2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება 42 ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებ ქართველს შეეძლება. საამისოდ მათ მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირება მოუწევთ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 42 ქვეყანაში 57 საარჩევნო უბანი უკვე გახსნა - მათგან ყველაზე მეტი საბერძნეთში, აშშ-სა და თურქეთში მდებარეობს.
რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, კანონის თანახმად, ემიგრანტებს ხმის მიცემის ისეთივე სრული უფლება აქვთ, როგორც საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეს, თუმცა, როგორც ამ თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში აგვიხსნეს, საამისოდ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საკონსულო აღრიცხვა უნდა ჰქონდეთ გავლილი, სხვა შემთხვევაში კი რეგისტრაცია არჩევნებამდე არაუგვიანეს 21 დღისა აუცილებელია.
აღნიშნულ საკითხზე "რეზონანსს" ა/ო "სამართლიანი არჩევნების" იურისტი ნინო რიჟამაძე ესაუბრა.
"საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არჩევნების დღეს ქვეყანაში არ იმყოფებიან, სრული უფლება აქვთ, ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა მიიღონ.
"კანონის თანახმად, ყველა ის მოქალაქე, რომელიც საკონსულო აღრიცხვაზეა, უფლება აქვს ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მივიდეს იმ ქვეყანაში გახსნილ საარჩევნო ოლქში, სადაც იგი მდებარეობს და შესაბამისად, საკუთარი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს, ანუ ხმა მისცეს", - ამბობს ორგანიზაციის იურისტი და იქვე სხვა შემთხვევებსაც განმარტავს, რა დროსაც ემიგრაციაში მყოფი მოქალაქე ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს.
"ამავდროულად, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე არ არიან, რეგისტრაცია საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში უნდა გაიარონ და რაც მთავარია, ეს პროცედურა არჩევნებამდე არაუგვიანეს 21 დღისა უნდა მოასწრონ. დღეის მდგომარეობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები უკვე შექმნა.
"მათგან ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი საბერძნეთშია, 3 უბანი - ქალაქ სალონიკში, ხოლო 3 - ათენში. ასევე 4 უბანია ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2 - ნიუ-იორკში, ხოლო 1 - ვაშინგტონში", - გვითხრა რიჟამაძემ და ორგანიზაციის მიერ გასულ წლებში დაკვირვების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება.
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ორგანიზაციას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ჰყავდა დამკვირვებელი გაგზავნილი, მაღალი აქტივობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. რაც შეეხება დარღვევებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩვნებზე გვქონდა შემთხვევა, როცა უკრაინის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, კიევის ოლქში მიცემული ხმები დარღვევების გამო ცესკო-ს საერთოდ გავაბალითელებინეთ.
"იყო შემთხვევა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემისა, ან სხვის ნაცვლად ხმის მიცემა და ა.შ. საქმე ისაა, რომ საზღვარგარეთ დამკვირვებლებისა და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა ნაკლებობაა და შესაბამისად, დარღვევაც მეტია", - უთხრა "რეზონანსს" "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელმა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
"წელს რამდენიმე ქვეყნის ოლქში ვგეგმავთ დაკვირვებას, თუმცა ჯერჯერობით შერჩევის პროცესში ვართ და ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, სად გვეყოლება წარმომადგენელი. რაც შეეხება არალეგალებს, კანონმდებლობა ამ საკითხს არ არეგულირებს და ამბობს, რომ ყველა საზღვარგარეთ მყოფმა საკონსულო აღრიცხვა უნდა გაიაროს, ხოლო რა შედეგი მოჰყვება ამას, ვერ გეტყვით", - დასძენს "სამართლიანი არჩევნების" იურისტი ნინო რიჟამაძე.