"სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრას, არ მივიდეს დაპირისპირებული ძალის წარმომადგენელი..."
გვანცა ღვედაშვილი
15.09.2016

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, იმ ადგილზე, სადაც ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების ამომრჩევლებთან შეხვედრა იქნება დაგეგმილი, სხვა ძალების წევრები და მათი მხარდამჭერები არ უნდა მივიდნენ.

 ამ ინიციატივას დადებითად შეხვდა პრეზიდენტი, თუმცა ოპოზიციური სპექტრის ნაწილს მიაჩნია, რომ მემორანდუმის გაფორმებას აზრი არ აქვს, თუკი არ იქნება ამის პოლიტიკური ნება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მანვე გასცა ბრძანება, რომ პარტიების მხარდამჭერებთან შეხვედრისას ადგილზე იმყოფებოდნენ შსს-ის თანამშრომლები, რათა ამით დაძაბულობა თავიდან აიცილონ.

"ჩვენ უარი ვთქვით კონტრაქციების ჩატარებაზე და მინდა გავაჟღერო, რომ მზად ვართ ამ კუთხით პოლიტიკურ ძალებს რაიმე სახის მემორანდუმიც კი შევთავაზოთ - არ ჩავატაროთ კონტრაქციები, ანუ იქ, სადაც ერთი პოლიტიკური ძალა ატარებს შეხვედრას თავის ამომრჩევლებთან, არ მივიდეს მასთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი.

"ეს იმისთვის არის საჭირო, რომ თავიდან ავიცილოთ შეხლა-შემოხლა. სწორედ ამიტომ მე გავეცი ბრძანება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდენი წარმომადგენელი იყოს იქ, რომ თავიდან ავიცილოთ დაძაბულობა. რა თქმა უნდა, ზეწოლაზე არ არის საუბარი და წარსულში დარჩა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებდა არჩევნებს. ასეთი რამ საქართველოში აღარ განმეორდება და არ არის საჭირო ახლა ალუზიები და პარალელების გაკეთება," - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მათი ამოცანა არჩევნებამდე მშვიდად მისვლა და არჩევნების პერიოდში სტაბილურობის შენარჩუნებაა.

"მაქსიმალურად მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, ჩავატაროთ ის და უზრუნველვყოთ, რომ როგორც პირველი ტურის, ასევე პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდი იყოს თავისუფალი ყველანაირი შეხლა-შემოხლისგან.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან კარგი იქნება პროვოკაციული ქმედებებისგან თავი შევიკავოთ. მე ეს მოვუწოდე, პირველ რიგში, ჩვენს მომხრეებს რამდენიმე დღის წინ და რა თქმა უნდა, ეს ეხება ოპოზიციასაც. თუ იქნება პროვოკაციული ქმედებები, უმჯობესია, რომ პოლიცია ჩადგეს იქ და თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, კომენტარი პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს და ყველანაირი რესურსი გამოიყენოს, თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმების მზაობა იქნება

"გვინდა პრეზიდენტის სახელით გამოვეხმაუროთ პრემიერის ინიციატივას, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიათა შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმების თაობაზე. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და ჩვენ მივიღოთ საეტაპო არჩევნები ქართული სახელმწიფოსთვის.

"ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ, თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის ასეთი მზაობა იქნება და ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამგვარი შეთანხმება შედგეს, რითაც მოგებული დარჩება უპირველესად ყოვლისა, ქართული სახელმწიფო და ქართველი ამომრჩეველი," - განაცხადა ჩიხრაძემ.

პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელენე ხოშტარიამ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება კვირიკაშვილის მხრიდან თვალების ახვევა და ფარისევლობაა, რადგან ყველაფრის წამომწყები თავად ხელისუფლებაა.

"მაშინ, როცა ხელისუფლება აქეზებს ძალადობას და არ სჯის მოძალადეებს, აბსოლუტურად არავინ აქცევს ყურადღებას იმას, რომ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან და თავს ესხმიან პოლიტიკური პარტიების ოფისებს. ეს არის ფარისევლობა. სუს-ი ზეწოლას ახდენს პოლიტიკურ ოპონენტებზე, რაღაც ჩანაწერებს აქვეყნებენ. ამ ყველაფერზე, ცხადია, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომელიც ამ დროს ფარატინა ქაღალდებს აფრიალებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას ესმოდეს და პასუხსიმგებლობას იღებდეს ამ პროცესებზე. შეაჩერონ ძალადობა და რეალურად დაკავდნენ იმ პრობლემებით, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. ამ პრობლემებს შორის კი არის ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება, პოლიტიზირებული პოლიცია, სუს-ის ისეთი როლი, როგორსაც ჩვენ ვხედავთ.

"რაღაც მითების შექმნასა და ქაღალდებში ძრომიალს მოეშვან. ეს არის თვალების ახვევა, რაზეა საუბარი, როცა ყველაფრის წამომწყებნი თავად არიან. ერთი საქმე მითხარით ოპოზიციის მიმართ ძალადობის, ზეწოლის ან აუდიოჩანაწერის გავრცელებისა, რომელიც გამოძიებულია. ხელისუფლება ქმნის ამ ვითარებას და შემდგომ ვიღაცის თვალის ასახვევად საუბრობენ რაღაც ინიციატივებზე. ეს არის ძალიან დიდი ფარისევლობა," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მემორანდუმთან დაკავშირებით "ეროვნული ფორუმის" წევრი მალხაზ ვახტანგიშვილი გვეუბნება, რომ პრემიერის იდეა კეთილშობილურია და პარტია ამ წინადადებას განიხილავს.

"პრემიერის იდეა, რა თქმა უნდა, კეთილშობილურია. "ეროვნული ფორუმი" ამ წინადადებას განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ საზოგადოებას. ჯერჯერობით მხოლოდ ამის თქმა შემიძლია," - აღნიშნა ვახტანგიშვილმა.

რაც შეეხება "თავისუფალი დემოკრატების" პოზიციას, ვიქტორ დოლიძის თქმით, მხოლოდ დოკუმენტების მიღება აღნიშნულ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ამისთვის მთავარი პოლიტიკური ნებაა. მანვე გვითხრა, რომ არჩევნების პერიოდში ქცევის კოდექსი თავის დროზე მისი ინიციატივით პარლამენტმა უკვე მიიღო, ამიტომ მემორანდუმის აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა მას მიემხრობა.

"თავის დროზე ჩემი ინიციატივით პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, მიიღო ერთგვარი ქცევის კოდექსი არჩევნებთან დაკავშირებით. კოდექსში დეტალურად არის გაწერილი ყველაფერი. იგი  ევროპარლამენტარებთან შეთანხმებით არის გაკეთებული, ამიტომ დამატებით რაღაცის მიღების აუცილებლობას ვერ ვხედავ, მაგრამ თუკი ასე თვლის პრემიერი საჭიროდ და მიაჩნია, რომ ეს მემორანდუმი ინციდენტების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს, რატომაც არა, თუნდაც ათი დოკუმენტი მივიღოთ, მთავარია პოლიტიკური ნება, რომ ხელისუფლებამ ან ნებისმიერმა სხვამ არ გაიმეოროს ის, რაც აქამდე ხდებოდა," - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×