არჩევნების შემდეგ ხალხი გაუფასურებას ელოდება, ფინანსისტები კი - სტაბილურობას
ნინო მეტრეველი
13.09.2016

ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ ერთ ადგილზე გაიყინა, არადა, ფინანსისტების ნაწილი წინასაარჩევნოდ ლარის გამყარებას ვარაუდობდა. ასეთი მოლოდინი იყო საზოგადოებაშიც. ის კი არა ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა ცოცვა-ცოცვით გაუფასურდა კიდეც. ამიტომ მოსახლეობა შიშობს, რომ არჩევნების შემდეგ ლარის გაუფასურება განახლდება, რადგან მათ ყველა იმედი გაუცრუვდათ და ირგვლივ ვერაფერ სანუგეშოს ვერ ამჩნევენ.

 ამ დროისთვის, ერთი დოლარი 2,31 ლარი ღირს. ხალხი თითქმის ყოველდღიურად ელოდება, რომ გაზაფხულზე დაწყებული თავბრუდამხვევი გამყარების პროცესი ისევ განახლდება და დოლარში აღებული კრედიტების მომსახურებაც გაუიაფდება. სპეციალისტები კი გაზაფხულის მსგავს გამყარების პროცესს აღარ ელოდებიან და გაუფასურებასაც გამორიცხავენ.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ივნისის დასაწყისში დევალვაციის პროცესი უცხოურ ვალუტაში დარეზერვების ნორმის გაზრდამ გამოიწვია.  დუნდუას აზრით, ეროვნულმა ბანკმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან მოკლევადიანი კრედიტების გამო, ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე ექმნებოდა.

"სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე შეიზღუდა მოკლევადიანი სესხები. როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში მოკლევადიან სესხებზე დარეზერვების ნორმა გაზარდა. ასეთი კრედიტები მოჭარბებულად გვქონდა, რომელიც ფინანსურ სტრაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ფაქტობრივად, ჩიხში შევდიოდით, ქვეყანა გაჯერებული იყო მოკლევადიანი ფინანსური სახსრებით, რომელიც შეიძლება, ერთ წამში გამქრალიყო.  2-3-თვიან გეგმაზე ხომ არ ააწყობ მაკროეკონომიკას? სწორად მოიქცა ეროვნული ბანკი, ზუსტად შეასრულა სავალუტო ფონდის რეკომენდაციები", - ამბობს დუნდუა და დასძენს, რომ სავალუტო ფონდი ყოველწლიურ კვლევებში აფრთხილებდა ეროვნულ ბანკს, რომ მოკლევადიან სესხებზე დარეზერვების ნორმა გაეზარდა.

"ეს ადრე არ გააკეთეს და ფაქტის წინაშე დააყენეს ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელი. მეტი მოთმენა არ შეიძლებოდა, ორ კვარტალში ბანკების საკრედიტო მომსახურების მხოლოდ 15 პროცენტი მოდიოდა გრძელვადიან სესხებზე, დანარჩენი მოკლევადიანი კრედიტია. 16 ივნისს შევიდა ძალაში ეს გადაწყვეტილება და 17 ივნისიდან ლარმა უკვე გაუფასურება დაიწყო. ახლა თანდათანობით დაიწყო გრძელვადიანი სახსრების ჩანაცვლება, ვინაიდან ფინანსური რესურსი ევროპაში ძალიან დაბალ პროცენტად იშოვება. ყველა შემთხვევაში შედეგი იქნება დადებითი", - ამბობს მიხეილ დუნდუა და დასძენს, რომ წლის ბოლოს ლატრის კურსი დოლარის მიმართ 2,20-2,25-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ახალი წლიდან კიდევ უფრო გამყარდება.

"გაუფასურებას ნამდვილად არ ველოდები. ლარი არჩევნების შემდეგ დაიწყებს დასტაბილურებას და გამყარებას", - ამბობს მიხეილ დუნდუა. 

მისი აზრით, ეროვნული ვალუტის გაჯანსაღების პროცესის დასაწყებად ეკონომიკური საფუძველი ნამდვილად არსებობს. კერძოდ, დუნდუას იმედი აქვს, რომ ბანკები გრძელვადიან ფინანსურ რესურსს შემოიტანენ. ამასთანავე, იზრდება ინვესტიციები და ტურიზმიდან შემოსავლები. რაც შეეხება ექსპორტს, შარშანდელთან შედარებით იგი შემცირებულია, მაგრამ გაზრდილია წინა წლებთან შედარებით, როდესაც ლარი გაცილებით მყარი იყო.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილიც დარწმუნებულია, რომ ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს, თუმცა იგი არც გამყარებას ელოდება და ამბობს, რომ კურსი ზუსტად ისეთია, რის შესაძლებლობასაც ქართული ეკონომიკა იძლევა.

"ის, რომ ეროვნული ბანკი აგვისტოში ორჯერ ჩაერია კურსის ფორმირებაში (ერთხელ დოლარი გაყიდა და მეორედ იყიდა), არაფერს ნიშნავს. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ვერ ვიტყვით, რომ ახლა კურსი ხელოვნურია. პირიქით, ეროვნულმა ბანკმა არ მისცა ეროვნულ ვალუტას მკვეთრი მოძრაობის საშუალება. სწორედ ასეთ პოლიტიკას ვითხოვდით ეროვნული ბანკისგან ბოლო ორი წელია და, ჩემი აზრით, ახლა ეროვნული ბანკი სწორ გზას ადგას. არაფერი განსაკუთრბული ნიშნები, რომ არჩევნების მერე ლარი გამყარდება ან გაუფასურდება, არ არსებობს", - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ცოტა ხნის წინ ეროვნული ვალუტის გამყარება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამაც იწინასწარმეტყველა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან პროგნოზის გაკეთება ფინანსური წრეებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

მისი თქმით, ლარიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია და ეს პროცესი 2016 წლის მარტიდან დაიწყო. "მას შემდეგ, რაც შარშან, წლის ბოლოს დოლარიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იგი ნელ-ნელა უკან იხევს. მნიშვნელოვანია, ეს ტენდენცია გაგრძელდეს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობა მუშაობს ლარიზაციის კომპლექსურ გეგმაზე, რამაც უნდა შექმნას ქმედითი სტიმულები ეკონომიკის ლარიზაციისთვის.  ეს არის ეკონომიკის სწრაფი და სტაბილური განვითარების აუცილებელი წინაპირობა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაგუას შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა და დღესდღეობით, დაახლოებით, 3 პროცენტის ფარგლებშია, თუმცა ეს კმაყოფილების საფუძველს არ იძლევა.

"პოზიტიურია დინამიკა სახაზინო ფასიან ქაღალდებზე.  მთავრობის ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი ქვეყნის ეკონომიკისადმი და მისი მაკროეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობის კარგი საზომია. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს უფრო სანდო და სტაბილურ ეკონომიკას. 5-6 პროცენტული პუნქტით დაიკლო საპროცენტო განაკვეთმა სხვადასხვა ვადიანობის მიხედვით.  შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა გრძელვადიან (5-წლიან) ფასიან ქაღალდებზე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას მაღალი სანდოობა აქვს", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ წლის ბოლოს ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,2-2,25-ის ფარგლებში იქნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×