1 ბარელის ღირებულება 50-დოლარიან ნიშნულს არ გადასცდება
მარიამ ხიდაშელი
13.09.2016

ნავთობპროდუქტების იმპორტის რამდენიმეთვიანი ზრდა აგვისტოში დასრულდა. იმპორტიორებმა საქართველოში 37 ათასი ტონით ნაკლები ნავთობპროდუქტები შემოიტანეს. გარკვეულწილად, ეს ფაქტი უკავშირდება იმასაც, რომ აჭარიდან თურქეთის მოქალაქეებმა ბენზინისა და დიზელის გადატანის მასშტაბები შეამცირეს.  პარალელურად, მცირედით გაიზარდა ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა ამ პროცესს საქართველოს საცალო ქსელში გავლენა არ მოუხდენია.

 აგვისტოში საქართველოში 36,6 ათასი ტონით ნაკლები ნავთობპროდუქტები შემოვიდა. მთლიანობაში ბენზინისა და დიზელის იმპორტმა 94,4 ათასი ტონა შეადგინა, მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტი 5,1 ათასი ტონით შემცირდა (49,5 ათას ტონამდე), ხოლო დიზელი - 31,5 ათასი ტონით (44,9 ათას ტონამდე).

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 36,0 ათასი ტონა, ანუ 72,7%; "პრემიუმი" მარკის ბენზინი - 12,5 ათასი ტონა, ანუ 25,3%, "სუპერის" მარკის ბენზინი - 1,0 ათასი ტონა, ანუ 2,0%.

რაც შეეხება დიზელს, ქართულ სანავთობო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი ევროდიზელს უჭირავს - 39,7 ათასი ტონა, ანუ 88,4%, "ელ-62"-ის ტიპის დიზელის საწვავი კი სულ 5,2 ათასი ტონაა, ანუ 11,6%.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მოქალაქეები აჭარაში საწვავის შესაძენად ინტენსიურად გადმოდიოდნენ. იქ საწვავი ბევრად ძვირია, ვიდრე საქართველოში ამიტომ მათთვის აჭარაში ბენზინის შესყიდვა ბევრად რენტაბელური იყო. ზაფხულში, თურქეთში დაძაბული შიდა პოლიტიკური მდგომარეობის გამო, თურქეთის საზღვარზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, ამიტომ აჭარის ავტოგასამარტსადგურებში რეალიზაცია შემცირდა. ეს სწორედ ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმპორტის შემცირებისა, მეორე მიზეზად კი ტურისტული სეზონის დასრულებაც სახელდება.

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა რუმინეთიდან განხორციელდა - 33,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: ბულგარეთი - 15,6 ათასი ტონა (16,5%), თურქმენეთი - 15,5 ათასი ტონა (16,4%), აზერბაიჯანი - 12,5 ათასი ტონა (13,3%), რუსეთი - 9,0 ათასი ტონა (9,5%), საბერძნეთი - 5,8 ათასი ტონა (6,2%), უკრაინა - 2,2 ათასი ტონა (2,3%).

აგვისტოში ასევე იკლო სანავთობო ბიტუმის იმპორტმაც. მთლიანობაში იმპორტოირებმა ქვეყანაში 12,8 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი შემოიტანეს, რაც 1,1 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით. საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 1,8 ათასი ტონა იყო, რაც 0,1 ათასი ტონით აღემატება ივლისის მონაცემებს. 2016 წლის აგვისტოში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 10,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6,5 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს.

რაც შეეხება ნავთობის საერთაშორისო ფასებს, ბოლო ექვსი თვა, ერთი ბარელი ნავთობის ფასი 40-50 დოლარის დიაპაზონში მერყეობს.  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში გაიზარდა. კერძოდ, ბენზინი გაძვირდა 84 დოლარით, ხოლო დიზელი - 68,75 დოლარით.

ნავთობპროდუქტების კავშირში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე ფასზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს. კერძოდ, აშშ-ში ნავთობის ჭაბურღილების რაოდენობა რამდენიმე ერთეულით გაიზარდა, ასევე რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზეა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგი ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ოპეკ-მა ნავთობის მოპოვების კვოტები მცირედით შეამცირა, ეს მაჩვენებელი მოთხოვნას მაინც მკვეთრად აჭარბებს.

"როგორც ცნობილია, 17 სექტემბერს დაგეგმილია ოპეკ-ის ქვეყნების შეხვედრა, სადაც ძირითადი საკითხი კვლავინდებურად იქნება ნავთობის მოპოვების გაყინვა. თუმცა მაინც არის ექსპერტების მხრიდან მოლოდინი იმისა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე დადებითი პასუხის შემთხვევაშიც კი ნავთობის ფასი 50-დოლარიან ნიშნულს არ გადასცდება", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი და დასძენს, რომ 50 დოლარზე მეტი ფასის შემთხვევაში ფიქლის ნავთობის წარმოების აღდგენა დაიწყება, რაც ბაზარზე უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევს.

"ეს ვერანაირად შეუწყობს ხელს სანავთობო ბაზრებზე ნავთობის მიწოდება მოთხოვნილებას შორის ბალანსის აღდგენას, შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე არსებული ფასები შენარჩუნდება", - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

საერთაშორისო ექსპერტები წლის ბლომდე ნავთობის ფასის ცვლილებას არ ელოდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასები არც საქართველოს საცალო ბაზარზე შეიცვლება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×