თაკო მათეშვილი
14.09.2016

ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა,  შინაგან საქმეთა მინისტრმა და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ამაზე უკვე არაერთხელ ისაუბრეს.

თუმცა, აღნიშნული განცხადებების მიუხედავად, პოლიტოლოგები შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავენ და მიიჩნევენ, რომ როგორც ყოველთვის, არჩევნების წინ, ხელისუფლება ახლაც თავს იზღვევს და ამ განცხადებებს მხოლოდ იმის გამო აკეთებს, რომ ოპონენტებს მსგავსი რამის ჩაფიქრებაც კი გადააფიქრებინონ. ხალხს კი დაანახვონ, რომ მუშაობენ და წინასაარჩევნოდ ამითაც ქულები მოიპოვონ.

 თავდაპირველად, რამდენიმე დღის წინ საკითხი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წამოჭრა. მან შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ნებისმიერი პროვოკაცია თავიდან იქნას აცილებული.

მალევე პრემიერზე ბევრად მწვავე განცხადებები გააკეთა  "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. იგი დარწმუნებულია, რომ არჩევნებამდე პროვოკაციები რეალურად არის მოსალოდნელი. გამართულ ბრიფინგზე მან ისიც აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით მასშტაბი დიდი არ არის, თუმცა დინამიკა მზარდია.

აქვე მან რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, რა დროსაც, კობახიძის თქმით, "ოცნების" კანდიდატებს მოსახლეობასთან შეხვედრისას "ნაცმოძრაობის" კანდიდატების ახლობლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი იმაშიც დარწმუნებული არიან, რომ "ნაცმოძრაობა" "მაიდანის" მოსაწყობად ხელსაყრელ მომენტს ელის. სიტუაციის არევის შესახებ განკარგულებებს კი ოდესიდან იღებს და რაც უფრო მწვავე, ტრაგიკული და ხმაურიანი იქნება ეს შემთხვევები, მათთვის მით უფრო ხელსაყრელია.

"არაა გამორიცხული, თვითდაზიანებები მიიყენონ, თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ. არც ისაა გამორიცხული, სააკაშვილი ოდესიდან გვამებსაც კი ითხოვდეს სიტუაციის დასაძაბად. ეს აპრობირებული სასტიკი პოლიტიკური მეთოდებია, რომელიც "ნაცმოძრაობას" ხშირად გამოუყენებია.

"გაიხსენეთ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სატელეფონო საუბრები - იქნებ ფეხმძიმე ქალი მოკვდეს, რომ ხალხი აღელდესო. ასე რომ, ეს გეგმები აქვთ და მცდელობები აუცილებლად აღიკვეთება. ამიტომაც ვამბობთ, რომ არც კი სცადონ," - აღნიშნა მაშინ "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ.

თემა კიდევ უფრო აქტუალური შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელმა განცხადებამ გახადა. ამბობს, რომ უწყებას აქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი პარტია არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც პროვოკაციებს აპირებს.

გიორგი მღებრიშვილმა დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ უწყება ამ მიმართულებით მობილიზებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია ყველა ძალა და რესურსი, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდეს", - დასძინა მინისტრმა.

ამ განცხადებიდან ცოტა ხანში კი პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შს მინისტრს ამ ყველაფრის თქმის საფუძველი ჰქონდა.

თემას მალევე გამოეხმაურა ოპოზიციაც. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა შს მინისტრს კონკრეტული ფაქტების დასახელებისაკენ მოუწოდა. სხვა შემთხვევაში კი, მისი აზრით, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება.

"ამაზე საუბარი კი არა, ქმედებაა საჭირო და გამოვლენა, თუ ვინმემ რამე იცის," - აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეფასებაში ბევრად მკაცრი იყო "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველი ათეულის წევრი, ელენე ხოშტარია.  ამბობს, რომ ხელისუფლება პროვოკაციებს ოპონენტებს თავად უწყობს.  შინაგან საქმეთა სამინისტრო კი საგანგაშო კრიმინოგენულ ვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და არა პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე.

"შს მინისტრი არის უმნიშვნელივანესი ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ამ ინსტიტუტის პოლიტიზირება არის სერიოზული პრობლემა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ამიტომ მის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ უფრო საგანგაშოა," - აღნიშნა ხოშტარიამ.

პოლიტოლოგი, ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი დარწმუნებულია, რომ მთავრობის წარმომადგენლების ეს განცხადებები "ნაციონალური მოძრაობისთვისაა" განკუთვნილი, რადგან ხელისუფლება მთავარ კონკურენტად მას მიიჩნევს.

მისი აზრით, როცა გარკვეული ინფორმაცია არსებობს, შესაბამისი ჯგუფები ამაზე ჩუმად მუშაობენ და ხმამამღალი განცხადებები არ კეთდება. ასეთი საჯარო განცხადებები კი, კიკიანის თქმით, უფრო პიარ-კამპანიას ემსახურება და რეალობასთან საერთო ნაკლებად აქვს.

შს მინისტრს გარკვეული ინფორმაცია მართლაც აქვს და "საქმის კეთების ნაცვლად დროს ლაპარაკში ხარჯავს", კიკიანის აზრით, ცალკე პრობლემაა.

"ასე საჯარო განცხადებებით სიმართლე რთული დასადგენია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილია. ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდათ მოსახლეობას აჩვენონ, რომ შრომობენ და ერთ ადგილას გაჩერებული არ არიან," - ამბობს კიკიანი.

ამასთანავე, იგი ეჭვქვეშ აყენებს იმ მოსაზრებასაც, რომ შესაძლოა რომელიმე ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნოდ ან თუნდაც არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციით იყოს დაინტერესებული და დასძენს, რომ ამით, პირველ რიგში, არა ხელისუფლება ან რომელიმე კონკრეტული პარტია, არამედ ქვეყანა და მოსახლეობა ზარალდება.

შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ დესტაბილიზაციის შემთხვევაში ქვეყანაში აღარც ინვესტიციები შემოვა და საერთაშორისო ასპარეზზეც შეგველახება იმიჯი, კიკიანი მიიჩნევს, რომ ამით, პირველ რიგში, რუსეთია დაინტერესებული.

მთავრობის წარმომადგენლების ქმედებას თადარიგის დაჭერას უწოდებს პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა და აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები გასული 25 წლის განმავლობაში ყოველი არჩევნების წინ კეთდებოდა - შევარდნაძის დროსაც, "ნაცმოძრაობის" დროსაც და ახლაც.

მიიჩნევს, რომ ეს სულაც არაა გასაკვრი ჩვენნნაირი განვითარებადი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში. ასე რომ, მისი აზრით, ეს ბუნებრივია და ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა არც ღირს.

კვესელავა ბუნებრივად მიიჩნევს იმასაც, რომ არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი არ ასახელებენ, თუ რა ინფორმაციას ფლობენ და კონკრეტული ფაქტების შესახებ არ საუბრობენ. მისი აზრით, არასერიოზულიც კი იქნებოდა, პრემიერს ჟურნალისტებთან ამ საკითხებზე ესაუბრა.

"ამაზე შსს-ს სპეციალური სამსახურები მუშაობენ და მათ გარკვეული ინფორმაციაც ექნებათ. შს მინისტრისა და პემიერის განცხადებები ერთგვარი პრევენციაა იმისა, რომ ეს არ მოხდეს. თუ მოხდება, სათქმელი ექნებათ - ხომ ვამბობდითო.

"ასე რომ, მიმაჩნია, ესაა სერიოზული გაფრთხილება იმ პარტიების მიმართ, რომლებიც ამაზე ფიქრობენ," - აცხადებს კვესელავა.

კვესელავა იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ  თავად ოპოზიციური პარტიებიც აცხადებენ წინასწარ, რომ თუკი არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება, გამოსვლებსა და აქციებს მოაწყობენ. ფიქრობს, რომ ზოგიერთ პარტიას კონკრეტული გეგმებიც კი ექნება.

თუმცა, იმასაც დასძენს, რომ წინა არჩევნების დროსაც ოპოზიცია ყოველთვის იმავე განცხადებებს აკეთებდა. ამასთანავე, კვესელავა დარწმუნებულია, რომ ამის გაკეთების რესურსი მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. სხვა პარტიებს კი ამის არც ფინანსები გააჩნია და არც სათანადო მხარდაჭერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×