რამდენად შეუძლია ქვეყანას ასეულობით ათასი ადამიანის დასაქმება?
ელზა წიკლაური
13.09.2016

საქართველოში უმუშევრობის პრობლემა დღემდე მწვავედ დგას.  ამიტომაც, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მხრიდან "დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის" დაპირება ერთ-ერთ მთავარ პუნქტად იქცევა. ამჯერადაც, პარტიები ჩვეულ სტილს არ ღალატობენ და გამარჯვების შემთხვევაში ათეულობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნის პირობას დებენ. ზოგი 135 ათასზე საუბრობს, ზოგი - 200 ათასზე, ზოგიერთის სურვილი უფრო ამბიციურია და მომავალი 4 წლის განმავლობაში დამატებით 250 ათასი ადამიანის დასაქმებაზე აკეთებს გათვლას.

წინასაარჩევნო პროგრამებში პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლის გულის მოგებას, როგორც წესი, გულუხვი დაპირებებითა და "მოსახლოების კეთილდღეობაზე მორგებული" ეკონომიკურ-სოციალური პროგრამებით ცდილობენ. ხშირ შემთხვევაში, მათი დაპირებები უტოპიურია და საქართველოს ეკონომიკაზე ნაკლებად მორგებული.  ასეთად შეიძლება ჩაითვალოს დასაქმების მაჩვენებლის იმ რაოდენობით ზრდა, რასაც პარტიები მოსახლეობას ჰპირდებიან.

 "ბურჭულაძის" ბლოკ-პარტია მომავალი 4 წლის განმავლობაში დასაქმებულთა არმიის 250 ათასი კაცით ზრდას გეგმავს. პარტაში მიაჩნიათ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, არადა, პარტიის არგუმენტს დამაჯერებლობა აშკარად აკლია, რადგან ამ ოდენობით სამუშაო ადგილი არათუ 4 წლის, არამედ 12 წლის განმავლობაში არ შექმნილა ქვეყანაში.

არანაკლებ ამბიციურია "ქართული ოცნების" დასაქმების პროგრამაც. მმართველი გუნდი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო 4 წლის განმავლობაში უმუშევრობის 40%-ით შემცირებას და დამატებით 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას პროგნოზირებს. პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი, თუ საიდან ელოდება "ქართული ოცნება" დამატებით სამუშაო ადგილებს. 

პროგრამის მიხედვით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად 50 000 სამუშაო ადგილი გაჩნდება. 40 000 ადამიანი დასაქმდება ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების გაგრძელებისა და ახალი კომპონენტების დამატების შედეგად. კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მეშვეობით "ქართული ოცნება" 50 0000 ახალ სამუშაო ადგილს ელოდება. საუბარია ავტობანსა და შიდა საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტებზე.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებით შექმნილი ფინანსური რესურსის ინვესტიციის შედეგად მმართველი პარტია დამატებით 10 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდება. 50 000 სამუშაო ადგილს კი პარტია ტურიზმის, ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად ვარაუდობს.

შედარებით მოკრძალებულ ციფრს ასახელებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". ყოფილ მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ დაგეგმილი საგადასახადო ცვლილებების შემდეგ, 2017 წელსვე შეიქმნება 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. მომდევნო წლებში კი მოსალოდნელია ყოველწლიურად 30 000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა. მთლიანად მომავალი 4 წლის განმავლობაში "ნაცმოძრაობა" 135 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

დასაქმების პრობლემა საარჩევნო პროგრამაში ყველა პარტიას აქვს შეტანილი, თუმცა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან ზოგიერთი თავს იკავებს. მაგალითად, "ფომუმის" პროგრამის მიხედვით, "შეიქმნება უმუშევართა აღრიცხვის საინფორმაციო ბანკი, რათა შესაძლებელი გახდეს მათთვის ადეკვატური სამუშაოს შეთავაზება; ფოკუსირება მოხდება უმუშევრის მიერ ახალი სამუშაო ადგილის ძიების პერიოდის შემცირებისაზე და იმ უმუშევრების ხელშეწყობაზე, რომლებსაც აქვთ დასაქმების უმცირესი შანსი და შესაძლებლობა" და ა.შ.

უმუშევრობის შემცირებაზეა საუბარი "თავისუფალი დემოკრატების" საარჩევნო პროგრამაში, თუმცა რამდენი ადამიანით აპირებს პარტია დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, დაკონკრეტებული არც მათ არ აქვთ. პროგრამაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი იქნება შრომის ბაზარზე ორიენტირებული ზრდასრულთა განათლებისა და გადამზადების სისტემის განვითარება და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. კონკრეტულ მაჩვენებლებზე არ საუბრობენ არც "რესპუბლიკელები".

რამდენად შეძლებენ პოლიტიკური პარტიები ამ რაოდენობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, მალე გაირკვევა. დღეს კი, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დასაქმების სტრუქტურის შეცვლის გარეშე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მხოლოდ ცარიელ სიტყვებად დარჩება.

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ მოსახლეობისთვის უმუშევრობა ნომერი პირველი პრობლემაა და ამიტომაც პარტიებმა ამ გამოწვევას ალღო უნდა აუღონ და დააკამაყოფილონ ეს ინტერესი: 

"ყველა ცდილობს, რომ პირდაპირ დააფიქსიროს ან მინიშნება გააკეთოს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის ამ პრობლემას დიდ ყურადღებას მიაქცევს. "ოცნების" 200 000 ახალი სამუშაო ადგილი არარეალური არ არის, თუმცა საქმე ისაა, რამდენად მოხდება ამ გეგმის შესრულება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. თუმცა წინასაარჩევნო პროგრამაში საჭიროა უფრო მეტი ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ იმაზე, რაოდენობრივად რამდენას დავასაქმებთ, არამედ იმაზეც, თუ რომელი დარგები და მიმართულება იქნება პრიორიტეტული. თუ აქ საუბარია სეზონურ დასაქმებაზე, შეიძლება დაასაქმო ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ეს არ იქნება ხანგრძლივი. ამიტომ საჭიროა ისეთი დარგების განვითარება, რომელიც წინ წამოწეული არ არის, თუმცა პოტენციალი აქვს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჭარაიამ.

მისივე თქმით, პროგრამებში არ არის გამახვილებული ყურადღება ინვესტიციებზეც, საუბრობენ მხოლოდ იმაზე, რომ უფრო მეტ კაპიტალს მოიზიდავენ: "ეს ინვესტიციები რა მიმართულებით წავა და რას მოხმარდება, არავინ არაფერს ამბობს. არადა, სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი. შეიძლება ინვესტიცია შემოვიდეს მშენებლობაში, ადამიანები დასაქმდნენ მაქსიმუმ 2 წელი, შემდეგ მშენებლობა დასრულდება და დასაქმებულებიც სამსახურის გარეშე დარჩებიან. თუ საუბარი იქნება რეალური სექტორის განვითარებაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, დასაქმებაც გრძელვადიანი იქნება. ამიტომაც რეალურ სექტორში ინვესტიციების განხორციელება ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს", - დასძინა ჭარაიამ.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მხრიდან უფრო პოპულისტური განცხადებები და დაპირებები ხმაურდება, ვიდრე სხვა დროს. ეს არის პოლიტიკური ბრძოლა ამომრჩევლების გადაბირების მიმართულებით. მეტიც, ამ დროს მემარჯვენე ორიენტაციის პარტიები ხშირად მემარცხენეებად გადაიქცევიან და ისინი მოსახლეობას მათთვის უცხო იდეებს სთავაზობენ.

"რაც შეეხება პარტიების მიერ უმუშევრობის შემცირებაზე საუბარს, აქ არ ჩანს, რომ ისინი აქცენტს დასაქმების სტრუქტურაზე აკეთებდნენ. დღეს ფაქტობრივად, ჩვენი დასაქმების სტრუქტურა ოპტიმალურ დონეს ძალიან დაშორებულია და მისი გაუმჯობესება თვით ახლანდელი უმუშევრობის დონის შემთხვევაშიც კი ძალიან სერიოზულ დადებით შედეგს მოიტანდა. ისეთი დონის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, 7-8%-იანი უმუშევრობის დონე შეიძლება ოპტიმალურიც კი არის. ახლა გვაქვს 12%-იანი უმუშევრობა.

შეიძლება ისე მოხდეს, რომ უმუშევრობის დონე დარჩეს უცვლელი, სამუშაო ადგილების რაოდენობაც იყოს უცვლელი, მაგრამ სტრუქტურის გაუმჯობესების ხარჯზე (ანუ შემცირდეს თვითდასაქმებულთა რაოდენობა და გაიზარდოს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა), მივიღოთ გაცილებით კარგი ეფექტი. ამას სჭირდება სერიოზული ძალისხმევა. ახალმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მეტი სამუშაო ადგილის შექმნასა და იმაზე, რომ წინა პლანზე წამოწიოს რეალური სექტორი", - დასძინა არჩვაძემ.

იმ დროს, როდესაც უცნობია, თუ სად უნდა მოხდეს ამ ადამიანების დასაქმება, არჩვაძის თქმით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან უმუშევრობის შემცირებაზე საუბარი არის მხოლოდ ლოზუნგი და სხვა არაფერი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×