ნინო ქეთელაური
15.09.2016

ინტერნეტში სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს "გირჩის" იმ წევრების პოზიციის გამო საყვედურობს, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" კოალიაციაში ყოფნის სურვილს ეხება. ჩანაწერში ბურჭულაძე პასუხობს, რომ "მსგავსი რამ არ ხდება".

 აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი მიმოწერისა და ტელეფონით საუბრის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ პაატა ბურჭულაძესთან მსგავსი საუბარი შედგა. მისი თქმით, ჩანაწერი დამონტაჟებულია, რადგან მასში ამოჭრილია ის ფრაზა, როცა ბურჭულაძე ამბობს, რომ ის არც სააკაშვილის არის და არც ივანიშვილის.

"ეს ბატონმა პაატამ არაერთხელ გაიმეორა და თუ ამ საუბარში ეს არ არის, უკანონო ჩაწერასთან და გამოქვეყნებასთან ერთად, დამონტაჟებულიც არის. ეს შედის იმის ინტერესში, ვინც ცდილობს აჩვენოს, რომ პაატა ბურჭულაძე არის სააკაშვილთან, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული. ეს ძალა არის ხელისუფლება, ვის ინტერესშიც ეს შედის," - განაცხადა გვარამიამ.

ჩანაწერის მოპოვება-გავრცელებაში პოლიტიკოსების ნაწილი "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს, ნაწილი კი თვლის, რომ ჩანაწერმა ბურჭულაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" კავშირი დაადასტურა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება არალეგიტიმური და არადემოკრატიული მეთოდებით ბრძოლას აგრძელებს.

"მოსმენები და შანტაჟი ხელისუფლების მხრიდან გახდა ნორმა. თან ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც პოლიციის დეპოლიტიზაციის და ადამიანის უფლებების დაცვის ლიზუნგით მოვიდა. დაუშვებელია მსგავს მეთოდებთან შეგუება, დაუშვებელია, რომ სუსი იყოს მთავარი პოლიტიკური მოთამაშე. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ ასეთ მეთოდებზე, გავაუქმოთ პოლიტიკური პოლიცია და დავასრულოთ პირად ცხოვრებაში ჩარევა და შანტაჟი," - განაცხადა ხოშტარიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სატელეფონო საუბრის ჩანაწერის მოპოვებასთან კავშირს უარყოფენ და ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. სუს-ის განცხადებით, ჩანაწერის მოპოვება-გავრცელების საკითხს გამოძიება დაადგენს.

"ქართული ოცნების" ინტერესებში მისთვის არაფრის მომცემი ხმაურის შექმნა არ შედის," - ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ჩანაწერს "ქართულოი ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია. მისი თქმით, ფორმასა და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხებს გამოძიება გასცემს.

"პოლიტიკურ მხარეებს სურთ, აქცენტი საუბრის შინაარსზე არ გაკეთდეს და ყურადღება მხოლოდ ფორმაზე გადავიტანოთ. ჩვენთვის ორივე საყურადღებოა. ახალი არაფერია - ვხედავთ, რა პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს პაატა ბურჭულაძის პარტიაში, მაგრამ მავანთათვის საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორ ხდება, რომ ერთ-ერთი კერძო ტელეკომპანიის დირექტორი, რომელიც სტანდარტებზე, პლურალიზმზე, მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს, ცდილობს მართოს პოლიტიკური პროცესი და დავალებები მისცეს ერთ-ერთი კოალიციის წარმომადგენელს," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"დარწმუნებული ვარ, ის ჩანაწერი, რაც დღეს გამოქვეყნდა, ნიკა გვარამიას შემოქმედება და მისი მონტაჟია," - განაცხადა "ქართული ოცნების" კიდევ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, "რუსთავი 2" რომ პოლიტიკური მედიასაშუალებაა და არა თავისუფალი და დამოუკიდებელი, ეს თავად ნიკა გვარამიამ დაადასტურა.

"ის, რომ პაატა ბურჭულაძე თავისი კოალიციით არის "ნაციონალური მოძრაობა 2", ესეც ყველასთვის ცნობილია. დიახ, "ნაციონალური მოძრაობის", ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის ინტერესში შედის სტერეოტიპი, რომ "ისევ გვისმენენ" აქტუალური იყოს. დიახ, სწორედ ამიტომ გამოქვეყნდა დღეს, მით უმეტეს როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია ჩამობრძანდა და ბატონმა ნიკამ და პაატამ სიურპრიზად დაახვედრეს ეს ჩანაწერი," - განაცხადა სესიაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ რა ტონითაც ჩანაწერში ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს ესაუბრება, მედიის წარმომადგენელი პოლიტიკოსს არ ესაუბრება.

"ნიკა გვარამია, როგორც ბატონი ყმას, ისე ელაპარაკებოდა. სიცხვილია უბრალოდ," - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ჩანაწერის გავრცელებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გამოეხმაურნენ, სადაც განაცხადეს, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მსგავსი ჩანაწერების გაკეთება, შემდეგ მისი მედიის მიერ ტირაჟირება, ვინაიდან საქმე კონკრეტული პირების "პირად სივრცეს" ეხება. 

რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, "საერთოდ მოსმენები გულისამრევია". როგორც ის აღნიშნავს, მთავრობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ბურჭულაძის მოსმენა, ვიდრე გვარამიასი.

"ერთს უსმენდნენ თუ მეორეს, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ მოსმენები გულისამრევია და ამის გამოქვეყნება არ მიმაჩნია სწორად და სამართლიანად, მაგრამ ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია, ეს არის ხელოვნური ფსევდოოპოზიცია, შექმნილი ბიძინა ივანიშვილისა და შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელსაც ყოველდღიურად ტოვებენ მთავარი წარმომადგენლები," - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"ჩანაწერი ადასტურებს იმას, რომ პაატა ბურჭულაძე ვერავისთვის იქნება სანდო პარტნიორი და მით უმეტეს, საკუთარი ხალხისთვის," - ამის შესახებ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ჩანაწერებმა დაადასტურა, რომ ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი, ვერ შედგა და ეს გაერთიანება ერთი დიდი ბიზნესპროექტია.

აღნიშნულ ჩანაწერს კამპანია "ეს შენ გეხება" გამოეხმაურა. კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ უზრუნველყო როგორც ჩადენილი დანაშაულის ეფექტური გამოძიება, ასევე მოსმენების შესახებ სამართლებრივი სისტემის ძირეული რეფორმა, რათა დაცული იყოს თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. კამპანიამ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ჩანაწერის მოპოვება-გავრცელების საკითხი, მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავებისა და ხელისუფლების სხვა ორგანოების დანაშაულს გამოიძიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×