ხათუნა ლაგაზიძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა, "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ ბურჭულაძეს საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში მონაწილეობა არ მიუღია და პროცესების არიდების მიზნით ქვეყნიდან წავიდა.
"პაატა ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან სიაში მოხვდნენ მხოლოდ ისინი, ვინც პავლე კუბლაშვილის ლოიალობა დაიმსახურა. სია დგებოდა, საბოლოო ჯამში, პავლე კუბლაშვილის ოთახში, გიორგი მელაძის აქტიური მონაწილეობით.
"პაატა ბურჭულაძე გაიქცა საქართველოდან. ის დაემალა საკუთარ გუნდს. ვერ ვიტყვი, რომ სინდისმა შეაწუხა, მაგრამ ალბათ დისკომფორტი არ უნდოდა შექმნოდა. ის სიის დაკომპლექტების პროცესში გაიქცა საქართველოდან და ფორმირება მთლიანად მიანდო იმ ადამიანებს ვისაც მიეყიდა", - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე თქმით, ბურჭულაძეს პარტიაში კრიმინალური და ქუჩური მენტალობის მქონე პირი ჰყავს, რომლის სამეგობროსაც მისი ოჯახისთვის ზიანის მიყენება შეუძლია.
"კრიმინალური და ქუჩური მენტალობის მქონე ადამიანები, პარტიაში წარმოდგენილები არიან გოგა კალაძის, იგივე "გალოშას" სახით, რომელიც მართალია ჭანჭიკია, მაგრამ დისკომფორტს ქმნის იქ და ამის მოწმე როგორც პარტიის, ასევე ბლოკის ყველა წევრია.
"ეს ადამიანები ჩვენი და ჩვენი ოჯახებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, როგორც ჯანმრთელობის, ისე სიცოცხლისთვის. "გალოშას" პარტიის გარეთ ძალიან ცუდი და მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე სამეგობრო და დაჯგუფება ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ თავზე ხელი აიღონ და ყველაფერი გამიკეთონ მე და ჩემს ოჯახს", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
რამდენად დამაჯერებელია ლაგაზიძის ბრალდებები პაატა ბურჭულაძისა და მისი პარტიის მიმართ? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოებიც წარმომადგენლებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "მე წლებია, ვიცნობ ქველმოქმედ პაატა ბირჭულაძეს და ძალიან ახლოს ვიცნობ ხათუნა ლაგაზიძეს. ამიტომ ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ. არც ერთ მხარის მიმართ არ მაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი. ადამიანი ასეთ განცხადებას როცა აკეთებს, ამით შესაბამისი ორგანო უნდა დაინტერესდეს. "სწორია თუ არ არის სწორი, პოლიტიკოსის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთებას გარკვეული რეაგირება უნდა მოჰყვეს. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა პარტიისთვის. ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ იმისთვის, რომ მსგავსი კონფლიქტი არ ყოფილიყო და თავად პარტიისთვის ეს აუცილებლად გამოიღებს ცუდ შედეგს."
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): "სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არ ვარ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლისა და გადასხვაფერების მომხრე, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა გაზვიადებულია ქალბატონი ხათუნას განცხადება. "მესმის, რომ პოლიტიკოსია და მაღალი რეიტინგი სჭირდება პარლამენტში შესასვლელად. როგორც ჩანს, ეს ვერ მოხერხდა და განაწყენებულიც არის. ეს გასაგებია, მაგრამ მისი განცხადებები ოჯახის საფრთხესთან დაკავშირებით გადაჭარბებულია. აღარ არის ახლა ის დრო, რომ პოლიტიკოსებს ასე ხოცავდნენ."
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): "მე პირდაპირ ვერ გეტყვით, რამდენად დამაჯერებელია ეს განცხადებები, მაგრამ ხათუნასი მჯერა. საკმაოდ დიდი ხანია, რაც პოლიტიკაშია და მისი ობიექტური განცხადებებიდან და შეფასებებიდან გამომდინარე არანაირი საფუძვველი არ მაქვს დაუჯერებლობისა, თუმცა არც იმის საფუძველი მაქვს, რომ დავიჯერო. "რადგან ის ამბობს, ალბათ გარკვეული მუქარაც იყო და ბოლომდე არ ამხელს ყველაფერს. მხოლოდ პაატა ბურჭულაძის ავტორიტეტი არ კმარა იმისთვის, რომ პარტიაში ყველაფერი რიგზე იყოს."
გია ბუღაძე (ფერმწერი): "მგონი ამაში, არაფერი დაუჯერებელი არ არის. არ მგონია, ადამიანი ასე იტყუებოდეს. მე ხათუნა ლაგაზიძეს საერთოდ არ ვიცნობ და პიროვნულად არანაირი სიმპათია არ გამაჩნია. გაცილებით დადებითად ვარ განწყობილი პაატა ბურჭულაძისადმი, ოღონდ არა პოლიტიკოსი, არამედ მომღერალი პაატა ბურჭულაძის მიმართ."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე