ყოფილი ბიზნესმენი თამაზ ხუხაშვილი კუთვნილი ქონების უკანონოდ წართმევაში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს. ის ბრალს სდებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახა დამენიას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ბიზნესმენი წართმეული ქონების კომპენსაციასაც ითხოვს, რომლის ჯამური ოდენობა 210 000 აშშ დოლარია.
ისტორია, რომელიც რუსთაველის გამზირზე, #32-ში მდებარე მაღაზია "ნოტებს" უკავშირდება, თავისი შინაარსით ძალიან მძიმეა. მაღაზიის მფლობელმა, უკვე ყოფილმა ბიზნესმენმა თამაზ ხუხაშვილმა თავის გადარჩენა იმით შეძლო, რომ ქვეყნიდან გაიქცა და ჩამოსვლა მხოლოდ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოახერხა. მას იმედი ჰქონდა, რომ სამართალს იპოვიდა, დამნაშევეები დაისჯებოდნენ და დაკარგული ქონების სანაცვლოდ კომპენსაციას მიიღებდა. როგორც ჩანს, შეცდა. მეცხრე წელია, თამაზ ხუხაშვილი დამნაშავეების დასჯას ითხოვს და ელემენტარულად ისიც ვერ მოხერხდა, რომ მის მიერ განსახილველად გამოტანილი საქმისთვის სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიეცათ.
სასამართლო სტრუქტურების უნაითობით, საქმე ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიდა წინ. ქვეყნის პრემიერი, ყოფილიც და მოქმედიც, პასუხისმგებლობას იხსნის და ხელს ეკონომიკის სამინისტროსკენ იშვერს, ეს უკანასკნელი კი პროკურატურისკენ და ასე უთავბოლოდ ტრიალებს უსამართლობის კარუსელი.
ვინ დააგა თვალი "ნოტებს"
პრობლემა 2007 წელს დაიწყო. როგორც თამაზ ხუხაშვილი იხსენებს, თებერვალ-მარტში შპს "საქწიგნმა" აუქციონი იჯარის წესით, 3 წლის ვადით გამოაცხადა. ვინც ვერ გაიმარჯვებდა, 1 კვირის ვადაში უნდა გაეთავისუფლებინა ფართი. ამ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს "ნოტების" დირექტორი თამაზ ხუხაშვილი, რომელმაც კანონიერების დაცვით შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რაც შპს "საქწიგნის" მიერ იყო წარმოდგენილი.
"მთელი ჩემი ცხოვრებითა და საქმიანობით გადაჯაჭვული ვარ საქართველოსთან. ამ ქვეყანაში დავიბადე და რაც კი რამ მნიშვნელოვანია ჩემთვის, საქართველოს სახელს უკავშირდება... რომ არა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის მიერ განხორციელებული დევნა და მუქარა, ქვეყანას არ დავტოვებდი. რუსთაველის გამზირზე მდებარე "ნოტების" მაღაზიას 40 წლის განმავლობაში უძღვებოდა მამაჩემი იოსებ ხუხაშვილი, რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვანი კერის შენახვა-განვითარებას. მან იმ პერიოდშიც, როდესაც "მხედრიონი" პირწმინდად ძარცვავდა რუსთაველის გამზირზე მდებარე ობიექტებს, მაღაზია "ნოტები" ხელუხლებლად შეინარჩუნა.
იოსებ ხუხაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ბოლო 10 წელიწადი, მე ვხელმძღვანელობდი ამ ობიექტს. ფაქტობრივად, იგი იყო ერთადერთი ნოტების მაღაზია რესპუბლიკაში. 2007 წელს, ივნისში გავაკეთე ძვირად ღირებული რემონტი და მთელი ინტერიერი და ფასადი შევცვალე, რაც სოლიდური თანხა დაჯდა. როგორც ჩანს, ამან თვალი დაუყენა მტერს თუ მოყვარეს და ხელი შეუწყო აუქციონის სასწრაფოდ გამართვას, რომელშიც "ბაზისბანკი" მონაწილეობდა. ის მთელი სისასტიკით ცდილობდა ცენტრალურ გამზირზე მდებარე ყველა წიგნების მაღაზიის ხელში ჩაგდებას, რასაც ფაქტობრივად მიაღწია, მაგრამ ჩემთან ვერაფერი გამოუვიდა. "ბაზისბანკთან" გამკლავება, ასე თუ ისე, შევძელი და აუქციონის წესით იჯარის უფლება მოვიპოვე 3 წლის ვადით. მევალებოდა, შემენარჩუნებინა ფართის 30-40% და დანარჩენი ნაწილი იჯარით გამეცა. ზუსტად ასე გავაკეთე - 30% შევინარჩუნე, რომ არ დაკარგულიყო წიგნის პროფილი და 70% იჯარით გავეცი სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპანიაზე. ბოლოს იჯარით გავეცი შპს "ეშხარს", უცხოურ კომპანიას, რომელსაც, ფაქტობრივად, არ უმოქმედია. ნაწილს კიდევ ჩვენვე ვამუშავებდით.
ამავე, 2007 წელს სრულიად მოულოდნელად შევიტყვე, რომ ეკონომიკის სამინისტრო მაღაზიის გაყიდვას აპირებდა აუქციონზე, რომლის საბაზისო ფასი 1 მილიონი დოლარი იყო. ეს მოხდა ისე, რომ არავინ საქმის კურსში არ ჩამაყენა. მაღაზიის მიტაცებით დაინტერესებული იყო პირადად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახა დამენია, რომელიც ამჟამად "რუსთავი 2"-ის ფინანსური დირექტორია. მოვიწვიე ადვოკატები (ზაზა ხატიაშვილი და როინ მიგრიაული), მასმედია და საქმეში ჩავრთე ისრაელის ელჩი საქართველოში, რომელმაც დაურეკა კახა დამენიას და უთხრა, რომ სასწრაფოდ შეეჩერებინა აუქციონი. მან კი უპასუხა, ამ საკითხს დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრ გიორგი არველაძეს უნდა მიეღო. მინისტრი კი დაემალა ელჩს და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა. კახა დამენიამ ამ საქმეში გამოიყენა "ბაზისბანკი", რომელიც "საქწიგნის" დაქვემდებარებაში მყოფ რამდენიმე მეწარმის ქონებას დაეუფლა", - აცხადებს ხუხაშვილი.
როგორც ყოფილი ბიზნესმენი იხსენებს, მოხდა ისე, რომ "საქწიგნის" გენერალურ დირექტორ თამაზ ტაბატაძეს ეკონომიკის სამინისტრომ და პირადად კახა დამენიამ მოსთხოვა, "ნოტების" მაღაზია სასწრაფოდ ამოეღოთ საწესდებო კაპიტალიდან, რის შემდეგაც მისი გაყიდვა იგეგმებოდა.
"თამაზ ტაბატაძემ მომცა დრო მოსაფიქრებლად, რომ მიმეღო რაღაც ზომები, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, ამოეღო მაღაზია საწესდებო კაპიტალიდან და დაჯდა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. ეს მოხდა 2007 წლის 21 აგვისტოს, რის შემდეგაც დამენიამ გამოაცხადა აუქციონი უძრავ ქონებაზე, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ "მესაკუთრეში". აუქციონი 5 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. მანამდე სასწრაფოდ გავუგზავნეთ წერილი მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესა და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს. ვთხოვე შეეჩერებინათ აუქციონი და "ნოტების" მაღაზია, ეს უნიკალური კერა, ქართველი კომპოზიტორებისთვის არ დაეკარგათ. სამწუხაროდ, ვერაფერს გავხდი და ჩემი ქონება დაუდევრად გაასხვისეს.
მაღაზია გაიყიდა აუქციონზე 2 მლნ 20 ათას აშშ დოლარად, რომლის საბალანსო ღირებულებაც გახლდათ იმ დროისთვის დაახლოებით 34 ათასი ლარი (როგორც "საქწიგნის" მაღაზიის საბალანსო ღირებულება). "ნოტები" შეიძინა ბიზნესმენმა სულიკო ქოქოლაძემ და იგი მეუღლის, მზია კაკაბაძის სახელზე გააფორმა", - აცხადებს თამაზ ხუხაშვილი.
ამის შემდეგ დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა მაღაზიის დასაბრუნებლად, მაგრამ არც წინა ხელისუფლების დროს და არც ახლა, მან შედეგი ვერ გამოიღო. იყო პირველი პრესკონფერენციაც, ფაქტი გაშუქდა, მაგრამ რეალურად არაფერი შეიცვალა. ამაო გამოდგა მცდელობაც, შეხვედროდა კახა დამენიას და კომპენსაცია მოეთხოვა, მას დაზარალებულ ბიზნესმენთან შეხვედრა აზრადაც არ მოსვლია.
"ამასობაში კახა დამენიას მითითებით დაახლოებით 10-15 პირი შეიჭრა ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ მაღაზიაში, შეანგრიეს კარი, დალეწეს კედლები, დაანგრიეს ტიხარი, ჩამოყარეს დენის სადენები და მთელი ოფისი გაანადგურეს", - თამაზ ხუხაშვილის მცდელობას, ებრძოლა სამართლიანობის აღსადგენად, მოჰყვა მუქარა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, ოჯახი ისრაელში გაეხიზნა, ბოლოს კი თავადაც წასულიყო ქვეყნიდან.
თუმცა მანამდე ერთი სასამართლო პროცესის მოგება შეძლო. "სულიკო ქოქოლაძესა და მის მეუღლეს ვუჩივლე სასამართლოში, პროცესი მოვიგე კიდეც, მაგრამ გაასაჩივრეს და უკვე თვითონ მომიგეს. სამწუხაროდ, ხელმეორედ ვერ გავასაჩივრე, რადგან უკვე გავკოტრდი, მეორე ინსტანციაში გასაჩივრებას 8000 ლარამდე სჭირდებოდა, რისი შესაძლებლობაც არ მქონდა. დიდი იყო ალბათობა, რომ საქმე წამეგო, რის გამოც ვერ გავრისკე. დღეს უკვე ობიექტი მეორეჯერ გასხვისდა, რომლის მეპატრონეც გახდა სომხეთის მოქალაქე, რომელმაც მაღაზია გააქირავა.
რამდენიმე წლის შემდეგ, 2014 წელს შევიტანე პირველი განცხადება გენერალურ პროკურატურაში, 143 ფურცელი, წელიწადზე მეტი გასტანა და ძლივს განიხილეს. თუმცა გენპროკურატურამ გადააწერა ქალაქის პროკურატურას, ამ უკანასკნელმა რაიონის პროკურატურას და ასე გრძელდება დღემდე. ჩვენ მოვითხოვეთ კახა დამენიას მიმართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. პროკურატურის უსაფუძვლო და დაჟინებული მტკიცებით, საქმე სამოქალაქო დავას მიაკუთვნეს, რაც ნამდვილად არ არის ასე. როგორც ჩანს, კახა დამენიას ჰყავს მფარველი და აქვს გავლენაც... არც ერთ კანონში არ წერია, რომ ობიექტი 1 კვირაში უნდა დაიცალოს, სანამ საიჯარო ხელშეკრულების ვადა არ ამოიწურება", - განმარტავს ხუხაშვილი.
ახალი მთავრობის გულგრილობა
2004 წელს ბენდუქიძის მიერ გამოქვეყნდა ბრძანებულება, სადაც მითითებულია მუხლი 5.5, რაც ითვალისწინებს იმას, რომ მხოლოდ საწარმოს პრივატიზების შემთხვევაში შესაძლებელია ობიექტის გასხვისება.
"ჩვენ შემთხვევაში მოხდა არა საწარმოს პრივატიზება, არამედ უძრავი ქონების პრივატიზება, რაც გაზეთ "მესაკუთრეშიც" აღინიშნა. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ბენდუქიძის ბრძანება ვერ განხორციელდებოდა. ეს ვერ გაიგო ძველი თბილისის პროკურატურამ, კერძოდ, პროკურორმა გიორგი მიქაიამ, მისდამი დაქვემდებარებულმა პროკურორმა ლაშა ხარშილაძემ და გამომძიებელმა ქეთევან კულიჩიშვილმა, რომელიც, ფაქტობრივად, საქმეში არც იყო ჩახედული და მის მიერ მოწერილი პასუხი აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. საქმე გამოსაძიებლად გადაეცა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია მუხიაშვილს. ის დაგვპირდა, რომ თვითონ გამოიძიებდა ამ საქმეს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა, საბოლოოდ, 2016 წლის 2 სექტემბერს მთელი გამოსაძიებელი საქმეები (მიმდინარე წლის 30 მაისის, 11 ივლისის, 20 ივლისისა და 17 აგვისტოს განცხადებები, სადაც მოვითხოვ ზიანის ანაზღაურებას და დამენიას მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწყებას) გამოსაძიებლად გადაეცა ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსს, ვინმე დავით ქურდოვანიძეს. ამ უკანასკნელმა კი ქვემდებარეობით გადასცა განსახილველად რაიონული პოლიციის სამმართველოს #7 განყოფილებას, ხოლო მისი ხელმძღვანელის განკარგულებით დაეწერა გამოსაძიებლად გამომძიებელ ქეთევან კულიჩიშვილს.
ჩემი აზრით, კულიჩიშვილი დაინტერესებულია საქმის შედეგით და არ სურს ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ შემოწმების ჩატარება და სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრა. ჩემი უნდობლობა კულიჩიშვილის მიმართ გამოწვეულია მის მიერ მოწერილი დაუსაბუთებელი პასუხებით, სადაც განცხადებით ვითხოვ სხვა გარემოებების დადგენას, ხოლო პასუხი მოდის აბსოლუტურად არაადეკვატური შეტყობინებით", - ამბობს დაზარალებული.
გაცილებით ადრე, 2015 წელს ხუხაშვილმა ეკონომიკის მაშინდელ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართა. 2 თვეზე მეტხანს ელოდა პასუხს, საბოლოოდ კი სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტისგან, როგორც თავად ამბობს, მიიღო არაადეკვატური წერილი, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
"ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ პროკურატურამ გამოიყენოს ადეკვატური ზომები და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემს ადვოკატებს ვახტანგ თალაკვაძესა და როლანდ ასაკაშვილს წარდგენილი აქვთ ფაქტები, რაც დამენიას დანაშაულს გამოააშკარავებს. ის არის მოძალადე კაცი, რომელმაც ყველა ზომა მიიღო, რათა ჩემი ქონება წაერთმიათ.
2016 წლის 17 აგვისტოს გავგზავნე საჩივარი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის სახელზე და მეორე დღეს მივიღე პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ ეს საკითხი დაეწერა ეკონომიკის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას.
ძალიან ბევრს ვწვალობ, რომ ამ ბრძოლამ შედეგი მოიტანოს, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით ვერაფერს გავხდი. მოვითხოვ ასევე კომპენსაციას, რომელიც შეფასებულია სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროსა და აუდიტის სამსახურის დასკვნის მიერ და ჯამურად 210 000 აშშ დოლარს შეადგენს", - აცხადებს თამაზ ხუხაშვილი.
ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე სამართალდამცავ ორგანოებს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და საუბრობს იმ დარღვევაზე, რის საფუძველზეც ქვეყნის ოფიციალური უწყება ქონების მიტაცებისა და თაღლითური ქმედების უშუალო მონაწილე და მიმთითებელი გახდა.
"შპს "ნოტების" საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გარკვეული დაუინტერესებლობა იგრძნობა. ჩვენ ამ კონკრეტული მაგალითითაც დავრწმუნდით ამ უწყებებში მომუშავე ადამიანების უპასუხისმგებლობასა და არაპროფესიონალიზმში. წარდგენილ საქმეს მიეცა აბსოლუტურად სხვა საფუძველი, სხვა ინტერპრეტაცია, რამაც მისი განხილვა კიდევ უფრო გაართულა. ელემენტარულად, ვერ მოხერხდა, რომ გამოკვეთილიყო ეკონომიკის სამინისტროს ბრალეულობა. მან 2007 წელს დაუდევრად დაარღვია კანონი და შპს "ნოტებსა" და "საქწიგნს" შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება გააუქმა. ამისთვის სამინისტროს არანაირი სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა.
როცა "ქართული ოცნება" ქვეყნის სათავეში მოვიდა, გვეგონა, რომ შეასრულებდა დაპირებას და სამართლიანობას აღადგენდა, თუმცა სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. ფაქტია, რომ ქონებაწართმეული ადამიანების პრობლემის მოგვარება მდორედ მიმდინარეობს და პერსპექტივაც ჯერჯერობით არ იკვეთება", - აცხადებს ვახტანგ თალაკვაძე.
თამაზ ხუხაშვილი, თუ მისი კანონიერი მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, შიმშილობას აპირებს. როგორც ისრაელის მოქალაქე, წერილობით მიმართავს საქართველოში აკრედიტირებულ ყველა საელჩოს.
სამართლიანობის აღდგენა კი, როგორც "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებიდანაც ჩანს, არც მომავალი ხელისუფლების დროს იქნება პრიორიტეტული. მთავრობამ ამ პრობლემის დაძლევა ვერ მოახერხა და ეს აღიარა კიდეც.