"მას შემდეგ, რაც მოლდაველებმა დაიწყეს თავისუფალი გადაადგილება ევროპაში, მათი ავტორიტეტი გაიზარდა, რადგანაც აჩვენეს, რომ ლეგალურად, ყოველგვარი დარღვევების გარეშე შეუძლიათ, ისარგებლონ ამ უფლებით.
"ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მალე იქნება მიღებული და თქვენი მოქალაქეებიც ისარგებლებენ ამ პრივილეგიით", - განაცხადა "რეზონანსთან" ინტერვიუში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანსა და საქართველოში გეორგი ლეუკამ, ვისთანაც საუბარი მოლდავეთისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივასა და სამომავლო ურთიერთობას შეეხო.
გეორგი ლეუკა: მოლდავეთისა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა და მას შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა ემყარება მტკიცე მეგობრობასა და ურთიერთმხარდაჭერას. ჩვენი ქვეყნები აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო ინსტიტუციებში და მუდამ ცდილობენ საკუთარი პოზიციები გააძლიერონ.
რაღა თქმა უნდა, მოლდავეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და ეს პრინციპი არასოდეს შეიცვლება. სადღეისოდ მოლდავეთსა და საქართველოს თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განსაზღვრულია 28 ხელმოწერილი დოკუმენტით და კიდევ 12 მომზადების პროცესშია. "რეზონანსი": მოლდავეთი და საქართველო ამჟამად ევროინტეგრაციის პროცესში იმყოფებიან. როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებულია ეს პროცესი და თუ ხედავთ კონკრეტულ პროგრესს ამ მიმართულებით?
გ.ლ: ასოცირების ხელშეკრულება არის ის სახელმძღვანელო, რომლითაც განსაზღვრულია რეფორმების კონკრეტული მიმართულებები, რომელთა წარმატებით შესრულება სულ უფრო დააახლოებს ჩვენს ქვეყნებს ევროკავშირთან. მოლდავეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლაში, ეფექტური რეფორმები იუსტიციის სფეროში, ამიტომაც ვცდილობთ, რომ ამ მხრივ თქვენი ქვეყნიდან რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ინფორმაცია წავიღოთ.
ასევე ვიმედოვნებ, რომ ვსაეფ (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) დაგვეხმარება, რომ ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმავოთ.
"რ": საქართველო უახლოეს მომავალში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ელის. არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რომ ეს გამოიწვევს მასობრივ მიგრაციას. მოლდავეთის მოქალაქეებს 2014 წლიდან აქვთ პრივილეგია სავიზო ბარიერის გარეშე იმოგზაურონ შენგენის ზონაში და როგორია ამ მხრივ თქვენი გამოცდილება?
გ.ლ: პირველ ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მოლდავეთში და თავად ევროპაშიც იყო გარკვეული შიში, რომ საზღვრების გახსნა გამოიწვევდა ჩვენი მოქალაქეების მასობრივ მიგრაციას და ქვეყანა დაცარიელდებოდა, მაგრამ ეს შიში არ გამართლდა.
პირიქით, მას შემდეგ, რაც მოლდაველებმა დაიწყეს თავისუფალი გადაადგილება ევროპაში, მათი ავტორიტეტი გაიზარდა, რადგანაც აჩვენეს, რომ ლეგალურად, ყოველგვარი დარღვევების გარეშე შეუძლიათ ისარგებლონ ამ უფლებით.
ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული და თქვენი მოქალაქეებიც ისარგებლებენ ამ პრივილეგიით.
"რ": მოლდავეთსა და საქართველოს აქვთ მსგავსი პრობლემები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, თანამედროვე მსოფლიო წესრიგიდან და არსებული გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, თუ არსებობს იმის შანსი, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი ახლო მომავალში მოხდეს?
გ.ლ: ეს მეტად რთული საკითხია. მოლდავეთს აქვს თავისი სტრატეგია ამ საკითხთან მიმართებაში და ჩვენ ვცდილობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმოქმედოთ.
ალბათ საქართველოსაც აქვს თავისი სტრატეგია, რომელსაც ახორციელებს. თუმცა მე ვერ გეტყვით, როდის იქნება შესაძლებელი ამ საკითხის გადაწყვეტა.
"რ": ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების პოტენციალს კიდევ რა მიმართულებით ხედავთ?
გ.ლ: უპირველესად ყოვლისა, კულტურისა და ვაჭრობის სფეროში. 2015 წელს მოლდავეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 20 მილიონი დოლარი შეადგინა. ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ამ ციფრის ეტაპობრივად გაზრდას.
ძალიან სასარგებლო იქნებოდა კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გააქტიურება, რაც ხალხებს შორის მეტი უშუალო კონტაქტის საშუალებას მოგვცემდა. მე, როგორც ელჩი, საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ.