თაკო მათეშვილი
15.09.2016

პოლიტოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია წინასაარჩევნოდ პარტიების რეიტინგებს აფასებს და ამბობს, რომ შედეგები, რომელთაც კვლევები დებენ, რეალობას ნაკლებად ასახავს.

მოგეხსენებათ, უკანასკნელი კვლევების მიხედვით, სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეიტინგი 30%-ს შეადგენდა. კაკაჩია ამბობს, რომ თუკი ეს მართლაც ასეა, პარტია პარლამენტში უმრავლესობით მოსვლას შეძლებს, თუმცა ივანიშვილის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 100 დეპუტატი ეყოლებათ, ფუჭია.

 კორნელი კაკაჩია: ერთია, რა რეიტინგს დებს პარტია საკუთარ კვლევაში და მეორეა რეალობა. პარტიების ნათქვამი რეალობასთან არ უნდა გავაიგივოთ, ისევე როგორც ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები, რადგან საზოგადოებრივი კვლევის მიზანი ხალხის აზრის ძირითადი მიმართულების გამოკვეთაა.

ვერც ერთ კვლევას ვერ ექნება იმის პრეტენზია, რომ იგი აბსოლუტურად სწორ სურათს დებს, მით უმეტეს, პარტიების მიერ ჩატარებულს. ზოგიერთი პარტია ონლაინგამოკითხვებს ატარებს, რომელთაც ძირითადად თავიანთი მომხრეები ნახულობენ და ავსებენ.

"რეზონანსი": სახელისუფლებო პარტიის 30%-იანი რეიტინგი, განსაკუთრებით არჩევნებამდე დარჩენილ ასეთ მცირე დროში რამდენად ნიშნავს იმას, რომ მას გამარჯვების შანსი აქვს?

კ.კ: თუ მათ ნათქვამს დავიჯერებთ და ეს 30% ნამდვილად აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, უმრავლესობაში აღმოჩნდნენ. მით უმეტეს, თუ ამას მაჟორიტარობის კანდიდატებსაც დავამატებთ. კოალიციის დახმარებით ისინი ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას, ალბათ, მოახერხებენ, მაგრამ მათი მოლოდინი, რომ  აბსოლუტური უმრავლესობით მოვლენ ან პარლამენტში 100 დეპუტატს შეიყვანენ, ცოტა გაზვიადებული მგონია. ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს. მით უმეტეს, რომ სხვა კონკურენტ პარტიებსაც აქვთ გარკვეული რესურსები.

"რ": როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურ წინასაარჩევნო კამპანიებს ატარებენ პარტიები და პოლიტიკური ლიდერები, რამდენად მუშაობენ რეიტინგის გაზრდაზე?

კ.კ: რა თქმა უნდა, სასურველია, პარტიების მხრიდან მეტ აქტიურობასა და პროფესიონალიზმზს ვხედავდეთ. იმას ვგულისხმობ, რომ პარტიებს ჰქონდეთ გარკვეული კვლევითი სტრუქტურები, რომლებიც არა მხოლოდ არჩევნების დროს იმუშავებენ ამომრჩეველთან, არამედ მას შემდეგაც.

რამდენიმე ძირითად პარტიას თუ არ ჩავთვლით, სხვა პარტიებს ამის საშუალება არ აქვთ. ამიტომ, მათ ამომრჩევლის ნების გაგება უჭირთ. ეს სოცილოლგიურ კვლევებშიც აისახება, რადგან, როგორც ვნახეთ, საკმაოდ დიდი იყო ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის როდენობა. მართალია, ბოლო პერიოდში ეს შემცირდა, მაგრამ რაც უფრო იაქტიურებენ პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა სოციალური ფენისა თუ ინტერესთა ჯგუფების ნებას გამოხატავენ, მით უფრო მეტია შანსი, რომ მხარდაჭერა მიიღონ.

დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში პარტიები კიდევ უფრო გააქტიურდებიან და მერე უკვე ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუ რომელი მათგანის მოქმედება იქნება წარმატებული. ეს მხოლოდ ფინანსურ საკითხებთან არაა დაკავშირებული. საჭიროა, პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ იმ სოციალური და ინტერესთა ჯგუფების იდენტიფიცირება, რომლებიც მათ სავარაუდოდ მხარს უჭერენ.

"რ": ანუ, წინასაარჩევნო კამპანიას რეიტინგის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს და მან შესაძლოა, დასაწყისისათვის არსებული სიტუაცია მკვეთრად შეცვალოს?

კ.კ: რა თქმა უნდა. თუმცა ქართველი ამომრჩეველი იმასაც დიდ ყურადღებას აქცევს, თუ ვინაა პარტიის ლიდერი, რა გაუკეთებია მანამდე, რამდენად ცნობადია მისი პარტია, რამდენად ეფექტურია მათი პოლიტიკური გზავნილები და ა.შ. მთავარი კი სანდოობაა. სანდოობის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ამომრჩეველი ფუჭი დაპირებებისაგან გადაიღალა, რომლებიც ბოლო 25 წლის განმავლობაში პარტიებისგან ესმის. თანაც, რაც მთავარია,  ამ დაპირებების დიდი ნაწილი ერთი და იგივეა და ეს ამომრჩევლის მხრიდან უდნობლობას ხელს უწყობს.

რაც უფრო მეტი ახალი გზავნილი და შემოთავაზება იქნება პოლიტიკური პარტიების მხრიდან, მით უკეთესია, მაგრამ ეს გზავნილები საზოგადოების ინტერესებს უნდა პასუხობდეს. თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ლიდერს დიდი მნიშვნელობა აქვს. ივანიშვილის ან თუნდაც სააკაშვილის ფაქტორი, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით დიდ როლს თამაშობს.

სხვა პარტიებიც ძირითადად მაინც ლიდერთან ასოცირდება, მათ პოლიტიკურ წარსულთან და არა პოლიტიკურ პლატფორმებთან, ეკონომიკურ ხედვასთან თუ სოციალური საკითხების მიმართ მიდგომებთან. ესაა ის, რისი მიხედვითაც საზოგადოების დიდი ნაწილი პარტიებს აფასებს.

"რ": საარჩევნო პროგრამას რა როლი უკავია პარტიების რაიტინგის განსაზღვრაში?

კ.კ: განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში ესაა ის კომპონენტი, რაც პარტიის წარმატებას განსაზღვრავს. თუმცა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელები საკმაოდ განვითარებულია და საზოგადოების დიდ ნაწილს პარტიების პროგრამებზე ხელი მარტივად მიუწვდება, ეს გარდამტეხ მომენტად მაინც ვერ იქცა.

ამას ობიექტური მიზეზებიც ქვს და სუბიექტურიც. ობიექტური მიზეზი ისაა, რომ საზოგადოების ნაწილი ბოლომდე არაა გათვითცნობიერებული იდეოლოგიებში, ან ეკონომიკურ გათვლებში და, გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩეველს შორის ე.წ. "ხიდჩატეხილობის" პრობლემა არსებობს, რადგან პარტიებიც ვერ აწვდიან ამომრჩეველს ინფორმაციას თავისი პლატფორმის შესახებ ისე, როგორც ეს საჭიროა.

ასე რომ, ამ კუთხით ორივე მხირდან ბევრია გასაკეთებელი, თუმცა მთლიანობაში ყველაფერი ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებასთანაა დაკავშირებული. ამას კი დრო სჭირდება.

"რ": პოლიტიკურ პარტიებში გადაჯგუფება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არც ისაა გამორიცხული, რომ კიდევ გაგრძელდეს.  როგორ ფიქრობთ, ამ გადაჯგუფებითა და შერწყმით პარტიები უფრო მეტ ამომრჩეველს იძენენ თუ კარგავენ?

კ.კ: რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს. თუნდაც პაატა ბურჭულაძის შემთხვევა ავიღოთ - საზოგადოების დიდ ნაწილს მისი კოალიციაში გაერთიანება არ მოეწონა. ამან გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია. სხვა პარტიებთან გაერთიანებამ შეიძლება გარკვეული უკურეაქცია გამოიწვიოს, რადგან კოალიციების შემთხვევაში ხშირია, როცა ვიღაცას ერთი პარტია მოსწონს, მაგრამ მეორე - არა.

ამ ყველაფრის თვალნათელი მაგალითი იყო ის, რაც ამ პარტიაში მოხდა - პოლიტიკოსების ნაწილმა პარტია ზუსტად ამ მოსაზრების გამო დატოვა და მსგავსი მოსაზრება საზოგადოებაშიც შეიძლება არსებობდეს.

"რ": ბურჭულაძის პარტია მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ფაქტობრივად ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშრებით, რომ იგი წევრებმა დატოვეს. ზოგიერთმა მათგანმა ეს სკანდალური განცხადებების ფონზე გააკეთა. გუშინ კი პაატა ბურჭულაძისა და ნიკა გვარამიას საუბრის ფარული ჩანაწერიც გამოქვეყნდა. როგორ ფიქრობთ, უშუალოდ მისი და მისი პარტიის რეიტინგი საარჩევნო კამპანიამ გაზარდა თუ შეამცირა?

კ.კ: კვლევის გარეშე ამაზე ზუსტი საუბარი რთულია, თუმცა ფაქტია, რომ პოლიტიკაში შემოსვლისას მისი პირადი რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო. ახლა კი საკითხავია, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, რამდენად შეძლო მან ამ რეიტინგის შენარჩუნება.

ეს მისთვის გარკვეული გამოწვევაა და საინტერესოა, რამდენად გაართმევს თავს ამ პრობლემას. თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები და თუნდაც ივანიშვილის განცხადებები ცხადყოფს, რომ იგი სერიოზულ კონკურენტად განიხილება, რომელსაც პარლამენტში საკუთარი ჯგუფის გაყვანის სერიოზული შანსი აქვს.

"რ": ბოლო დღეების განმავლობაში პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მხირდან არაერთი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პარტიები სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ და პროვოკაციებსაც გეგმავენ. როგორ ფიქრობთ, ეს უბრალოდ პრევენციული ხასიათის განცხადებებია, თუ ამის საშიშროება ქყევანაში მართლაც დგას?

კ.კ: თითქოს ამის საბაბი არ არსებობს, თუმცა აქ სხვა რამაა მნიშვნელოვანი - თუ რა როლი აქვთ საქართველოში უსაფრთხოების სამსახურებს. ანუ, ისინი პოლიტიკოსებს უსმენენ თუ არა. გარკვეული ეჭვი არსებობს, რომ ამ ყველაფრის უკან შეიძლება უსაფრთხოების სამსახურები დგანან. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ 2012 წელს გაცემული დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ უშიშროების სტრუქტურები პოლიტიკურ საქმიანობაში არ ჩაერევიან და პოლიტიკოსებს არ მოუსმენენ, არ შესრულდა.

აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ამ სტრუქტურების რეფორმა განხორციელდა, ყალბია. ამ კუთხით უფრო მნიშვნელოვანია სზოგადოების ყურადღების კონცენტრირება, რათა იგივე შედეგები არ მივიღოთ, რაც წინა ხელისუფლების პირობებში გვქონდა - როცა ხელისუფლება ამ სტრუქტურებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის, განსკუთრებით კი ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყენებდა.

"რ": დღეს გავრცელებული ჩანაწერებიც ამის მაგალითია?

კ.კ: რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს. დღეს საქართველოში არავის აქვს ამის საშუალება, თუკი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს არ ჩავთვლით, რომელთაც ვფიქრობ, დიდად არ აინტერესებთ, თუ რაზე ისაუბრებენ ამა თუ იმ პარტიის ლიდერები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გარკვეული ეჭვი ჩნდება, რომ ხელისუფლება ცდილობს ეს რესურსები პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენოს და საზოგადოებრივ განწყობებზე გავლენა იქონიოს.

ეს კი, მთლიანობაში, საარჩევნო პროცესს ხელს, რა თქმა უნდა, არ უწყობს და ეს იმ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებში, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდს უკვე აკვირდებიან, ალბათ აისახება კიდეც.

"რ": რაზე იქონიებს გავლენას მათი ანგარიშები და ზოგადად ამ არჩევნების შედეგები? რა არის დამოკიდებული მასზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო ასპარეზზე? თუნდაც ვიზალიბერალიზაცია, რომლის პროცესის დასრულებასაც უახლოეს მომავალში ველით, რამდენადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება არჩევნები?

კ.კ: ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ თითოეულ არჩევნებს აფასებენ, როგორც ძალიან მნიშვნელოვანს. ამიტომაც მეჩვენება, რომ ეს რიტორიკა, ცოტა არ იყოს, გაცვდა. თუმცა, ამ შემთხვევაში ასე არაა, რადგან 2012 წელს, როცა პირველად ჩატარდა არჩევნები, რა დროსაც ხელისუფლება უსისხლოდ შეიცვალა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი გაზარდა. ახლა ამ იმიჯის გამყარებაა ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ამისთვისაა საჭირო მეორე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ექსცესების გარეშე, დემოკრატიულ გარემოში  ჩაივლის.

თუ ასე მოხდა, საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციისა თუ ნატო-სთან დაახლოების საკითხების მოგვარება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი გაჩნდა ეჭვი, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლება პოლიტიკური მაქინაციებით ერეოდა. იმედი მაქვს, რომ ეს ხელისფლებასაც და ოპოზიციასაც კარგად ესმის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×