მოექცევა და სწორედ ამის გამორიცხვისთვის მიაჩნია აუცილებლად სახელისუფლებო გუნდში მოკალათება წლიდან-წლამდე, ერთი მოწვევის პარლამენტიდან - მეორეში.

ამბობს, რომ ამიტომაც არის არცერთ პოლიტიკოსს პარლამენტარობის იმხელა სტაჟი რომ არ აქვს, რამდენიც ზოგიერთ ბიზნესმენს.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელის, გია ხუხაშვილის თქმით, ჩვენ ჯერ კიდევ ნომენკლატურული კაპიტალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ და ხელისუფლება ჯერ კიდევ ბიზნესის დირექტორია, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ოპოზიციური ბიზნეს ელიტის არსებობას.

მისი თქმით, გამონაკლისი ხდება, როდესაც სხვა ოპოზიციური პარტიების გვერდით აღმოჩნდებიან ბიზნესმენები და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური ძალა ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველი არ არის და ეს რაღაც ფორმით ხელისუფლების მხრიდანაა სანქცირებული.

"ბიზნესმენს აქვს განცდა, რომ ხელისუფლების კეთილგანწყობის გარეშე სერიოზული წარმატების მოპოვება ბიზნესში ან საკუთარი ბიზნესის ლობირება ძალიან რთულია. ამიტომ პოლიტიკიდან ეძებენ კეთილდღეობას და მერე კეთილდღეობის გარკვეულ ნაწილს ისევ პოლიტიკაში დებენ. პოლიტიკაში ყოფნა ბიზნესის ერთგვარი ნაწილია," - ამბობს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ბიზნესმენებს ნაკლებად აწუხებს, მაგრამ როდესაც ბიზნესმენი პარტიიდან პარტიაში იმის მიხედვით ბარგდება, თუ ვინ არის ხელისუფლებაში, გასაგებია, რომ მას არანაირი ფუნდამენტური ამოცანები არ აქვს. მისი ამოცანა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ლობირებაა.

ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ბიზნესმენები დღესაც არ ანებებენ თავს იგივე ცხოვრებისეული ფილოსოფიით ცხოვრებას და ხელისუფლებას კი ეს აწყობს, რადგანაც ბიზნესმენები თავად აფინანსებენ საკუთარ საარჩევნო კამპანიას და გამოცდილებაც აქვთ არჩევნები კი არ მოიგონ, არამედ იყიდონ.

"ყველა ხელისუფლების მთავარი ამოცანა რაღაც ეტაპზე ძალაუფლების შენარჩუნებაა, ამიტომ ის ბიზნესმენებთან გარიგებაში შედის. ამისგან ვერც დღევანდელი ხელისუფლება ვერ გათავისუფლდა. ამის შანსი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. "ყველაფერი მოსულა" - ეს არის რეალური ლოზუნგი," - დასძენს ხუხაშვილი.

 

რატომ მაჟორიტარებად

"თითოეულ პოლიტიკურ პარტიას გარკვეული ბიუჯეტი გააჩნია და მათ არ აქვთ იმდენი თანხა, რომ მაჟორიტარების კეთილდღეობა უზრუნველყონ. ბიზნესმენები პრაქტიკულად საკუთარი ხარჯებით იკვალავენ გზას პარლამენტისკენ და ამიტომაც არის, რომ მაჟორიტართა უმეტესობა ბიზნესმენია," - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

ყველა პოლიტიკოსი, როდესაც ის ოპოზიციაშია, აქტიურად გამოდის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების კატეგორიული მოთხოვნით. მიზეზად ის სახელდება, რომ ხელისუფლება ბიზნესმენების - ე.წ. ფულიანი ტომრების მეშვეობით ყიდულობს ადგილობრივ ამომრჩეველს და ინაღდებს სახელისუფლებო მანდატს.

სოსო ცისკარიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ხელისუფლებები ჯიუტად ინარჩუნებენ მაჟორიტარიზმს. თუმცა, მისივე თქმით, პოლიტიკოსი ბიზნესმენების უმრავლესობა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდშია სანდო.

"წინასაარჩევნო პერიოდში არიან გულუხვები, შემდგომი 4 წლის განმავლობაში კი მათგან არანაირ სიკეთეს არ გრძნობს ის რეგიონი, სადაც ის აირჩიეს," - ამბობს ცისკარიშვილი.

გია ხუხაშვილის თქმით, ეს ბიზნესმენები წლების განმავლობაში რაიონების ე.წ. მაყურებლებად ჩამოყალიბდნენ, ამიტომაც მათ არჩევნების "ყიდვა" სწორედ რაიონებში შეუძლიათ.

"ამ ფულიანი ხალხი უდიდესმა ნაწილმა რაიონისთვის კი არ გააკეთა რამე, არამედ საკუთარი ბიზნესის ლობირება მოახდინა. პოლიტიკაში ყოფნით შოულობენ ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ხარჯავენ.  ეს ბევრ ამომრჩეველს ესმის, მაგრამ, მეორე მხრივ, ხალხი იმდენად გაჭირვებულია, რომ ამ თამაშში საბოლოოდ მაინც ჩათრეული აღმოჩნდება," - მიიჩნევს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×