საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს მორიგ ბრალდებას უყენებს. ამბობს, რომ შეიძლება, მის უსაფრთხოებას პრობლემა შეექმნას და ამაში ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს. აცხადებს, რომ ამის შესახებ ყველა მხრიდან უთვლიან.
ელისაშვილს ბრალდებებს პასუხობს მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი გიორგი კვირიკაშვილი და მას პროკუტურაში მისვლას ურჩევს. "ქართული ოცნების" პოლიტ-საბჭოს წევრ ეკა ბესელიას კი ელისაშვილის განცხადებების არ სჯერა და ამას მის მორიგ ფანდად აფასებს.
"ყველა მხრიდან მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ მე რაღაც დამმართონ და გამანეიტრალონ. ამას მითვლიან "ოცნებიდან", შსს-დან, უშიშროებიდან ნაცნობ-უცნობები, ახლობელ-ნაკლებ ახლობლები. მირჩევენ, ვიარო ფრთხილად... თავის მოკვლას არ ვაპირებ, შანსი არაა - თუ ასე გამოაცხადეს ჯი-დი-ეს-მა და სხვებმა, ე.ი. ეს იყო გეგმა და არ დაიჯეროთ. დანარჩენზე კიდევ მეცინება. ჩემს ქალაქში ფეხისწვერებზე სიარულს არ ვაპირებ, დავდიოდი და ვივლი ფეხით, თამამად და გულიანად. თუ უბრალოდ ჩემი შეშინება გინდათ, ამაოდ ირჯებით," - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ელისაშვილი.
დამატებით დეტალებთან დაკავშირებით გუშინ "რეზონანსი" ელისაშვილთან დაკავშირებას მთელი დღის განმავლობაში შეეცადა, თუმცა მან არც ჩვენს ზარებს და არც ესემეს შეტყობინებას არ უპასუხა.
შესაბამისად უცნობია, შეიტანას თუ არა იგი პროკურატურაში სარჩელს. მოგვიანებით მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ არაფერს ამტკიცებს და არავის აბრალებს.
"მე არაფერს ვამტკიცებ და არავის არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ გუშინ მთელი დღე მაფრთხილებდნენ ყველა მხრიდან და ერთსა და იმავე ტექსტს მეუბნებოდნენ - რომ ფრთხილად ვიყო და რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ ჩემი განეიტრალებით პირადად "სოლოლაკის იმპერატორია" დაინტერესებული. ათმა ადამიანმა მაინც მითხრა გუშინ ერთი და იგივე ტექსტი. ჰოდა, ამიტომაც დავწერე. მე არც დაცვით დავდივარ, არც ციხე-სიმაგრეში ვცხოვრობ, და არც არავის მეშინია კიდევ. ჩემი ერთდაერთი დაცვის საშუალება და პრევენცია ხმამაღლა თქმაა. ესაა და ეს.
"კიდევ ის - გია ვოლსკი რომაა ჩუღურეთის მაჟრიატარობის კანდიდატი და ასინეთასავით რომ იწყევლება, მაგ კაცს გადაეცით, რომ ჩუღურეთში ხალხს სახლები თავზე ენგრევა და მაგაზე იფიქროს, არჩევნები 3 კვირაშია და მივიდეს, ხალხს დაელაპარაკოს და ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის გეგმა შესთავაზოს. ხოლო უზნეო პოლიტიკოსები საკუთარი საარჩევნო სიის ოცეულში მიათვალიერ-მოათვალიეროს", - წერს ელისაშვილი.
ელისაშვილის განცხადებას პასუხობენენ "ქართულ ოცნებაში". პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მას პროკურატურაში მისვლას და სარჩელის შეტანას სთხოვს.
"თუ ასეთი რამ არის, მას აქვს სრული უფლება და მე ვთხოვდი, მისულიყო პროკურატურაში და გაეკეთებინა განცხადება. თუ იქნება რაიმე საშიშროება, რა თქმა უნდა, რეაგირებას გააკეთებენ სამართალდამცავი უწყებები. მას აქვს ამისი სრული უფლება, თუ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდება, ეს უნდა გააკეთოს. ჩვენ გვახსოვს წარსულში განცხადებები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან და შემდეგ ასეთი რამ არ დადასტურდა. მე არ ვამბობ, რომ ეს იგივე შემთხვევაა, მაგრამ თუ არის ასეთი რამ, ყველას აქვს უფლება, მივიდეს და ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს," - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ეკა ბესელია კი ელისაშვილის ამ განცხადებას მორიგ ფანდად მიიჩნევს და მისი არც ერთი სიტყვის არ სჯერა.
"ელისაშვილი ჩემთვის არის კომიკური ფიგურა, მატყუარა. ადამიანი, რომლისაც ერთი სიტყვა არ შეიძლება დაიჯერო. მას მუდმივად აქვს მოთხოვნილება, რომ მის ირგვლივ შექმნას რაღაც ისტორია, მოყვეს შეთხზული სცენარი და აღმოჩნდეს გარკვეული ყურადღების ცენტრში.
"მას შემდეგ, რაც დადასტურდა რამდენად იაფასიანი და განზრახ ცრუ-ცილისწამებლური განცახდებებით იყო რამდენიმე თვის განმავლობაში ეთერებში, ალეკო ელისაშვილის განცხადება როგორ შეიძლება ვინმემ სერიოზულად აღიქვას?! ეს არის კომიკური ფიგურა, გაკოტრებული პოლიტიკოსი, რომელიც ახლა ამ ძალიან იაფფასიანი მორიგი მდარე სტატუსებითა და კომენტარით იპყრობს საზოგადოების ყურადღებას," - გვითხრა ბესელიამ.
"რეზონანსის" კითხვაზე, რომ შესაძლო თავდასხმაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, ბესელია გვპასუხობს: "რა მნიშვნელობა აქვს, ვის დაადანაშაულებს?! აბა მიხეილ სააკაშვილს ხომ არ დაადანაშაულებს?! ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელის ბიჭი - მატყუარა, ფლიდი და კომიკური ადამიანი".
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მიმართ ელისაშვილმა სკანდალური განცხადება გასულ წელსაც გააკეთა. მაშინ ელისაშვილმა მანანა კობახიძე და ეკა ბესელია კორუფციულ გარიგებასა და მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში ეს ადამიანები ურეკავდნენ მას და ე.წ. "კოკაინის საქმეზე" დაკავებული პატიმრების შეწყალებას სთხოვდნენ.
"ცდილობდნენ ჩემზე ზეწოლას, რომ კონკრეტული პატიმრები გაგვეთავისუფლებინა და მათი საქმეები რიგგარეშე ყოფილიყო განხილული გამომდინარე იქიდან, რომ ეს პატიმრები კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ. სწორედ ამ პოლიტიკოსებზე მე მივიღე ინფორმაცია ძალიან სარწმუნო წყაროდან, რომ მათ ჰქონდათ წინასწარ 200 ათასი დოლარი აღებული. სანაცვლოდ ისინი ოჯახის წევრებს პატიმრების გათავისუფლებას დაჰპირდნენ. თუკი ეს მოხდებოდა, შემდეგ ისინი მილიონნახევარს აიღებდნენ . მე ეს ინფორმაცია ძალიან სერიოზულმა ადამიანმა მომაწოდა, ის ადამიანი დღესაც მაღალი თანამდებობის პირია . ამის შემდეგ მე ეს ინფორმაცია მივაწოდე პრეზდენტის ადმინისტრაციის უფროსს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და რაც მთავარია მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს. მირეკავდნენ , მიგზავნიდნენ მესიჯებს. ძალიან კატეგორიულს და მოითხოვდნენ ჩემგან, რომ მე აუცილებლად ჩამესვა განხილვაში ეს ხალხი," - განაცხადა მაშინ ალეკო ელისაშვილმა.
მაშინვე ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეში დაიდო დასკვნა, რომ ფაქტი არ დადასტურდა.