"პოლიტიკური ვაჭრობა" - დავით ბაქრაძე, პაატა ბურჭულაძე და დავით უსუფაშვილი - ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ამ ადამიანებს საკუთარი გუნდების დატოვებას სთხოვდა, რაზედაც სამივესგან უარი მიიღო.
პოლიტიკაში "გადაბირება-გადმობირებას" ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ პოლიტოლოგები. სოსო ცინცაძის თქმით, ეს ქართული ნოუ ჰაუ არ არის, უბრალოდ, მხოლოდ ჩვენთან იღებს მასობრივ ხასიათს.
"კადრების საშინელი შიმშილი აქვს და იმიტომ სჭირდება ამდენი გავლენიანი ადამიანი. ბიძინა ივანიშვილი, ვისაც ასეთი დიდი რესურსი აქვს, ცდილობს, ყველა გავლენიანი პოლიტიკოსი თავის ბანაკში იყოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომაც თქვა მან, ყოფილი პროკურორი ზურა ადეიშვილი ჩემთან რომ ყოფილოყო, სულ სხვანაირად იქნებოდაო.
"ყველა ცდილობს, თავის მხარეზე გადაიბიროს გავლენიანი პოლიტიკური ძალები, ვისაც ვერ გადაიბირებს, მაშინ დაასუსტებს. მაგრამ პირველი მცდელობა ყოველთვის მშვიდობიანია.
"მთელ მსოფლიოში ასე ხდება, ქართული ნოუ ჰაუ არ არის, უბრალოდ, საქართველოში ეს მასობრივ მახინჯ ხასიათს იღებს. ბევრ პოლიტიკოსს აუქციონზე გააქვს საკუთარი თავი.
"კადრების საშინელი შიმშილი აქვს და იმიტომ სჭირდება ამდენი გავლენიანი ადამიანი. აი, ხომ ხედავთ, მარნეულის კანდიდატი რა სისულელეებს ლაპარაკობდა, კაციშვილმა ვერ გაიგო ან ბათუმის წარმომადგენელი, რომელსაც სატრაბახო ის ჰქონდა, სამრეცხაო გავხსენით და ორი კაცი დავასაქმეთო.
"ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალების ფასი იცის, ეს რომ არ იცოდეს, ასეთი წარმატებული ბიზნესი არ ექნებოდა", - გვითხრა ცინცაძემ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძეს "ნაციონალური მოძრაობის" დატოვება სტრასბურგში შეხვედრისას, ერთი საათის განმავლობაში სთხოვდა.
"ბაქრაძეზე ყველაზე მეტი მცდელობები მქონდა, რომ დატოვე და წამოდი-მეთქი. მეგონა, უფრო მოწესრიგებული კაცი იყო. სტრასბურგში შევხვდი და მთელი საათი ვაწვებოდი, არა გრცხვენია, რას ამბობ, ადექი, წამოდი-მეთქი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილმა ასევე პაატა ბურჭულაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავის დროზე მის გადაბირებასაც ცდილობდა. რაზეც მსოფლიო ბანმა დიდი თანხის გადახდა მოსთხოვა.
"სამი წელია, ბურჭულაძე არ მინახავს, ნაწყენი ვიყავი, რადგან თავის დროზე, როცა ვთხოვე გვერდით დაგვიდექი, უამრავი ფული მოითხოვა", - თქვა ყოფილმა პრემიერმა.
მისი თქმით, მან პრესაში წაიკითხა ლევან ბერძენიშვილის განცხადება, რომ ასეთი არაბუნებრივი გაერთიანება ვერ მოხდებოდა, კერძოდ, კუბლაშვილს, ვაშაძესა და კაციტაძეს გულისხმობდა.
"ამაზე ბუნებრივი გაერთიანება მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ არ დაგიმალოთ. რანაირად შეიძლება კუბლაშვილისა და ვაშაძის გაერთიანება იყოს არაბუნებრივი და კაციტაძისაც. თუ თქვენ გახსოვთ, გამყრელიძემ პოლიტიკა მხოლოდ იმ ნიშნით დატოვა, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ "ახალი მემარჯვენეები" იყო ფსევდოოპოზიციური პარტია და ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი. დღეს ასეთი ერთადერთი დარჩა "ლეიბორისტული პარტია".
დანარჩენებიც - ქდმ ჩაიშალა, ნათელაშვილს არსად ჰქონდა წასასვლელი, იმიტომ, რომ მაგაზე უამრავი კომპრომატი აქვთ და დღესაც ამუშავებენ "ნაცები". კაციტაძე იყო ჩვეულებრივად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. მეტი ბუნებრივი გაერთიანება რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ასეთი ჩახლართული სიტუაციები და ასეთი ხელწერა გახლავთ სააკაშვილის. ის ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას. მადლობა ღმერთს, რომ ეს კარგად გაირკვა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილთან დადის ოდესაში, ფოტოებიც გამოქვეყნდა.
"გაიხსენეთ ბურჭულაძის პირველივე განცხადებები, რომ მოვიდა. ნახეთ, სააკაშვილთან უკრაინაში რამდენჯერ ჩასულა, იქ დადის ძირითადად ეს კაცი. ფოტოები გამოქვეყნდა, ჩახუტებული სააკაშვილთან. მე სამი წელია, ეს კაცი არ მინახავს. ნაწყენი ვიყავი იმიტომ, რომ თავის დროზე, როცა ვთხოვე გვერდით დაგვიდექი, უამრავი ფული მოითხოვა და შეურაცხყოფილი იყო, უარი ვუთხარი.
"ამის შემდეგ 3 წლის განმავლობაში 60 წლისთავი სამჯერ გადაიხადა და არცერთხელ მივსულვარ. ბერძენიშვილს თუ არ წაუკითხვას ბურჭულაძის განცხადებები, წაიკითხოს, აბსოლუტურად თანხვედრაში იყო "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებთან. ნათელმხილველობას თუ არ დაიწყებენ "რესპუბლიკელები და ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან და მკითხაობას თავს დაანებებენ, კარგი იქნება. ობიექტური საფუძველი არ გააჩნიათ", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ანალოგიური მცდელობა ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, რომელსაც "ოცნების" თავმჯდომარეობას სთავაზობდა, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი უთხრა.
ივანიშვილის განცხადებები "პოლიტიკურ ვაჭრობასთან" დაკავშირებით არ გაკვირვებიათ პოლიტოლოგებს. ამბობენ, რომ პოლიტიკურ სივრცეში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
გია ნოდიას თქმით, ყოფილი პრემიერი ამას ოპონენტების დასასუსტებლად აკეთებს.
"ქართული ოცნება", რაც მოვიდა ხელისუფლებაში, სულ ვიღაცების გადაბირებას ცდილობს. "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე პარლამენტარი გადაიბირა და მაშინაც მათი მოტივი იყო ოპოზიციის დასუსტება და თავისი უმრავლესობის გაძლიერება.
"ამ შემთხვევაშიც, რაკი მათი რეიტინგი არ არის დიდი, როგორც თვითონ უნდათ, შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნათ, ამიტომ უნდათ დაასუსტონ მოწინააღმდეგე და თუ გადმოიბირებენ ვიღაც გავლენიან ლიდერს, ბუნებრივია, ეს დაასუსტებს ოპონენტებს", - განუცხადა "რეზონანსს" ნოდიამ.
მისი თქმით, აქ პიროვნულ კადრებზე არ არის საუბარი, მთავარია ოპონენტების დასუსტება.
"პოლიტიკურ ვაჭრობას" ბუნებრივ მოვლენას უწოდებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, ასეთი მცდელობები კიდევ იქნება.
"ეს ის ხალხია, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებულია, რაღაც გავლენები აქვს საზოგადოებაში, შესაბამისად, მცდელობა ივანიშვილის, რომ ისინი თავისკენ წაეყვანა, სრულიად ბენებრივია. ასე რომ, აქ უჩვეულო არაფერია.
"პოლიტიკური პროცესისთვის პარტია ეძებდეს ისეთ კადრებს და გადაჰყავდეს თავის რიგებში, რომლებსაც გარკვეული რეიტინგი აქვს, ბუნებრივი პროცესია", - გვითხრა ძაბირაძემ.